ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ეკა ბესელიამ ხუთი წლის წინ ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა -"და მე ქალი", რომელიც სულ რაღაც, ასი ეგზემპლარი დაიბეჭდა და საჩუქრად გადასცა მათ, ვისთვისაც განცდებით, სიყვარულით, გამოწვევებით, აღმართ-დაღმართით სავსე ცხოვრების გაზიარება არ დაენანა. გულახდილმა ტექსტმა მკითხველის გულამდე მიაღწია და ავტორს წიგნის ხელახალი დაბეჭდვა სთხოვეს. მაგრამ ეკა მიიჩნევს, რომ ამ ძალზედ პირადულ თემებზე დაწერილ ტექსტს, მხოლოდ ვიწრო აუდიტორიას უტოვებს.
ახლა პროფესიულ წიგნს წერს ადვოკატებისთვის. თვლის, რომ 50 წლის შემდეგ სხვა ეტაპზე გადავიდა და საკუთარ თავთან ყველაზე კომფორტული პერიოდი უდგას. აღარ სვამს კითხვას - რატომ? პასუხები იმაზე ცხადია, ვიდრე ოდესმე.
ეკა ბესელია "ზმნას" გულახდილ ინტერვიუს აძლევს.
- ქალბატონო ეკა, 50 წლის ასაკში, "და მე ქალი" რამ დაგაწერინათ?
ეკა ბესელია: რაღაც ეტაპზე ადამიანი აკეთებს შეჯამებას. ამას შინაგანად იგრძნობ, როდის არის პაუზის დრო. ეს პაუზა არის ხანმოკლე, შინაგანი ენერგიის ერთგვარი გადატვირთვა. ამ შესვენების დროს, რაღაც დროს, ვიდრე წინ გაიხედავ, უკან უნდა მოიხედო. მნიშვნელოვანი ეტაპის გადასვლაა. ეს ეტაპი 50 წლის ასაკში დამიდგა. პაუზა პირველად გავაკეთე.

მანამდე იყო ერთი მაღალი სიჩქარითა და ტემპით სვლა და მოსწრება. 50 წლის ასაკში კი დავდექი გზაჯვარედინზე, ავიღე მცირე პაუზა და უკან მოვიხედე პირველად. მომინდა იმის დაწერა, რაც დაგროვდა. ეს წიგნი არ არის საჯარო, სასაჩუქრედ დაიბეჭდა. არასდროს გაიყიდება და მასიურად ხელმისაწვდომი არ გახდება. ავტობიოგრაფიულია. მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ვიმეტებდი, ვისაც გავუზიარებდი ჩემს ისტორიებს. ბევრი მწერდა და მთხოვდა, დამებეჭდა კიდევ, ხელახლა. რამდენიმეს ელექტრონულად გავუზიარე, მათ, ვინც შეიძლებოდა ემოციურად ამყოლოდა. ეს უფრო ემოციების ნაკრებია, ვიდრე წიგნი. ასიდან ორი დამრჩა...
- რა მოგცათ ამ წიგნის დაწერამ?
- გადატვირთვის პროცესი იყო, რაღაც შევაჯამე, შვება ვიგრძენი და დავიწყე ცხოვრების მეორე ნახევარი. ზუსტად გავყავი. ბიოლოგიური და ემოციური ასაკი დაემთხვა. 50 წლის შემდეგ, ემოციურად სხვა ეტაპზე გადავედი.

ცხოვრება გავს კიბეს. მიყვარს ის ვიდეო, კაცი რომ ადის მაღლა, ვარდება ბატუტზე, ისევ ადის, ისევ - ვარდება. როდესაც მომავალ იურისტებს პროფესიული წარმატების საიდუმლოს ვასწავლი, ამ ვიდეოს მაგალითის მოყვანა ვიცი ხოლმე. რაც მაღლა ადიხარ, უფრო ძლიერად ენარცხები. მაგრამ ფეხზე ადგომასაც, ამ დროს, მეტი ძალისხმევა სჭირდება. დაუსრულებელი პროცესია. ვიდრე ცოცხალი ხარ, ის არ სრულდება. ასე რომ, ვაგრძელებ გზას...
