კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნინო ქათამაძემ ალბომზე მუშაობა დაასრულა. მუსიკოსი პოდკასტ "ფლეილისტში" ამბობს, რომ ახალ ალბომს - "ლილატი" დაარქვა, რაც სვანურად "შეყვარებულს" ნიშნავს. ალბომს კი, წინ, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში რვა კონცერტი უძღოდა.
ნინო ქათამაძე: დედა ნინო ასწავლის სვანურ ენას ფეისბუქში. როცა ამის საშუალება მაქვს, ვუსმენ ხოლმე. ვერ გეტყვით, რომ რამეს ვსწავლობ, მაგრამ არაჩვეულებრივი ენაა. ჟღერადობაც ისე ლამაზია და თვითონაც ულამაზესად ახსნა, რას ნიშნავს სიტყვა - ლილატი.
ამ სახელს ვარქმევ იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია. სულ ახალი ეტაპებია, მაგრამ მუსიკოსებიც სხვა არის, ჟღერადობაც, მუსიკალური ფორმაც. მთელი ცხოვრება ჯაზის შემსრულებელს მეძახდნენ. მე ვამტკიცებდი, ჩვენს მუსიკას ჯაზი არ ჰქვია-მეთქი. მაგრამ ამ ახალ ალბომში ჯაზის ბევრი ელემენტია, ბევრი იმპროვიზაციაა. თითქმის ყველა ნაწარმოებში იმპროვიზაციაა. ინსტრუმენტია მთავარი და არა მარტო ხმა.
ალბომში 11 ნაწარმოებია, რომელიც ერთდროულად არ დაწერილა. რაღაცას სკივრში ინახავ, მერე ფორმას უცვლი, ჟღერადობით და შინაარსით კონცეპტუალურად რომ ჯდებოდეს ალბომში.
15 მარტს ჩემთან შევიკრიბეთ, ვიმუშავეთ. ვიყავით ერევანში, მაინტერესებდა არაქართულ გარემოში როგორ მიიღებდნენ ამ მუსიკას. სომხები საუკეთესო მსმენელები არიან, შემდეგ უკვე უკრაინის ტურნეში წავედით...


მუსიკოსმა სცენურ იმიჯზეც ისაუბრა, სტილზე, რომელიც მას, სხვებისგან, ყოველთვის გამოარჩევს.
ნინო ქათამაძე: როდესაც ორი საათი, შეუსვენებლად მღერი, ნატურალური ქსოვილის უნდა გეცვას ყველაფერი. ფართე უნდა იყოს და არ უნდა გაწუხებდეს. მე რომ ახტომა მინდა, რაღაც ნერვებს არ უნდა მიშლიდეს. ჩემს ზედმეტ ყურადღებას არ უნდა იქცევდეს. წითელ ლაქსაც არ ვისვამ და ბეჭედს არ ვიკეთებ. თუ ისე ვიმღერე, რომ მხოლოდ ჩემი კაბა დაინახეს, ესე იგი საერთოდ არ ვარგებულა ჩემი კონცერტი.
პირდაპირ რომ ვთქვა, მე რომ მიხდებოდეს სულ ჯინსებში ვიქნებოდი. აბსოლუტურად ჰიპურად. მომწონს.

"ავთანდილი" ათწლეულები მიკერავდა კოსტიუმებს. ჰყავს გოგონა, რომელიც ვაშლებს მიმაგრებდა კაბებზე. დღესაც მანიაკურ რაღაცებს აკეთებს. უბრალოდ აქ არ მაქვს კონცერტები და ვერავინ ხედავს...
მე ამას ვუყურებ როგორც მუსიკის ნაწილს, მაგრამ ცალკე იმიჯის ნაწილად არ აღვიქვამ. უფრო - მუსიკას როგორ მოუხდება.
ხშირად ზურგით ვდგავარ მსმენელთან. მუსიკოსებთან ცოცხალი ურთიერთობა, სხვა რამეს ნიშნავს. არ მინდა მოსაწყენი იყოს და ჩემ სამოსს ხან რას ვახატავ ზურგზე და ხან - რა ხდება ჩემს ზურგზე.


მუსიკის გარდა, არც ერთი ენერგიის ხარჯვა არ მემეტება. სამზარეულოში შეიძლება სანახევროდ დავტოვო ყველაფერი და წავიდე, რადგან მუსიკაზე ვფიქრობ. მუსიკის გარდა არაფრის კეთება არ შემიძლია. ჩემს ასაკში ყველას პარალელური ბიზნესები აქვთ, მენეჯერები არიან. მე მუსიკაც არ შემიძლია, როგორც ბიზნესი, ისე წარმოვიდგინო.

06/25/2026