Logo

"რომ არა ფელინი, ჩემი თავი არასოდეს მეყვარებოდა" - იტალიური კინოლეგენდების სიყვარულის ისტორია

"რომ არა ფელინი, ჩემი თავი არასოდეს მეყვარებოდა" - იტალიური კინოლეგენდების სიყვარულის ისტორია

10/15/2026

ტექსტის ზომა

ეს სიყვარულის ისტორია 1943 წელს დაიწყო. ფედერიკო ფელინი 23 წლის იყო, ჯულიეტა მაზინა 21-ის.

პირველი შეხვედრით რეჟისორი არ მოხიბლულა ახალგაზრდა გოგონათი, მაგრამ დაახლოვების შემდეგ, ორივე მიხვდა რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი.

მაზინა იხსენებდა: "მე და ფედერიკოს ოჯახს ვერ დაგვარქმევენ, არც მემკვიდრე, არც ახლო ნათესავი… ჩვენ უფრო წყვილი ვართ, ორი ადამიანი, რომელიც ურთიერთშეთანხმებულად ერთად ცხოვრობს. თუმცა განვსხვავდებით კიდეც: მე ლაპარაკი მიყვარს, ის – სიტყვაძუნწია. მე მოგზაურობა მიყვარს, ის – ვერ იტანს. მე მუსიკას სიამოვნებით ვუსმენ, მას კითხვა ურჩევნია. ხშირად მეკითხებიან, როგორ ცხოვრობ გენიოსთან ერთად, რთული არ არისო? მე ვპასუხობ: სულელთან ცხოვრება უფრო გამიჭირდებოდა-მეთქი."

მაზინა და ფელინი

ფელინი თავის მოგონებების წიგნში “მე ვიხსენებ”, ჯულიეტაზე წერდა:

“ის იყო პატარა და უმწეო, ნაზი და უმანკო, ერთი სიტყვით, ძალიან კარგი. მუდამ მზრუნველობას მოითხოვდა და მეც არ ვაკლებდი. მის თვალებში ჩემი ანარეკლი მიყვარდა!"

მაზინა და ფელინი

ფელინი მუშაობდა იუმორისტულ ჟურნალ “მარკუს ავრელიუსში” კარიკატურისტად და რეპორტიორად; თავისუფალ დროს, საკვირაო რადიოსერიალებისთვის წერდა სახუმარო პიესებს და სცენარებს.

ფედერიკოს სპექტაკლში “ჩიკო და პაულინა” ახალგაზრდა მსახიობმა, მაზინამ, მთავარი როლი მიიღო. მისი ხმის გაგონების შემდეგ ახალგაზრდა ავტორმა მოსვენება დაკარგა. ფელინის არაერთგზის უცდია მოეძებნა მისი ხმის ტემბრისთვის შესატყვისი ეპითეტი – თბილი, ქალური, ირონიული, აღმგზნები. ჯულიეტას ხმაში არქაული ქალთევზის ინტონაცია ჟღერდა.

ჯულიეტა მაზინა

ფედერიკომ მოამზადა პირველი ფრაზა, რომელიც ჯულიეტასთან პირველი შეხვედრის დროს უნდა წარმოეთქვა:

“გამარჯობა, ჯულიეტა, მე მქვია ფელინი”. სწორედ ასე, ფელინი და არა ფედერიკო. შემდეგ ის დასძენდა, რომ ცხოვრება ყელში ამოუვიდა; რომ ბედნიერია ისეთ ჯადოსნურ ქალებთან შეხვედრით, როგორიცაა ჯულიეტა. მის ფანტაზიაში იკვეთებოდა ხორცსავსე ლამაზმანის კონტურები, გრძელი ჟღალი თმით, რძისფერი კანით და წითელი ტუჩებით. მაგრამ ჯულიეტა ფელინის წარმოდგენაში დახატული ქალის სრული ანტიპოდი აღმოჩნდა. იგი შეცბა. მისი ზმანების ქალი იყო პატარა სიმაღლის, მოზარდი ბიჭის სხეულით, წვრილი ხელებით, მინიატურულ ფეხსაცმელში, სადად ჩაცმული, უგრიმოდ, კეკლუცობისა და ამპარტავნების გარეშე. მაღალი და მსუქანი ფედერიკოს ფონზე იგი ცოტა სასაცილოდ გამოიყურებოდა.