- როგორია 50-ის შემდეგ თქვენი ცხოვრება?
- ახლა ვარ ჩემს თავთან კომფორტულ ურთიერთობაში. ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი. იქამდე იყო ბევრი - რატომ? ახლა "რატომ" აღარ არის. ვიცი, რა - რატომ ხდება.
- ეს რწმენაში გაძლიერებას მოაქვს.
- რა თქმა უნდა. უპირველესად რწმენას. ჩემი ისტორია გამორჩეულად რთული ისტორიაა, ისეთი განსაცდელები მაქვს გავლილი, რომ ამას ადამიანური ძალები არ ჰყოფნის. როდესაც მეკითხებიან, რა მაძლევდა ამ ძალას, ვპასუხობ, რომ რწმენა! ადამიანს, ვისაც აქვს რწმენა, აქვს შინაგანი ბოჭვა, რაც გაჩერებს.
- უამრავი რამ გადაიტანეთ. ეს მხოლოდ გაძლიერებთ?
- ყველა განსაცდელის შემდეგ, თუ არ გაექცევი და ზურგს არ შეაქცევ, არ დანებდები და შიშს თვალებში ჩახედავ, აღმოაჩენ, რომ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე იქამდე იყავი. ეს გაძლევს თავდაჯერებულობას. სიმყარეა, სიმტკიცეა. შინაგანად გამყარებს. უკვე იმ ეტაპზე ვარ, ერთი შიშის გარდა, შიში აღარაფრის მაქვს. არ მინდა უახლოესი ადამიანების დაკარგვა ვნახო. მეტი არაფერი... ბევრი წელი მქონდა სიკვდილის შიში, მაგრამ გადავლახე. სიკვდილის შიში ყველას აქვს. ეს მაშინ გადავლახე, როდესაც ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა... შემდეგ უკვე, როდესაც სიკვდილს რამდენჯერმე ჩავხედე თვალებში, როცა ყოველწამს შეიძლებოდა ეს მომენტი დამდგარიყო, მივხვდი, რომ აღარ მეშინოდა. მერე უკვე რწმენით გამიცნობიერდა. როცა დაიჯერებ, რომ არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე, მერე უკვე შიში ქრება...
- შიშს თვალებში როდის ჩახედეთ?
- წინა რეჟიმის დროს სულ იყო საფრთხე, ყველა დარბევის დროს და ტყვიების ზუზუნში. როცა წინა ხაზზე დგახარ და ფეხს არ იცვლი, როგორი შიშია იცით, ყოველდღე რომ თვალებში უყურებ. ეს დარბევები, შეიძლებოდა ნებისმიერ ჯერზე ფატალურად დამთარებულიყო. ერთხელ სახლში რომ მივედი და ქურთუკი რეზინის ტყვიებისგან დახვრეტილი რომ დავინახე, მაშინ მივხვდი რა საფრთხის წინაშე ვიყავი. შიშს რომ ამარცხებ, იცით, რა შეგრძენაა, ჩამოსხმულ ყალიბში ხარ, შიგნით, გამაგრებული.
- მაგრამ ღმერთთან ერთობას როცა გრძნობ, იქ უკვე ფუჭია ყველა შიში და შფოთვა. მაგრამ მაქამდე უნდა მიხვიდე.
- აი, ზუსტად. ეგ პროცესია. იმ წლებში პატრიარქს ხშირად ვნახულობდი. შეეძლო საუბარი. მეც ახლოს ვიყავი მასთან. საოცრად მიყვარს. მენდობოდა და თბილად მესაუბრებოდა. განსაცდელი რომ ჩაივლიდა, ვხვდებოდი ხოლმე. 6 მაისის, 15 ივნისის, 7 ნოემბრის, 26 მაისის - ამ მძიმე დარბევების დროს, სულ წინა ხაზზე ვიდექი. მივდიოდი და განცდებს ვუზიარებდი. ერთხელ მითხრა, უფალი ხელის გულით გამოგიყვანს ხოლმე განსაცდელიდანო. მერე ისევ თავგადასავლებში ვიყავი. მისი ეს ფრაზა სულ მახსენდება. უვნებლად იმდენჯერ გადავრჩი, ეგ განცდა მაქვს, უფალს ხელის გულზე დასმული გამოყავხარო, რომ მითხრა.

არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მასთან საუბრის გარეშე არ მიმიღია. უდიდესი გავლენა აქვს ჩემზე, ისევე როგორც ჩემს მოძღვარს, მამა კონსტანტინე ჯინჭარაულს. 29-ე წელია მცხეთის ჯვრის მონასტრის მრევლი ვარ.
დღემდე, არც ერში და არც ბერში, არავინ მინახავს, უფრო დიდი სიყვარულის მატარებელი, ვიდრე პატრიარქია. არასდროს მინახავს ოდესმე წყენა გამოეხატოს, სულ სიყვარულით ლაპარაკობს. უდიდეს სახელმწიფოებრივ ჭვრეტას ვხედავდი მასში. როდესაც ვმუშაობდი კანონზე - დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ, ამ თემაზე, მასთან დიალოგი მქონდა და სწორად ხედავდა შინაარსს და პროცესს. საერთოდ, სახელმწიფოებრივად ყველაზე დიდი მოაზროვნეა, ვინც შემხვედრია. როცა მასზე აუგს ამბობენ, მიუღებლობა მაქვს. არ იცნობენ და განსჯიან ზედაპირულად.
საერთოდ, იურისტობითა და რწმენაში შესვლის სინთეზით, ვისწავლე, რომ სწორი ხედვა მქონდეს. ეს დედამიწაზე საუკეთესო ფსიქოლოგისგან, ნანა ჩაჩუასგან ვისწავლე. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით. კარგი იურისტი - ნიშნავს იყო კარგი ფსიქოლოგი. დედის შემდეგ, ეს ორი ადამიანი, უწმინდესი და ქალბატონი ნანა, ჩემთვის ძლიერი იმპულსის მომცემნი იყვნენ, რომ მოვლენების სიღრმეებში შევსულიყავი.
- მხრებჩამოყრილი, დეპრესიულ მდგომარეობაში ფსიქოლოგს უნახიხართ?
- არა, არც მე მინახავს ასეთ მდგომარეობაში საკუთარი თავი. განსაცდელების გამო სევდიანი ან მწუხარე შეიძლება ვუნახივარ, მაგრამ მრებჩამოყრილი, უიმედო და დეპრესიული, არასდროს მახსოვს ჩემი თავი. მაგ კონდინციამდე არ მივდივარ. არ ვარ სუსტი.
- და ეს დამღლელი არ არის?
- როგორ არ არის? სულ მგონია, რომ აბჯარი მაცვია და ბრძოლაში ვარ. ეს ნიშნავს, რომ შინაგანად სენტიმენტალური შეიძლება იყო. ცხადია, მქონია რთული მომენტი.
- და რა გინდებათ ასეთ დროს?
- სიჩუმე, მშვიდი გარემო და მუსიკა. კლასიკა მშველის. შოპენს, მოცარტს ვუსმენ. კლასიკური მუსიკის მოსმენა ფსიქოლოგიური დამხმარე საშუალებაა. როცა ვმუშაობ, დაბალ ხმაზე სულ ჩართული მაქვს მუსიკა. მეხმარება შვილებთან საუბარი.

- როგორი დედა ხართ?
- ორი შვილი მყავს და ორივე სხვადასხვანაირად გავზარდე. გოგოს მეტი თავისუფლება მივეცი, თან უმცროსია. ბიჭს უფრო ვაკონტროლებდი. მივხვდი, რომ მისთვისაც მეტი თავისუფლება უნდა მიმეცა. შვილს უფრო ადრე უნდა გაუშვათ ხელი. ადრევე უნდა მისცეთ დამოუკიდებლობის შეგრძნება, რომ სირთულეების გადალახვა თავიდანვე შეძლოს.

