ჩვენი ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1976 წლის მარტში გაზეთი „კომუნისტი“ მკითხველს ზარ-ზეიმით ატყობინებდა, თბილგვირაბმშენის კოლექტივი კავკასიონის მთავარ ქედზე საავტომობილო გვირაბის გაყვანის მოსამზადებელ სამუშაოებს შეუდგაო. საბჭოთა კავშირში მეათე ხუთწლედისთვის დაგეგმეს რუსეთისა და საქართველოს, საბჭოთა პრესის ტერმინოლოგიით - „სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის უმოკლესი გზით დაკავშირება.“ ტექნიკური პროექტიც იმავე წელს დამუშავდა მოსკოვსა და ლენინგრადში.

ეს სწორედ ის დროა, როცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ, პარტიის 25-ე ყრილობაზე თავისი დაუვიწყარი სიტყვა წარმოსთქვა:
„ამხანაგებო, საქართველოს მზიურ ქვეყანას უწოდებენ, მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტი მზე აღმოსავლეთიდან კი არა, ჩრდილოეთიდან - რუსეთიდან ამობრწყინდა... ჭეშმარიტი სითბო ჩვენთან შემოვიდა ჩრდილოეთიდან, დარიალის ხეობიდან, ისტორიული საქართველოს სამხედრო გზით, რუსეთ-საქართველოს გზით.“
ასეთი იყო საბჭოთა მორევი: გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს რესპუბლიკის განადგურების დღე მისი დაბადების დღე იყო, ოკუპაცია - მშვიდობა, რომ ჩვენი მზე ჩრდილოეთიდან, მოსკოვიდან ამოდიოდა. და საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ტყუილს იჯერებდა.
კავკასიონის ქედზე საბედისწერო გვირაბის მშენებლობას 8 წელი დასჭირდა. ორივე მხრიდან გათხრილი გვირებების შეერთება საგანგებოდ დაამთხვიეს საბჭოთაპროპაგანდისტულ კალენდარს და 1983 წელს. საბჭოთა საქართველოში პომპეზურად აღინავდნენ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებიდან 200 წლისთავს.

თბილისში მოსკოვიდან „საპატიო“ სტუმრები ჩამოვიდნენ. აქაურები დიდი ამბით დახვდნენ, დალიეს დამპყრობლისა და დაპყრობილის „ჭეშმარიტი ორმხრივი მეგობრობის“ სადღეგრძელოები, იყო ცეკვა, სიმღერა და „სულიკო.“ სტუმრებს ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერებინეს, მათ შორის - დასასრულს მიახლოებული გვირაბის მშენებლობა. მაშინ სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა, სანაკოევმა, მოსკოვურ დელეგაციას პათოსით მოახსენა: „მშენებლებმა შეასრულეს გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერიდან 200 წლისთავის საიუბილეოდ ნაკისრი ვალდებულება და ჩრდილოეთისა და სამხრეთის სადაზვერვო-სატრანსპორტო გვირაბი შეაერთესო.“ რამდენიმე წლის შემდეგ კი, „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის“ დღეს - 7 ნოემბერს - როკის გვირაბი ოფიციალურად გაიხსნა. გვირაბი, რომელმაც მომავალში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ფატალური დარტყმა მიაყენა.

საინტერესოა, რომ ამ სატრანსპორტო-სამხედრო არტერიის გაჭრის იდეა საბჭოთა კავშირის ბოლო ათწლედში არ გაჩენილა. არსებობს ვერსია, რომ ადრინდელი მცდელობა საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ვასილ მჟავანაძემ, სხვადასხვა საბაბით შეაჩერა. ქართველ სპეციალისტებს მიაჩნდათ, რომ გამტარობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, უპირატესობა ჯვარისა და მამისონის საუღელტეხილო გზებისთვის უნდა მიენიჭებინათ. როკის უღელტეხილზე ბუნებრივი და კლიმატური პირობები უკიდურესად რთულია, რის გამოც ის ზამთრობით იკეტება. თუმცა, საბჭოთა ხელმძღვანელობამ არჩევანი ტექნიკურად უფრო ძვირ და რთულ პროექტზე შეაჩერა - ცხადია, შორსმიმავალი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გათვლებით.

კიდევ უფრო ადრე, საურმე გზის მშენებლობა კავკასიაში მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით დაიწყო. თავად გვირაბის იდეა კი XX საუკუნის 20-იან წლებში ოს ბოლშევიკებში დაიბადა. როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ეს იდეა უარყო, ფილიპე მახარაძე საშინლად აღშფოთებულა და მენშევიკური მთავრობის პოზიცია „ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფურცლად“ შეუფასებია.ფილიპე მახარაძე და დანარჩები სოციალ დემოკრატებს ომის პარტიის წევრებად და მშვიდობის მტრებად ნათლავდნენ. ამ პროპაგანდით ამართლებდნენ საკუთარ დანაშაულს პირველი რესპუბლიკის განადგურების შემდეგ. სინამდვილეში რუსეთიდან შემოსეული ბოლშევიკების ე.წ. მშვიდობის გზა როკის გასასვლელიც იყო.
ასე, დროთა განმავლობაში კავკასიონის მთებმა დაკარგა საქართველოს დამცავი კედლის ფუნქცია. გეორგიევსკის ტრაქტატმა გაუხსნა ჩრდილოელ დამპყრობელს კავკასიონის კარიბჭე და მერე, საბჭოთა იმპერიამ ეს კარიბჭე ყინვაგამძლე ცემენტით საშვილიშვილოდ გაამაგრა -როკის გვირაბის სახით.
08/17/2026