მაზინა და ფელინი

ფედერიკოს უნდოდა, პირველივე შეხვედრაზე თავბრუდამხვევი შთაბეჭდილება მოეხდინა. მან აირჩია იმ დროისათვის ყველაზე მოდური რესტორანი. რომის უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ეს ახალი ხილი იყო, რადგან აქამდე მას მხოლოდ კაფეში ეპატიჟებოდნენ. ფედერიკო მაზინას სთხოვდა, არ მორიდებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთს მიაღწია – ჯულიეტა ცვლიდა ერთ იაფფასიან კერძს მეორეზე.

– ნუთუ თქვენ დაუშვით, – ამაყად წარმოთქვა ფედერიკომ, – რომ მე მივცემდი თავს უფლებას დამეპატიჟა ქალი ასეთ ადგილას, თუ არ ვიქნებოდი დარწმუნებული ჩემს ფინანსურ მდგომარეობაში?

ჯულიეტა ჯიუტად იმეორებდა, რომ, სპაგეტის გარდა, არაფერი უნდოდა, ფედერიკოს კი ურჩია, შემწვარი წიწილა გაესინჯა. ფელინი დაემორჩილა, მაგრამ პირველივე ლუკმა გადასცდა, აუტყდა ხველება და კიბოსავით გაწითლდა.

– რა მოხდა? – გაიკვირვა ქალიშვილმა.

ფელინი გამოუტყდა, რომ ვერ იტანდა შემწვარ წიწილას. ბავშვობაში ბებიას მისთვის უამბია ზღაპარი, რომლის სიუჟეტი წააგავდა “მზეთუნახავ-ბაყაყის” შინაარსს, იმ განსხვავებით, რომ ბაყაყის ნაცვლად ზღაპარში წიწილა იყო გამოყვანილი. ბავშვური შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ყოველთვის, როდესაც ქათმის ხორცს ჭამდა, ფელინი ფიქრობდა, შემთხვევით ეს ნირშეცვლილი ქალი ხომ არ არისო.

ჯულიეტა ისე ხარხარებდა, რომ ყველა მათ უყურებდა. ფედერიკო სასაცილო ისტორიებს და ანეკდოტებს უყვებოდა ჯულიეტას. მოგვიანებით კი მან გაიხსენა, როგორ უყვარდა ბავშვობაში ცირკი და ერთხელაც როგორ გადაწყვიტა იქ საცხოვრებლად გადაბარგება. ფელინიმ ეს განზრახვა ვერ განახორციელა. რამდენიმე საათში მას მიაკითხეს აღშფოთებულმა მშობლებმა და სახლში წაიყვანეს. თუმცა მანამდე იგი გაესაუბრა ჯამბაზს, რომელმაც ფელინის ზებრის დაბანის ნება დართო.

– მე ხშირად წარმოვიდგენ თავს ჯამბაზის კოსტიუმში. ზოგჯერ მგონია, რომ კლოუნი-პენსიონერი ვარ, რომელიც გარბის სახლიდან სათნოების სახლში და კვდება სიცილით. ხომ საოცარია – სიცილისგან მოკვდე!

– მე კი, – ჩურჩულით თქვა ჯულიეტამ, – ყოველთვის ვოცნებობდი, გავმხდარიყავი ისეთი მსახიობი, რომელიც თავის თავს ითამაშებდა, გამოგონილი ტექსტების, გრიმის, კოსტიუმების გარეშე. რაც შეეხება სიკვდილს, ალბათ, ვისურვებდი, სიყვარულისგან მოვმკვდარიყავი.

