Logo

რელიგია

რომელი ფსალმუნები უნდა წავიკითხოთ, პატრიარქის კურთხევით, შობის მარხვაში

რომელი ფსალმუნები უნდა წავიკითხოთ, პატრიარქის კურთხევით, შობის მარხვაში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, შობის მარხვაში, ლოცვების გაძლიერების მიზნით, მორწმუნე მრევლმა ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით უნდა წაიკითხონ - მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

თქვენ იცით, თუ რა მადლის მომცემია და რა დიდი ძალა აქვს ფსალმუნებს. მათი ყოველდღიური კითხვა ისეთ ბედნიერს გვიხდის დღეებს და ისეთი მადლით მიგვყვება, რომ შეუძლებელია, საქმეები წარმატებით არ ვაკეთოთ.

ფსალმუნთა გალობით უხსოვარი დროიდან ადიდებდნენ ჭეშმარიტ უფალს.

ფსალმუნის ისტორია

ფსალმუნთა წიგნი ძველი წელთაღრიცხვის XI საუკუნეში შეიქმნა. ეს დიდი ღვაწლი წილად ერგო დავით წინასწარმეტყველს - ისრაელის მეორე მეფეს. მრავალრიცხოვანი ოჯახის ნაბოლარა ვაჟი მამამ მწყემსად დაადგინა. მწყემსობის დროს ჭაბუკი სულიწმიდის შთაგონებით საგალობლებს ქმნიდა და საკრავზე აჟღერებდა. სწორედ ამ საკრავის სახელიდან წამოდგება ფსალმუნთა სახელწოდება.

უფლის მადლით ცხებული დავითი ისრაელის მეფედ იქნა გამორჩეული. ის 40 წლის მანძილზე განაგებდა ქვეყანას და ისრაელის მრავალ მტერს სძლია. წმინდა მეფეს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ფსალმუნთა წერა. ქმნიდა მათ ღვთის შთაგონებით, განსაცდელისა თუ შვების, დაცემისა თუ აღზევების ჟამს, დაუძლურებული და ღვთისგან შემწეობის მთხოვნელი თუ ხილულ და უხილავ მტრებზე ღვთის მადლით გამარჯვებული.

ფსალმუნი

***

წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „ფსალმუნნი განდევნაა ეშმაკთა. ფსალმუნნი იარაღია შიშისაგან ღამისა. ფსალმუნნი უსაფრთხოებააა ჩვილთათვის. ფსალმუნნი ნუგეშისცემაა მოხუცთა. ფსალმუნნი ყველაზე ღირსეული სამკაულია დედათათვის. ფსალმუნნი საქმეა ანგელოზთა, ზეციური სამკვიდრებელი და სულიერი საკმეველია. ფსალმუნნი განანათლებს გონებას, აღმყვანებელია ზეცად, კაცთ ღვთის თანამოსაუბრედ ჰყოფს. ფსალმუნნი სადაც შემუსვრილებით იგალობება, იქვეა ღმერთი ანგელოზთა თანა."

წმიდა იოანე ოქროპირი: „ფსალუნთა გალობა ზეიმია მოხარულთათვის და ნუგეშინისცემა მოწყინებაში მყოფთათვის. ის ათვინიერებს ვნებებს, როგორც ველურ მხეცებს, ლაგამს სდებს თავშეუკავებლობას, აღხოცავს უსამართლობას და გვერდში უდგას სიმართლეს, დაამხობს ღვთისმგმობ ზრახვებს, კლავს ბილწ სურვილებს, გვაწყებს ღვთაებრივ კანონს, გვიქადაგებს ღმერთს, განგვიმარტავს სარწმუნოებას, ბაგეებს დაუხშობს მწვალებლებს, აღაშენებს ეკლესიებს“.

წმინდა ბასილი დიდი: „ფსალმუნი - მყუდროებაა სულისა, მომფენი მშვიდობისა. ის არბილებს მრისხანებას სულისას და უბიწო-ჰყოფს თავშეუკავებლობას. ის აცხრობს მძვინვარე გულის ზრახვებს. ფსალმუნი შუამავალია მეგობრობაში, ერთობაა შორეულთა შორის და შერიგებაა მომტერეთათვის, რამეთუ ვის ძალუძს ჩათვალოს მტრად ის, ვისთანაც ერთად ერთიან ხმას აღუვლენს ღმერთს? ამიტომაც ფსალმუნთა გალობა გვაძლევს ჩვენ ერთ-ერთს უდიდეს სათნოებათაგან - სიყვარულს“.

ამიტომ ფსალმუნებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უნდა ეკავოს ქრისტიანის ცხოვრებაში. წმინდა ეკლესია გვირჩევს, ერთი დღეც არ გავატაროთ ფსალმუნთა წაუკითხავად.

ავტორი: ზმნა

11/28/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024