რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
11 დეკემბერი მამა თეიუმაზ ქორიძის დაბადების დღეა. სიყვარულის მოძღვარი 32 წლის გახდებოდა...
„როგორც მიყვებიან - ლამფის შუქზე დავიბადე ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ სამშობიაროში.
სიტყვა „პრესტიჟულმა“ არ დაგაბნიოთ, ეს ისე... დღევანდელობას უხდება, თორემ მაშინ ერთადერთ პრესტიჟად პურის ურიგოდ ყიდვა ითვლებოდა. დავიბადე და..." - ამბობდა მამაო...
წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარში, მამაოს სახელზე, წუხელ, წირვა აღევლინა. ახალგაზრდა მოძღვარი ამ ტაძრის ეზოშია დაკრძალული.
***
მამა თეიმურაზი 2024 წლის 21 აგვისტოს შეუერთდა მარადისობას. ის ფილტვების დაზიანებით შეიყვანეს საავადმყოფოში. ერთი თვე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა...
მისი უკანასკნელი ქადაგება კი იყო: მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!

***
ნაწყვეტები მამა თეიმურაზ ქორიძის ქადაგებებიდან:
“ყველაფერი ამაოა, სიყვარულის გარდა"
"ღმერთთან სიახლოვის გარეშე - არ არსებობს ბედნიერება..."
“ნუ ფიქრობთ გამუდმებით ცუდზე, ამით საკუთარ ცხოვრებას ცუდისკენ წარმართავთ, რადგან ამგვარი აზრებით იავადმყოფებთ თავს, რა სარგებელი აქვს ცუდზე ფიქრს? მას მხოლოდ ზიანი მოაქვს ადამიანთათვის. იფიქრეთ ყოველთვის კარგზე და ამით გასუფთავდება თქვენი სული, გული და გონება. და სიცოცხლე არა უბედურებად, არამედ ბედნიერებად გექცევათ, იმ ბედნიერებად რომელსაც სულში სიმშვიდე მოაქვს, ხოლო სადაც სიმშვიდეა - იქ ღმერთია.”
"ჩვენ გავურბივართ სიყვარულს, ეს არის ჩვენი პრობლემა! დაეცა? წამოაყენე! - შეეშალა? აპატიე! - ვერ გააკეთა რაიმე სათანადოდ? ანუგეშე და შენ გააკეთე! - უჭირს? დაეხმარე! - გაგლანძღა? აპატიე! - გაგინა? დალოცე! - ზურგი შეგაქცია?ილოცე მისთვის! - რამდენჯერ? სიკვდილამდე! აი ასე გახდება სამყარო მშვენიერი და ცხოვრება სიხარულის მომტანი! განა ბოროტებას, შურს,ლანძღვას,დაცინვას ,როდესმე სიკეთე მოუტანია? განა არის რაიმე სიხარულზე და სიყვარულზე უფრო დიდი? მაშინ რატომ გაურბიხართ მას?! რატომ ხდით ცხოვრებას ისეთს, როგორიც არ არის ის..."
“ადამიანის უბედურება სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ის, სხვის უბედურებას ივიწყებს . მისი ბედნიერება კი, იქიდან იწყება, როდესაც ის, სხვისი ბედნიერებით ხარობს. ხოლო სრულ ბედნიერებას მაშინ მიაღწევ, როდესაც სხვისი ბედნიერებისათვის იცხოვრებ...”

12/11/2025