მაზინა და ფელინი

შემდგომ ფედერიკომ უამბო ჯულიეტას იმის შესახებ, რომ ბავშვობაში ძალიან უყვარდა თოჯინებით თამაში; რომ ათი წლის ასაკიდან იგი თვითონ აკეთებდა თოჯინებს, არქმევდა სახელებს და ქმნიდა თეატრალურ დეკორაციებს. მან იქვე დასძინა, რომ სულაც არ იტაცებდა დრამატურგობა. მომავალი გენიალური რეჟისორი უკვე კინორეჟისორობაზე ოცნებობდა.

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პირველი ფილმი? – დაინტერესდა ჯულიეტა.

– პინოქიო! პინოქიოს თავგადასავალი! – სხარტად მიუგო ფედერიკომ. – და იცით რა? თქვენ ითამაშებთ მთავარ როლს!

ჯულიეტამ ოდნავ მოიკვნიტა ზედა ტუჩი:

– მე რა, ხის კაცუნას ვგავარ?

ფედერიკო მიხვდა, რომ უნებლიეთ გული ატკინა ქალიშვილს:

– თქვენ… არა. თქვენ უფრო კეთილ ფერიას ჰგავხართ…

ფელინიზე არნახული შთაბეჭდილება მოახდინა მაზინას არაპროპორციულად დიდმა თვალებმა. დიდ მაესტროს მიაჩნდა, რომ ჯულიეტას შეეძლო თვალებით გამოეხატა ნებისმიერი განცდა, ყოველგვარი ტექსტის გარეშე. ჯულიეტასთვის ფელინი აღმოჩნდა ის ნავსაყუდარი, რომელიც მთელი ცხოვრება იმედის შარავანდედით იყო მოსილი.

მაზინა და ფელინი

პირველი შეხვედრა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს თავი დაეკარგათ. ფედერიკო ყოველდღე მიდიოდა მასთან. მათი თავდავიწყებული სიყვარული ქორწინებით დასრულდა. ისინი გაცნობიდან რამდენიმე თვეში, 30 ოქტომბერს დაქორწინდნენ. მათი კავშირი უფრო გამტკიცდა, მას შემდეგ რაც ჯულიეტა კიბიდან ჩამოვარდა და მუცელი მოეშალა. მეორე ფეხმძიმობაც ტრაგიკულად დამთავრდა – ახალშობილმა მხოლოდ ორი კვირა იცოცხლა.

ფელინი წერდა: “დაღუპულმა ბავშვმა უფრო მეტად დაგვაკავშირა, ვიდრე ამას ცოცხალი ბავშვები შეძლებდნენ. თუ უშვილო ოჯახი არ ინგრევა, ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი მტკიცეა და მეუღლეებს ერთმანეთი ეიმედებათ.”

ექიმებმა დაასკვნეს, რომ ჯულიეტას აღარ შეეძლო ბავშვის გაჩენა. შვილის სიკვდილის შემდეგ ჯულიეტამ თქვა: "ახლა ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთმანეთი."

მაზინა და ფელინი

ცნობილია, რომ მეუღლის მომზადებულ მოხარშული მაკარონი, რეჟისორის საყვარელი კერძი იყო:

“მხოლოდ ჯულიეტამ იცის მისი ასე გემრიელად მომზადება. მიირთმევ მთელ თეფშს და ძილს მიეცემი.

ყოველთვის აღმაგზნებდა მშვენიერი სანახაობა – როცა ქალი ზის და საჭმელს გემრიელად შეექცევა. დარწმუნებული ვარ, ქალს, რომელსაც ჭამა უყვარს, შეუძლებელია არ უყვარდეს სექსი. ასეთი ქალი კი მამაკაცისთვის განსაკუთღებით მიმზიდველი და ამაღელვებელია. შესაძლოა, ამიტომაც მაინტერესებს ტანსრული ქალები”, – წერდა ფელინი თავის მემუარებში…

მაზინა

ცხოვრება მიდიოდა. ბავშვების ნაცვლად კი ფილმები ჰქონდათ საერთო.

მაზინას ოცნება ასრულდა – მან ფედერიკოს ფილმებში ითამაშა თავისი თავი. ფელინი თავდაპირველად ხატავდა ესკიზებს და ტიპაჟებს თავისი ფილმებისათვის. ფედერიკო ხატავდა ჯულიეტას. ქალი ბედნიერი იყო.