რატი 19 წლისამ გავაჩინე. ეს ძალიან პატარა ასაკია. ამ დროს დედის როლი, გაცნობიერებული არ არის. მის ნაცვლად ბევრ რამეს ჩემს თავზე ვიღებდი. მერე ხვდები, რომ ეს კარგი არ არის. მე იმიტომ ვარ ასეთი ძლიერი, რომ სირთულეების გადალახვა თვითონ დავიწყე. რაც უფრო ადვილად გაუშვებ, უკეთესია. არადა, დედას ჰგონია, რომ შეეხიდება, ან შვილის ნაცვლად აკეთებს რამეს - კარგია.
ახლა მეუბნება რატი, რომ მეტად მკაცრად უნდა მომქცეოდი და მიგეშვი, რომ სირთულეები მარტოს მომეგვარებინაო. ლიზა სულ გრძნობს, რომ მის ზურგს უკან ვარ, საყრდენად, თუმცა დამოუკიდებლად დგამს ნაბიჯებს.

ლიზა ახლა 21 წლისაა, რატი - 33 წლის. ჩვენ მეგობრები ვართ. არ ვარ მკაცრი დედა. თავისუფლება აქვთ, დემოკრატი დედა ვარ. ვეუბნები, შენ როგორც გინდა, ისე გააკეთე, მაგრამ ასე უკეთესი იქნებოდა. ეგოისტი დედა არ ვარ. მათ პირად ცხოვრებაში არ ვერევი, უბრალოდ ვეხმარები. შვილზე ძვირფასი ხომ არავინ ჰყავს დედას, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის ჩვენი საკუთრება არ არის.
ლიზამ ის გზა აირჩია, რასაც მე ავირჩევდი იურისტი რომ არ ვყოფილიყავი. მას მამაც იურისტი ჰყავს, მაგრამ გადაუხვია ოჯახის ტრადიციას და ხელოვნებას გაჰყვა. ერთდროულად ამთავრებს პარიზის დიზაინის აკადემიას და თბილისში ხელოვნებათმცდონეობის ფაკულტეტს. რთულია, თუმცა ძალიან ნიჭიერია და ახერხებს ერთდროულად ბევრი რამის კეთებას. ხატავს, იღებს, ფოტოხელოვნებით არის დაკავებულია. მოდის დიზაინს აკეთებს. საუკეთესო ფრანგი და სხვადასხვა ეროვნების ექსპერტები ასწავლიან, ესკიზებს აკეთებს. თან შეყვარებულია. მიზიარებს ემოციებს. რჩეული მალევე გამაცნო. მომწონს მისი არჩევანი.
- ანუ მალე, შესაძლოა, სიდედრი გახდეთ?
- აი, მაგ ნაწილში ცოტა მიჭირს. რატის მეუღლე იოლად მივიღე, მაგრამ ლიზას გათხოვების თემაზე რომ ვფიქრობ, ამის გააზრება მიჭირს და იქნებ გვიან მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ვეუბნები, 25 წლამდე არ გათხოვდე-მეთქი. ღიმილით მეთანხმება, თუმცა რას იზამს, არ ვიცი.
- ჯერ ბებია არ ხართ...
- არა, ჯერ რატის შვილი არ ჰყავს. რძალი შვილივით მიყვარს. ძალიან მინდა ბებიობის განცდა. მაინტერესებს.
- რატის ინციდენტი რეზონანსული იყო...
- წარსულის ტრავმა განმიახლდა - იმ ისტორიის, რაც რატიმ და ჩემმა ძმამ, ჩემი საჯარო პროტესტის გამო გაიარეს. ეს წნეხი ჩემს ოჯახის წევრებზე გადავიდა. ის სისტემა მათ წინაშე არაადამიანურად მოიქცა. მაშინ რატი 15 წლის იყო. სირთულეები პატარა ასაკში გადაიტანა.

