
10/13/2026
22 ოქტომბრიდან კინოთეატრები გიორგი კაჭარავას მიერ გადაღებულ მხატვრულ ფილმს უმასპინძლებს. "ბრძოლა - ბერი გაბრიელი" - ასე ჰქვია სურათს, რომელიც ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის, აღმსარებლისა და სალოსის ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდზე ჰყვება. გამორჩეულ ბერზე ზეწოლით თუ როგორ ცდილობდა რეპრესიული სისტემა, მის მორალურ თუ ფიზიკურ განადგურებას. როგორ ხელოვნურად უგორებდნენ ჭორებს, რომ ვითომ იყო ლოთი, მამათმავალი, მექალთანე, ვერცხლის მოყვარული... და გიჟი!
წმინდანი ბერის სახე ეკრანზე 47 წლის მსახიობმა, ზურა ავსაჯანიშვილმა გააცოცხლა.

არის ვიზუალური მსგავსება. მსახიობსაც ღრმა თვალები აქვს. მისი თამაშისას აღმოაჩენთ, რომ კარგად აქვს შესწავლილი ბერის მოძრაობები, ხელების გაშლა, გამომეტყველების მიღება, ხმის ტემბრის მამა გაბრიელისეული გარდასახვები. ოსტატურად - ხან ამაღლება, ხან დადაბლება. არტისტულად საუბრობდაო, ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამთ მის სულიერ შვილებს. მის როლში ზურაც ასე საუბრობს. თურმე ძალიან უყვარდა "ღვინო კახურო" და ტრაპეზის დროს შემოსძახებდაო, ამბობს მისი მრევლი. ეს სიმღერა ფილმშიც სრულდება. ნახავთ იმ ერთი შეხედვით უცნაურ ფაქტებს, რაც ნამდვილად მოხდა ბერი გაბრიელის ცხოვრებაში.
ზურა ამბობს, რომ გადაღების დროს მომხდარი სასწაულების მოსაყოლად, ჯერ კიდევ დრო სჭირდება, ნიშანს ელოდება და მერე საჯაროდ გაბედავს და მოგვითხრობს იმას, რაც თითქოს კანონზომიერებაში არ ჯდება, მაგრამ როცა გწამს, გასაკვირი არაფერია.
ზურა ავსაჯანიშვილი: მინდა ფილმი ეკრანებზე მაყურებელმა ნახოს და ასე მაქვს ჩაფიქრებული, მერე მოვყვე სასწაულებზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ჯერ ნიშანს ველოდები.
სულ რომ ფილმი არ გამოსულიყო, იმად ღირდა, რომ მასზე მუშაობისას ჩემში ღმერთის სიყვარული შემოვიდა. რწმენაში უფრო შევედი.
შეიძლება ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მე უფალთან მივსულიყავი. გარდა იმისა, რომ რწმენა შევიძინე, ეს ფილმი ბევრ რამეში დამეხმარა.
მან ჩემში ყველაფერი შეცვალა. მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. სიყვარული მხოლოდ - მე შენ მიყვარხარ არ ყოფილა. სიყვარული უფრო დიდი და მასშტაბურია. მას შეგრძნება უნდა. ჯერ კიდევ გზას გავდივარ და დრო უნდა გავიდეს, რომ ვილაპარაკო. ჯერ ვერ ვაცნობიერებ.
თუ რაღაც შევძელი და ეს ნამუშევარი მაყურებლისთვის მისაღები გახდება, მხოლოდ უფლის დამსახურებით. ერთმა კაცმაც რომ თქვას, რომ ამ ფილმის შემდეგ მე ვირწმუნე და დავიჯერეო, ჩათვალეთ, უდიდესი საქმეა.

იმდენად მინდოდა, რომ კარგი გამოსულიყო და როლით ისე ვიყავი სრულად მოცული, არ მახსოვს, რა და როგორ ხდებოდა; არ მახსოვს, რას ვაკეთებდი. მახსოვს გარკვეული დღეები, მაგრამ იქ რას ვშვრებოდი, მე არ მახსოვს...
იმდენად მინდოდა, რომ ჩემი გმირი გადმოცემული ყოფილიყო თავისი სევდითა და გმირობით, რომ გარშემო ვერაფერს ვაქცევდი ყურადღებას.
უფალს შენდობას ვთხოვ, მე ვცდილობდი მამა გაბრიელის ტკივილები შეძლებისდაგვარად გადმომეცა.
წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როდესაც არავინ შენთვის არ არის. შენ ხარ არარაობა, სადღაც ნაგავში იქექები, ეკლესია არ გიღებს, წირვას ვერ ატარებ. ერში უარყოფილი, ბერში უარყოფილი. და ამ ღვთის გლახაობით - სალოსობით რამხელა რწმენასა და მადლს ატარებდა.
მინდა ახალგაზრდა თაობებმა ნახოს ეს ფილმი. თუ ღმერთის ნება იქნება, ასეც იქნება და გაიგებენ, რომ არსებობდა ასეთი დიდი წმინდანი, რომელმაც დათმენითა და ტკივილით იცხოვრა.
გააზიარე სტატია