რეჟისორი ღამღამობით ხშირად მიდიოდა სახლიდან. ცოლი, ჩვეულებისამებრ, შედიოდა მის სამუშაო კაბინეტში და რაღაცას ეძებდა. ნებისმიერი ქაღალდის ნაგლეჯი იუწყებოდა იმის შესახებ, რომ ჯულიეტა მისი ერთადერთი და განუმეორებელი ქალი იყო. აღიარებდა, რომ სწორედ ფელინის ფილმების წყალობით აღაფრთოვანა სამყარო, ეს სიამოვნებდა კიდეც. თუმცა, თვლიდა, რომ ბოლომდე მისი არ ესმით.

პირველი ფილმიდან ბოლომდე 30 წელი გავიდა, აქედან 20 წელი მას არ იღებდნენ. სულ 27 ფილმში ითამაშა. შვიდი ფელინიმ გადაიღო, მთავარი როლის შემსრულებელი ოთხ სურათში იყო.

კინოკრიტიკოს ტულიო კეძიხოსთან საუბარში, ჯულიეტა აღნიშნავდა: რომ ქმარი მოუთმენელია მასთან. "მით უფრო, რომ ჩემს ოჯახს მე ვმართავ”. კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მათ, ვინც “ქალურობაში” ხასიათის სისუსტეს, მორჩილებასა და ჩუმ სინაზეს გულისხმობდა. ფელინი მოუთმენელია. ჯულიეტას დამორჩილება არ სურს. ქმარი ვერ იტანდა სიგარეტის კვამლს, მისი თანდასწრებით არავინ ეწეოდა, დაუოკებელი მასტროიანის გარდა. ჯულიეტა კი თითქმის დემონსტაციულად ანთებდა ერთ სიგარეტს მეორეს მიყოლებით და არანაირი შენიშვნა, "ჯულიეტა, უკვე მეხუთეა"-ს მსგავსი, უბრალოდ, არ ესმოდა.

მაზინა

მაგრამ ცხოვრება ჯულიეტას, შეიძლება, ქმარზე მეტადაც უყვარდა. მოსწონდა ადამიანებთან ურთიერთობა. მრავალი წელი მიჰყავდა გაზეთ “სტამპას” რუბრიკა. უფრო ახალგაზრდა რომ იყო, კარგი მანქანები და ცეკვა მოსწონდა. მოსწონდა დღესასწაულები, დიდი მრავალშვილიანი ოჯახები. სიამოვნებდა, როცა ხალხი აღიარებასა და სიყვარულს გამოხატავდა.

ასე იცხოვრეს ფედერიკო ფელინიმ და ჯულიეტა მაზინამ 50 წელი. მაზინა ხშირად საყვედურობდა რეჟისორ ქმარს:

„რატომ ხარ ჩემს მიმართ ასე მომთხოვნი და სხვების მიმართ ლოიალური?..“

მაზინა თავიანთ ურთიერთობაზე წერდა. „ჩვენ ხალისით ვმუშაობთ ერთად, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მასთან გადაღება გაცილებით უფრო მიჭირს, ვიდრე ნებისმიერ სხვა რეჟისორთან“.

როდესაც მათ შეიტყვეს, რომ მძიმედ არიან ავად, ფედერიკომ გაიხუმრა: ” აი, ხომ გეუბნებოდი, ჩვენ ვგავართ ზღაპრის პერსონაჟებს, რომლებსაც ერთმანეთი უყვარდათ, ერთად იცხოვრეს და ერთ დღეს დაიხოცნენ."