ორი წელი ებრძოდა. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მაშინ, ნანა ჩიჩუას დიდი ამაგი აქვს, რომ ფსიქოლოგიურად არ გატეხილიყო. დაძაბულობა, რომ ისევ ეს არ გაევლო, ახლა მქონდა. მისთვისაც და ჩემთვისაც ემოციურად მძიმე იყო.
რატის ახლა აქვს საუკეთესო ეტაპი. სხვაგვარად მოწესრიგებულად აკეთებს ყველაფერს, კითხულობს, ვარჯიშობს, ლოცულობს, სიგარეტსაც დაანება თავი. არც სვამს, არ უყვარს. უცნაური იყო, იმ დღეს რომ ოდნავ ნასვამი იყო. დაბადების დღიდან მიდიოდა სახლში. წინასწარ არ ვარქმევ სახელს, ეს ინციდენტი წინასწარ იყო პროვოცირებული, თუ მერე აღმოჩნდა ექსცესი, პოლიციელები, ამ საქმეში, იქცევიან ყველა წესის და ნორმის დარღვევით. ყველაფერს არღვევენ.
საქმეში ვიდეო რომ ვნახე, თვითონ მოვინდომე მისი გასაჯაროვება, სრული ვერსიით, ვიდრე სამთავრობო პროპაგანდა მის მიჩეხვა-მოჩეხვას დაიწყებდა. ეს რომ რთულ ამბავში გადაეზარდათ, არ ვიცი, რას ვიზამდი. ხუთ დღეში კი გამოვიდა, მაგრამ ამ ისტორიის მეორე ნაწილს ვაგრძელებ, იმ პოლიციელების დასჯას ვითხოვ, ვინც რატიზე ფიზიკურად ძალადობდა, ურტყამდა. რატი რომ ფიზიკური ტკივილის გამო იგინებოდა, პროცესზე ბოდიში მოიხადა; იმ პოლიციელებს უთხრა, თქვენს დედიკოსთან ბოდიშს ვიხდი, თავი ვერ გავაკონტროლეო. ძალადობის დროს შეიძლება საპასუხო რეაქცია საუკეთესო ფორმით არ იყოს გამოხატული.
ისტორია აქედან არ იწყება. რატომ დააკავეს? ადამიანი მოძრაობის წესს რომ არღვევს, უნდა დააჯარიმო, გადმოსვა, კი არ უნდა დააკავო. სახელსა და გვარს ეუბნება რატი, ანუ იდენტიფიკაციას აკეთებს, ეს აუცილებელი წინაპირობაა, რომ არ დააკავო. როცა არ იცი ვინაობა, მაშინ შეიძლება ასე მოიქცე. მოკლედ, ამ საქმეს ვაგრძელებ და ბოლომდე მივიყვან. ეს არის პრევენცია სხვებისთვის. დამატებით ენერგიას დავხარჯავ იმისთვის, რომ ასეთი პოლიციელები არ იყვნენ სისტემაში. სხვებსაც არ შეეხონ. ისინი არ უნდა მუშაობდნენ პოლიციაში.
- მანქანიდან გადმოსვლისას დედის სახელი რომ გააჟღერა, ამას მოჰყვა რეაქციები...
- ტროლ-ბოტი და მათი მსგავსნი ყალბი ანგარიშებიდან აკომენტარებდნენ. ეს არ მაინტერესებს. ვისაც გულწრფელად აინტერესებს და ვერ გაიგო, მათთვის ვამბობ: თუ იურიდიულად პირის ვინაობა არ არის იდენტიფიცირებული და არ იცი, ვის აკავებ, ეს კანონით დაკავების, ერთ-ერთი საფუძველია; როცა ვერ უშვებ ადამიანს. რატი ბოლოს ამბობს ჩემს სახელ და გვარს. მაგრამ ისე მოჭრეს ვიდეო, რომ აქედან დაიწყო, თითქოს პირველად ეს თქვა, რომ ეკა ბესელიას შვილია.
