სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მარხვა ქრისტიანული რელიგიის ნაწილია, რომლის დროსაც მორწმუნეები განსაზღვრული ხნით იკავებენ თავს კონკრეტული ცხოველური წარმოშობის საკვების მიღებისგან.
საქართველოში მორწმუნე ქრისტიანები წელიწადში დაახლოებით 200 დღე მარხულობენ. ზოგი მარხვა ერთდღიანია, ზოგი კი რამდენიმე კვირა გრძელდება.
ამ პერიოდში ადამიანები ძირითადად მცენარეულ ცხიმებს იყენებენ, თუმცა ყველა მათგანის მიღება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო არ არის.
რომელი ცხიმების მიღებაა რეკომენდებული მარხვისას და რა ტიპის ცხიმებისგან უნდა შევიკავოთ თავი?
კითხვაზე ენდკრინოლოგი ლალი ნიკოლაიშვილი პასუხობს.
„მოერიდეთ „სამარხვო კარაქს“ და მარგარინს, ასეთი პროდუქტები გაჯერებულია ტრანსცხიმებით, რაც პირდაპირ ზიანს აყენებს ორგანიზმს. აირჩიეთ ჯანსაღი მცენარეული ცხიმები.

მარხვის დროს, როდესაც ცხოველურ ცხიმებს არ ვიღებთ, მნიშვნელოვანია მათი სწორი ალტერნატივებით ჩანაცვლება.
საუკეთესო არჩევანია ზეითუნის ზეთი, რადგან ის მდიდარია ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავებით.
არაჩვეულებრივი პროდუქტია ავოკადო, რომელიც ასევე შეიცავს ომეგა-9-ს.
ნიგვზის და სელის ზეთი ორგანიზმს აწვდიან საჭირო ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს.
მზესუმზირას ზეთის გამოყენება დასაშვებია, თუმცა რეკომენდებულია მცირე და ზომიერი რაოდენობით.
ეს ცხიმები უზრუნველყოფენ გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ეხმარებიან ორგანიზმს „ცუდი“ ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში და ტვინის სრულყოფილად ფუნქციონირებაში და ამასთანავე იძლევიან დანაყრების შეგრძნებას, რაც მარხვის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“- გვირჩევს ენდოკრინოლოგი.
03/17/2026