ფედერიკო იწვა პროვინციის კლინიკაში, ფერარეში, ჯულიეტა – რომში. ახლოვდებოდა მათი ქორწინების 50 წლისთავი. ფელინი და მაზინა გეგმებს აწყობდნენ. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ წყვილი რეპეტიციას ატარებდა მომავალი იუბილეს წინ. საჩუქრები იუბილეზე უნდა გადაეცათ ერთმანეთისთვის. სადილის შემდეგ ფედერიკო უეცრად შეუძლოდ გახდა. მაზინამ გამოიძახა “სასწრაფო”. ექიმებმა თქვეს, რომ ეს ინსულტი იყო. დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

პარალიზებულმა ფედერიკომ ცოლის ავადმყოფობის შესახებ შეიტყო. 1993 წლის ზაფხულში მაზინას კლინიკაში მძიმე ონკოლოგიური დაავადება აღმოუჩინეს. ”ზუსტი დიაგნოზი ჯულიეტა მაზინამ მაინც ვერ გაიგო, – ამბობს მისი მკურნალი ექიმი. — ქიმიოთერაპიის კურსს კი გადიოდა, მაგრამ მაინც დარწმუნებული იყო, რომ მისი დაავადება არც ისეთი საშიში იყო”.

ფედერიკო ჯულიეტას ნახვაზე ოცნებობდა. ფედერიკო გააფრთხილეს, რომ შეიძლებოდა, გულს ემტყუნა მისთვის, მაგრამ იგი არ ნებდებოდა. ფელინი ჯულიეტას კლინიკაში მიიყვანეს, სადაც მათ ორი დღე ერთად გაატარეს. მერე ფელინი კომაში ჩავარდა და ერთ დღეში გარდაიცვალა.

დასაფლავებისას ჯულიეტამ ის შემდეგი სიტყვებით გააცილა: “მე მინდა მასთან წავიდე”, – თქვა ჯულიეტამ ქმრის ცხედართან და 5 თვეში მართლაც წავიდა… "შეხვედრამდე, ჩემო სიყვარულო.” სახლიდან არ გადიოდა.

ჯულიეტა შოკირებული დარჩა, რაც პრესიდან შეიტყო, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ფედერიკოს ჰყოლია მეორე ცოლი, რომელთანაც ცხოვრობდა სამოქალაქო ქორწინებით – ხორცსავსე, ასაკოვანი ქალი, ვინმე ანა ჯოვანინი, რომლის სახეც ამშვენებდა თითქმის ყველა იტალიურ ჟურნალ-გაზეთს. იგი ამტკიცებდა, რომ ფელინის დაკარგვა მისთვის ერთობ მძიმეა, არანაკლებ მტკივნეული, ვიდრე მაზინასთვის.

რა დამცირებაა! ვინ არის ეს გაბღენძილი! ჯულიეტასთვის ცნობილი იყო ფედერიკოს გატაცების შესახებ ხორცსავსე ქალებით, რომელთაც ხშირად ათვალიერებინებდა ახალგაზრდობაში გადაღებულ ფოტოებს. ჯულიეტამ იცოდა, რომ ეს, უბრალოდ, ფედერიკოს ამურული ფანტაზიები იყო და სხვა არაფერი, მხატვრული სახეების ძიება – პროფესიონალური ვალი. ფედერიკო ირწმუნებოდა, რომ ქალების წინაშე სიმტკიცეს ვერ იჩენდა, ჯულიეტას ეს სჯეროდა. სამაგიეროდ, მაზინას საზოგადოებაში ის სუპერ-კაცად გრძნობდა თავს.

ჯოვანინი ამტკიცებდა, რომ დიდი რეჟისორი მან გაიცნო კაფე “რუშენოში”, ფინჯან კაპუჩინოზე. იმ მზიან დღეს ანა სილამაზის სალონს ესტუმრა და პლატინისფრად შეიღება თმა. წითელ კაბაში გამოკვართული შთამბეჭდავი ფორმები სექსუალობას ანიჭებდა ქალს. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ იგი ფელინის ფანტაზიის ფრთაშესხმას წარმოადგენდა. ანამ შეუკვეთა ათი კრემიანი ღვეზელი და მადიანად ნთქავდა მათ. ფედერიკო მის მაგიდას მიუჯდა და უთხრა: "მე ყოველთვის აღმაგზნებდა ეს საოცარი სანახაობა: ქალი, რომელიც თავს უარს არ ეუბნება არაფერზე და მადიანად შეექცევა ყველაფერს, რაც მოსწონს."

