ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ხშირად მშობლები და აღმზრდელები ბავშვის ჭირვეულობას, ყვირილს ან უხეშობას „აგრესიად“ ნათლავენ. თუმცა, ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ ის, რასაც უფროსები აგრესიად აფასებენ, ყოველთვის აგრესია არ არის და ხშირად ბავშვი ამ ფორმით საკუთარ გადაღლილობას ან საჭიროებებს გამოხატავს.

ბავშვის ჭირვეულობის და ე.წ. აგრესიის მიზეზად თამარ გაგოშიძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
ფიზიკური გადაღლა: ბავშვის ნერვული სისტემა იფიტება, რაც გაღიზიანებაში გადადის.
შიმშილი ან ძილის ნაკლებობა: ხშირად „აგრესიის“ პიკი სწორედ სადილის ან დაძინების წინ ვლინდება.
გარემო სტრესორები: მაგალითად, ხალხმრავალი მოლები, სადაც ბავშვი ითრგუნება.
"ცნება "აგრესიას" როგორ იყენებენ უფროსები, ეგ არის ხოლმე ძალიან საინტერესო. როცა ვეკითხებით - "აღწერეთ, თუ შეიძლება, ამ აგრესიულ ქცევას რას ეძახით?"
როგორც წესი, არ არის ხოლმე ის აგრესიული ქცევა. ის არის უბრალოდ ბავშვის მინიშნება მის საჭიროებაზე, იმაზე, თუ რა აწუხებს ბავშვს. ბავშვს რაღაცა აწუხებს, ამას ვერ გამოთქვამს, ემოციური მდგომარეობა აქვს ასეთი და გარედან ეს ჩანს აგრესიულ ქცევად.
ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც იღლება უბრალოდ ბავშვი, იფიტება და ამ დროს ეწყება გაღიზიანება. ჩვენ ეს უნდა გავიგოთ, რომ ბავშვი დაიღალა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ.

საბავშვო ბაღშია ხოლმე ეს დამოკიდებულება ხანდახან, რომ „აი, აგრესიულად იქცევაო“ – იძახიან.
რომ ვეკითხები, რომელ საათზე იქცევა "აგრესიულად" ბავშვი - პასუხია: - სადღაც პირველ საათამდე, სადილამდე...
ეგება ეძინება ამ დროს ბავშვს? ეგება დაიღალა? ამას ვინ აქცევს ყურადღებას?
ჩვენ ჩვენი პოზიციიდან ვუყურებთ და ჩვენ გვგონია, რომ ბავშვები ყველაფერს იტანენ. არადა ბავშვი დაღლილია, ან შია... ან მაგალითად, წაიყვანე მოლში და მადლობის მაგიერ, შუა მოლში გაგიმართა ისტერიკა. ჯერ კარგად უნდა გაარკვიო, რატომ ტირის ეს ბავშვი და რატომაა გაჭირვეულებული," - ამბობს თამარ გაგოშიძე განათლების ონლაინ სივრცე "რეფორმატორისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

რაც შეხება კონკრეტულ რჩევებს, ფსიქოლოგი ამბობს, რომ მზა რეცეპტი, რომელიც ყველა შემთხვევას მოერგება, არ არსებობს. თითოეული შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
"ბავშვის ქცევა მექანიკური არ არის. ამ ქცევებს თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ჩვენ არ გვცალია, რომ ამას ვუყუროთ. ჩვენთვის უფრო ადვილია მივიღოთ მზა რჩევები - დავსაჯოთ – არ დავსაჯოთ, მივაქციოთ ყურადღება – არ მივაქციოთ...
ასე არ არის. არის შემთხვევები, როცა უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის შემთხვევები, როცა იგნორირება უნდა გავუკეთოთ და არის შემთხვევები, როდესაც დასჯა ნიშნავს სიამოვნების მოკლებას – ფსიქოლოგების ენაზე. ანუ ერთი და იგივე რჩევა არ შეიძლება ყველა სიტუაციას მოვარგოთ. აი, ეს არის მთავარი რჩევა," - ამბობს ფსიქოლოგი.
05/06/2026