ჩემმა ლიზიმ მითხრა, მეც ვიცი, ეს კანონი და სამართალი; მეც ვიტყვი ჩემი სახელი და გვარის შემდეგ, შენი შვილი რომ ვარო. ჩემმა შვილებმა ჩემგან იციან, როგორ უნდა მოიქცნენ პოლიციელიები დაკავების დროს.
მე ხომ არ ვარ თანამდენბობის პირი, ხელშეუხებლობის გარანტია ხომ არ მაქვს და ამიტომ ხომ არ ეუბნებოდა, ეკა ბესელიას შვილი ვარო? ჩემმა შვილმა, ბუნებრივია, იცის, ზღვარს რომ გადავიდა ძალადობა, მერე ამიტომ დამასახელა, რომ მათთვის შემაკავებელი ყოფილიყო. მე იმას კი არ ვამბობ, ნასვამი რომ მართავდა საჭეს, უნდა ეპატიოს. არა. დააჯარიმეს, მართვის მოწმობა ჩამოართვეს. ეს იმ დროს არ გააკეთეს, პირდაპირ ცემა და დაკავება დაიწყეს.

- როგორ არის ახლა?
- გამოკვლევას უტარებენ. იზოლატორშიც უხეშად მოექცნენ. თხელი აღნაგობისაა, ექვსი კაცი ეჯაჯგურებოდა, დღემდე ტკივილები აქვს ზურგზე. ერთი კვირა განცდებში იყო, გაუჭირდა, მაგრამ თქვა, გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებასო. კარგი ტემპით მიდიოდა…
თავისი პატარა საქმეები აქვს. კერძო სექტორშია... გეტყვით ფსიქოლოგის შეფასებას, რომელიც ჩემს შემდეგ მას ყველაზე კარგად იცნობს; რატი არის ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრს ყველაფერში ვანდობო. უსუფთავესი შინაგანი სამყარო აქვს, უკეთილესი და ძალიან სამართლიანია. ამით მგავს. შინაგანად გულწრფელია, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს, ძალიან სანდო ადამიანია. არასდროს დახრის თავს, როცა შეურაცხყოფას აყენებენ. ლიზაც ეგეთია. არავის აწყენინებენ, თუ მათ არასწორად ექცევიან, თავს არ ჩაღუნავენ. ორივე ასე გავზარდე. მეორე ლოყას არ მიუშვერენ. არც მე ვარ ასეთი. ჩემი ხასიათია. თავს არ დახრიან, რადგან ისწავლონ და შეძლონ წინააღმდეგობების დაძლევა და უსამართლობასთან გამკლავება.

- დედის სახელს რამდენად იყენებენ?
- არასდროს. ლიზა პატარა იყო, მე რომ პარლამენტში ვიყავი, თანამდებობის პირი. ის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა. მძღოლს დილით რომ მივყავდი, ლიზიც მიმყავდა სკოლაში. სკოლასთან არასდროს მაჩერებინებდა მანქანას. შორს ჩამოდიოდა, რომ არავის ენახა მე და ჩემს მძღოლს რომ მიგვყავდა. არასდროს ამბობდა, რომ ჩემი შვილი იყო. ბებომ მომაკითხოს სკოლაშიო. არ მოსწონდა ოდნავ პრივილიგირებულად თუ შეხედავდა ვინმე. ეს თვისებები მასში მომწონდა. მაშინ მე ვცდილობდი დამენერგა პარლამენტში, რომ თანამდებობა არ არის პრივილეგია. თანამდებობა პასუხისმეგბლობაა. რომ ხედავდა აკრძალვებით ვცხოვრობდი, იგივეს აკეთებდა. ლიზი და რატი არავის არ აგრძნობინებდნენ უპირატესობას. მათგან კი თხოვნებით ვიღლებოდი, დედა, ამას დაეხმარე, იმას დაეხმარეო. განსაკუთრებით რატი მოდიოდა თხოვნებით.
- მოსწოთ რომ ახლა შედარებით ჩრდილში ხართ?
- ეს უფრო მოსწონთ. სახლში ხედავენ დედას...
(ინტერვიუს მეორე ნაწილს დაელოდეთ კვირას)
02/20/2026