ჯოვანინიმ დიდი მაესტროს გულახდილობას გულისხმიერებით უპასუხა – მან დაუტოვა ფედერიკოს თავისი ტელეფონის ნომერი. აქედან მოყოლებული, ფედერიკო უგზავნიდა ანას ვარდებს და ხშირად სტუმრობდა მასთან. ფელინი ხშირად ასაჩუქრებდა თავის “მეორე ცოლს” (ანა ამტკიცებდა, რომ მაესტრო მას უკანასკნელ დღემდე ასე ეძახდა), საკუთარი ნახატებით, რომლებზეც აღბეჭდილი იყო ფელინის ფავორიტის გამოკვეთილი ფორმები.

ფედერიკოს მოსწონდა ანას სხეული, როგორც ტორტის დიდი ნაჭერი, რომელშიც კეკლუცად იყო ჩადებული ერთი პატარა ალუბალი, რომელიც მაესტროს განასახიერებდა.

ანა ამბობდა, რომ ფელინის მისთვის არაერთგზის შეუთავაზებია ცოლობა. ჯოვანინი ყოველთვის უარს ეუბნებოდა მას, რადგან ეცოდებოდა მისი უსაყვარლესი მეგობარი და მსახიობი – მაზინა.

ანამ პრესაში პრესაში მისი და ფედერიკოს ერთობლივი ფოტოები და ჩანახატები გამოაქვეყნა, რომლებზეც ფელინი ინტიმურ პოზებში იყო წარმოდგენილი. აი, ფრაგმენტი ერთი წერილიდან:

"ანა, ამიერიდან მე ვიცი, რომ ქვეყნად, რეალობაში, არსებობს ქალი, რომელიც ჩემი ზმანების საგანს წარმოადგენს და რომელშიც განსხეულებულია ჩემთვის უძვირფასესი ნაკვთები საყვარელი ადამიანებისა: დედისა და გამზრდელისა, რაც დაკავშირებულია ჩემს პირველ სექსუალურ განცდებთან. შენ ხარ ჩემი ცოცხალი ხელოვნება, ჩემი მუზა, ჩამოსული ყველაზე თამამი ნახატებიდან, რომლებიც მე შემიქმნია ზმანების ექსტაზში. შენს გამო მე იძულებული ვარ, ორმაგი ცხოვრებით ვიცხოვრო…”

როგორც გაირკვა, ეს ვულგარული უცნობი ქალი მისი იდეალი ყოფილა ბავშვობიდან! მაშ, ჯულიეტა ვინღაა? არა, მაზინას არ სურს ამ სიბინძურეში ქექვა. ფელინის დღე-ღამეში სულ რამდენიმე საათი ეძინა. დანარჩენ დროს სად ატარებდა, არავინ იცოდა. ხშირად ბრუნდებოდა დალაქული სამოსით, არაერთხელ შეუმჩნევია ჯულიეტას მის ტანსაცმელზე ქალის თმა… და იწყებოდა ურთიერთობათა რკვევა. ფელინი არასდროს არწმუნებდა ჯულიეტას, რომ მისი სასიყვარულო ისტორიები ქიმერა იყო, თუმცა აღიარებდა, რომ მაზინა მისი ცხოვრების განუმეორებელ სიყვარულად რჩებოდა და რომ მისი დაკარგვა ფედერიკოსთვის კატასტროფას უტოლდებოდა.

"რომ არა ფელინი, ჩემი თავი არასოდეს მეყვარებოდა. მე ხომ ერთი პატარა მრგვალი სახე და ჯაგარივით თმა მაქვს”, – წერდა ჯულიეტა მაზინა. "ყველამ იცის, რომ დრო - ეს სიკვდილია. სიკვდილი, რომელიც საათებში იმალება" - ამბობდა მისი სიკვდილის შემდეგ ჯულიეტა.

