საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბავშვთა ქირურგი, მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედაგოგი, სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი - გივი ჟვანია 99 წლის გახდებოდა.
ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა ყველა მშობლისთვის ნაცნობია. ბევრმა, შესაძლოა, არ იცოდეს, ვინ იყო გივი ჟვანია, რომლის სახელსაც ეს კლინიკა ატარებს.
უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ყოფილ პაციენტებსა და სტუდენტებს კი სამუდამოდ დაამახსოვრა თავი.
"სტუდენტებისათვის და ავადმყოფებისთვის თავგადადებული ექიმი" - ასე იხსენებენ ცნობილ ბავშვთა ქირურგს.
"გულისხმიერი, თბილი, უსაყვარლესი, დიდი ადამიანი. ყველა პედიატრის მამა! სანამ ცოცხალი ვარ, მემახსოვრება და მადლიერი ვიქნები!" - წერს მისი ყოფილი სტუდენტი, ია სულაბერიძე და ერთ ისტორიას იხსენებს.
"მოვყვები ამ ამბავს, ღირს გახსენებად:
1990 წელი იყო, მე-4 კურსზე ვიყავი, 2 თვის მყავდა პირველი შვილი და ერთ ღამეს ბავშვის არაბუნებრივმა, ჩაბჟირებულმა ტირილმა გამაღვიძა. გავხსენი (მაშინ ტოლმებივით ვახვევდით ჩვილ ბავშვებს) და მარჯვენა საზარდულთან ამობურცულობა დავინახე - თიაქარი! თავზარი დამეცა. ღამის 3 საათი იყო - მახსოვს იმიტომ, რომ საათს შევხედე და გავიფიქრე, როგორ უნდა დავურეკო-მეთქი... შვილის ტირილმა დამარეკინა...
- საავადმყოფოში, ჩქარა, ჩემი შვილია მორიგეო, - მითხრა. გავცვივდით მე და ჩემი მეუღლე. და თვითონ დაუსწრია მისვლა!
- მაინც მეც მინდა, ვნახო და წამოვედიო...

რომ დავინახე, მეგონა, ღმერთი დამხვდა საავადმყოფოში! გახსნა, ჯადოქრულად დაადო ორი თითი და ამობურცულობაც გაქრა და ბავშვიც გაჩუმდა.
ეს კაზანოვა ჯერ საოპერაციო არაა, უნდა ვადროვოთ, შეიძლება, 2-3 თვეში ხვრელი თავისით დაიხუროს, თუ არადა, უფრო მოზრდილი იქნება ოპერაციისათვისო. ამ დროის განმავლობაში თუ კიდევ ჩაეჭედება, შენ თვითონ ჩასვამო (მასწავლა, - როგორც), თუ ვერ ჩასვამ, რა დროც არ უნდა იყოს, მირეკავო...
დაიმედებული წამოვედი, მთელი ღამის ნაჩხავლებ შაკოსაც ჩაეძინა და მეც მკვდარივით მივეგდე. უცებ დედაჩემი მაღვიძებს - ჯგუფელი გირეკავსო. მივლასლასდი ტელეფონთან და გავშეშდი:
- გოგო, დაიწყეს უკვე გამოძახება და სახლში რა გინდა?!
გამოცდა გვქონდა! ნევროლოგიაში! ნოდარ ქავთარაძესთან! და მე ეს დამავიწყდა! არადა, ნასწავლი მქონდაა? - ქვას გავხეთქავდი! ვერ მივასწარი...
სასწრაფოდ ისევ - ზარი ბატონ გივისთან! წუხანდელი სტუდენტი ვარ ისევ, ბატონო გივი-მეთქი, წამხდარი ხმით ვუთხარი... ასე სწრაფად? გამოაქცუნე ისევო - დაფაცურდა ნათელი ადამიანი... და, მე - არა, ბატონო გივი, ბავშვი კარგადაა, დღეს ნევროლოგიის გამოცდა გვქონდა და დამავიწყდა-მეთქი... შენ ხო მომკალი, სულაბერიძე, მარა, ვეცდები, გიშველოო, - რომ მითხრა, ისევ დავიმედდი...
მივადექი მეორე დღეს, - ავუხსენი ნოდარს და გადაგიტანა გამოცდა, მარა, არ შემარცხვინო, იცოდეო...
არ შემირცხვენია! "ხუთიანი" მომიხაზა ქავთარაძემ. იმავე საღამოს ზარი გაისმა, ტელეფონს ვუპასუხე და... ბატონი გივის საყვარელი ხმა:
- ნოდარიმ მითხრა, გასახელა შენმა პროტეჟემო, მადლობა, კაი გოგო ხარ, რომ არ შემარცხვინეო... მადლობაო! მე მიხდიდა მადლობას!
დავჯექი და სიხარულითა და სიყვარულით ვიტირე... ახლაც ვტირი... არავინ და არაფერი ვიყავი მე ბატონი გივისა, სრულიად არაფერი, გარდა მრავალთაგან ერთი სტუდენტისა... თუმცა, მეტი რაღა უნდა ვყოფილიყავი, ვთქვი ზევითაც - ყველა პედიატრის მამა იყო კაცი! - ადამიანობის, პროფესიონალიზმის, პედაგოგობის ეტალონი!.."

02/18/2026