Logo

კულტურა

"რომ არ ყოფილიყო ეს ძაღლი-ღორი, ალბათ, არ ვიქნებოდი მხატვარი" - ნახეთ საფერფლე, რომელიც რეზო გაბრიაძის შთაგონების წყაროდ იქცა

"რომ არ ყოფილიყო ეს ძაღლი-ღორი, ალბათ, არ ვიქნებოდი მხატვარი" - ნახეთ საფერფლე, რომელიც რეზო გაბრიაძის შთაგონების წყაროდ იქცა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"გაბრიაძის თეატრის" ფეისბუქგვერდი ხშირად აქვეყნებს საინტერესო ისტორიებს, ამბებს, რომლებიც გენიალურ რეზო გაბრიაძეს აცოცხლებს. ეს საფერფლე თუ ამხელა გენიოსში, ასეთ შთაგონებას გამოიწვევდა, ვინ იფიქრებდა...

“არ ვიცი საიდან მოხვდა ჩვენთან ეს პატარა მრგვალი მაგიდა. მაგიდაზე იდგა, დედისა და მამის სიამაყე, პატეფონი, რომელშიც ცხოვრობდნენ კარუზო, ლემიშევი, ტიტო გობი, შალიაპინი, როსინი, ვერდი, მოცარტი, სარაჯიშვილი, იშვიათი ნივთი იმ დროს. (მამა ახალგაზრდობაში გუნდში მღეროდა და მუსიკასთან განშორება ძნელად მოსდიოდა).

პატეფონისთვის დედამ შექმნა ნაქარგი, ვარდები და ქრიზანთემა "რეშილიეს" ტექნიკით და ამ მთელ "სილამაზეს" ამკობდა პატარა ფაიფურის ნივთი, არ ვიცი ძაღლი იყო თუ ღორი, პატარა სამკუთხა საფერფლის გვერდით.

როგორც მეუბნებოდნენ, საათობით ვიდექი ამ ნივთის წინ და თვალს ვერ ვაშორებდი. ეს სილამაზე იყო! მოჯადოებული ვიყავი მისით. ამის შესახებ დედა ექიმსაც კი ეკითხებოდა და ექიმმა ისაკ მინოვიჩმა დაამშვიდა: "ყველაფერი კარგად იქნება! ჯერჯერობით ვერარანაირ ანომალიას ვერ ვხედავ!"

საფერფლე

რომ არ ყოფილიყო ეს ძაღლი-ღორი, ალბათ, არ ვიქნებოდი მხატვარი, შეიძლება ინჟინერი ვყოფილიყავი და ვივლიდი ხიდზე, რომელიც თავად ავაშენე და ვუყურებდი იქიდან საკონსერვო ქარხნის წყალსატუმბ კოშკს, რომელსაც ალათ ასევე მეც ავაშენებდი...” - რეზო გაბრიაძე.

ავტორი: ზმნა

01/16/2026