მაზინა და ფელინი

ტონინო გუერა კი, მეგობარზე საუბრისას, სიყვარულზე შთამბეჭდავ რამეს წერს:

"ფედერიკო ფელინიმ გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე თქვა:

„მინდა, კიდევ ერთხელ შემიყვარდეს!“
მე გაოგნებული ვიყავი! სიცოცხლის ზღვარზე მყოფს უნდოდა კიდევ ერთხელ განეცადა სიყვარული, ეფრინა მიწის ზემოთ, სულის სიღრმეში ორკესტრის მუსიკა ესმინა... ის ქალზე არ საუბრობდა, მას სურდა ეთქვა, რომ სიყვარული - ეს ერთ-ერთი ჯადოსნური მომენტია ცხოვრებაში.
როდესაც გიყვარს, შენ წყვეტ, რომ იყო უბრალოდ ადამიანი და ხდები არომატი.
შენ არ დადიხარ მიწაზე, არამედ დაფრინავ მის თავზე.
აი, ეს შეყვარებულობის მდგომარეობაა მთავარი ცხოვრებაში. და არა აქვს მნიშვნელობა, რაზე ხარ შეყვარებული - ქალზე, სამსახურზე, სამყაროზე თუ ცხოვრებაზე...
სიყვარული - ეს არ არის სიხარული და არც მწუხარება, არც ჯილდო და არც გამოცდა, არამედ ეს ყველაფერი ერთად არის მოგზაურობა ზღაპრულ და ჯადოსნურ ქვეყანაში, ბილიკი საიდუმლოსკენ, რომელიც უნდა აღმოაჩინო.

სიყვარული ყოველთვის მიდის, ყველაფერს აქვს თავისი დასასრული.
მაგრამ ერთი მდგომარეობა ყოველთვის გადადის მეორეში, და ეს მეორე შეიძლება უფრო ძლიერი გრძნობა იყოს, ვიდრე შეყვარებულობა.

დღეს ქორწინებები ხანმოკლეა, და ყოფილი შეყვარებულები მოკლებულნი არიან დიდ აღმოჩენას - როგორი მშვენიერია ერთად სიკვდილისკენ ხელჩაკიდებული სიარული. ბევრს ჰგონია, რომ ახალი ურთიერთობები უფრო ძლიერ შეგრძნებებს მოუტანს. ეს ასე არ არის.

მაზინა და ფელინი

იტალიურ ენაში არის ასეთი სიტყვა, რომლის თარგმნა შეუძლებელია - „ვოლიე ბენე“ (Voglio bene). სიტყვასიტყვით ეს ნიშნავს - კარგის სურვილს. არის „ამარე“ (Amare) - სიყვარული. და არის „ვოლიე ბენე“ - ეს არის, როდესაც ადამიანს ისე ექცევი, რომ არავინ არის მასზე ახლობელი. „ამარე“ ფიზიკურ სიამოვნებაზე დგას. ყველაზე ძლიერი გრძნობა დედამიწაზე - ეს არის, როდესაც „ამარე“ გადაიზრდება „ვოლიე ბენე“-ში. არაფერია დედამიწაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გრძნობა „ვოლიე ბენე“. ის მხოლოდ ერთად გატარებული წლების შემდეგ მოდის, და ამ წლებმა ნდობა არ უნდა წაიღოს. ასეთი ხანგრძლივი კავშირის დაკარგვა უფრო ტრაგიკულია, ვიდრე სიყვარულის დაკარგვა, და მით უმეტეს - ფიზიკური სიამოვნების. „ვოლიე ბენე“-ს დაკარგვა - ეს არის ნამდვილი, ღრმა მარტოობა, აბსოლუტური სიცარიელე.
მე გამიმართლა, რომ განვიცადე „ვოლიე ბენე“. მე ვიქნები ოთხმოცდაათი წლის, ხოლო ჩემს გვერდით ლორაა - ჩემი ცოლი, რომელიც რუსეთში ოცდაათ წელზე მეტი ხნის წინ ვიპოვე.

ტონინო გუერა

უზარმაზარი „ვოლიე ბენე“ იყო ჩემს უდიდეს მეგობარ ფედერიკო ფელინის და ჯულიეტა მაზინას შორის. ფელინის უვლიდნენ მსოფლიოს ყველა ქალები, მაგრამ მისი ბოლო ჟესტი იყო ნამდვილი ჰიმნი ჯულიეტას სიყვარულისადმი..."

ფელინი და მაზინა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026