Logo

ჩვენი ისტორია

როცა დიდი მგოსანი ადვოკატი ხდება - დაკარგული სიტყვა, რომელმაც ხალდელი აჯანყებულები სიკვდილით დასჯას გადაარჩინა

როცა დიდი მგოსანი ადვოკატი ხდება - დაკარგული სიტყვა, რომელმაც ხალდელი აჯანყებულები სიკვდილით დასჯას გადაარჩინა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რუსეთის იმპერიულმა მთავრობამ სვანეთში მიწების აღწერა, მძიმე გადასახადების დაწესება და ადმინისტრაციული კონტროლის გამკაცრება განიზრახა, რასაც ადგილობრივების ძლიერი წინააღმდეგობა მოჰყვა. საპასუხოდ, იმპერიამ თავისუფალ სვანეთში სადამსჯელო ექსპედიცია გაგზავნა. არტილერიით შეიარაღებულმა ჯარმა სოფელი ხალდე, თავის კოშკებიანად, მიწასთან გაასწორა და ამ ტერიტორიაზე დასახლება მკაცრად აკრძალა.

დანგრეული ხალდე

32-ზე მეტმა შეიარაღებულმა ხალდელმა ხანგრძლივი, თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწია სადამსჯელო ექსპედიციას. იმპერიულმა მანქანამ მათ წინააღმდეგ უზარმაზარი ძალა გამოიყენა: ალექსანდროპოლის (დღევანდელი გიუმრი) ქვეითი ლეგიონი, 2 ცხენოსანი ასეული, 39-ე საარტილერიო ბრიგადის სამთო ბატარეა, მესანგრეთა რაზმი, გურულთა ქვეითი ასეული, კახელთა მილიციის ასეული და ბეჩოს სამხედრო ნაწილი.

ხალდეს გმირები

1875–1876 წლების ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენს მკითხველს ცოტა ხნის წინ გავახსენეთ. ამჯერად ყურადღება სასამართლო პროცესზე უნდა გავამახვილოთ, რომელზეც აჯანყების ჩახშობის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილები - მთელი სოფელი და მათ შორის მოზარდები - დასვეს საბრალდებო სკამზე.

საარქივო გამოცანა და აკაკის ტრიბუნა

სასამართლო ქუთაისში გაიმართა. თავმჯდომარე - კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლოს გენერალ-მაიორი სტეფან ლეიხტი, წევრები: პოლკოვნიკი ბიკოვი, პოლკოვნიკი წულუკიძე, შტაბსკაპიტანი ლუპოლოვი, პავლიცკი, გენვიჩი და სხვები. განსასჯელებს ბრალად ედებოდათ აჯანყების მოწყობა, რომლის დროსაც მოკლეს რამდენიმე ჯარისკაცი და პოლიციელი. აჯანყებული სვანების უფლებებს იცავდნენ: ლუარსაბ ლოლუა,დავით ლორთქიფანიძე და სხვები, მათ შორის დიდი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი. როგორც ერთ საინტერესო საარქივო ხელნაწერშია მითითებული, იგი პროცესზე არ გამოდიოდა, როგორც ნაფიცი ვექილი, რადგან ასეთი წოდება არ ჰქონდა, არამედ - როგორც საზოგადო დამცველი. საფიქრებელია, რომ აკაკი სასამართლოში მაშინდელი მოწინავე ქართული საზოგადოების თხოვნითა და სურვილით ჩაერთო, რადგან საზოგადოება უაღრესად აღშფოთებული იყო საშინელებით, რაც მეფის რუსეთის სადამსჯელო რაზმებმა ხალდეში ჩაიდინეს.

აკაკი წერეთელი

„სვანების საქმე გამომიგზავნა ნიკომ, კარგი შემთხვევა არის“, - წერდა აკაკი ცნობილ პედაგოგს, არისტო ქუთათელაძეს. ნიკო ნიკოლაძე თავად იყო აჯანყებული სვანების დაცვის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოთავე. აკაკიმ თავის დას, ანასაც მისწერა: „სანამ სვანების საქმეს არ მოვრჩები...“ პოეტი მთელი სულით და გულით ჩაერთო ხალდეში დატყვევებულების გადარჩენის საქმეში და სასამართლო ტრიბუნა საქართველოში მეფის რუსეთის რეაქციული პოლიტიკის სამხილებლად გამოიყენა.

ნიკო ნიკოლაძე

მართალია, თავად საარქივო ფონდებში სასამართლოზე დიდი მგოსნის მიერ წარმოთქმული სიტყვის კვალი მწირია, აკაკი სიტყვის ფრაგმენტები მოუძიებია ან აღუდგენია ცნობილ ისტორიკოსს და მკვლევარს თეიმურაზ მიბჩუანს. ის 1990 წელს აირჩიეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის გამგედ.

თეიმურაზ მიბჩუანი

აი, რას წერდა თავის ძველ ნაშრომში: „აკაკის სასამართლო პროცესზე არაერთხელ მისცეს შენიშვნა, რათა უფრო ფრთხილი ყოფილიყო, მაგრამ პოეტმა სიმართლით აღსავსე სიტყვა ბოლომდე თქვა: „ბატონო მოსამართლენო, თქვენს წინაშე საბრალდებო სკამზე თავისუფალი სვანეთი, ამჟამად განადგურებულ სოფელ ხალდეს მცხოვრებნი სხედან. მათ ბრალი ედებათ იარაღით ხელში ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ასე და ამრიგად, მათ ჩაიდინეს „დანაშაული. “მაგრამ რა არის დანაშაული? ეს ცნება არ არის აბსოლიტური ჭეშმარიტება, არამედ არის შეფარდებითი და პირობითი. ვისთვის დანაშაულია და იდევნება ის, რაც სხვისთვის სასახელო და საგმირო საქმეა. უდიდეს რეფორმატორებს, რომლებიც კაცობრიობის საკეთილდღეოდ იბრძოდნენ, კოცონზე სწვავდნენ. მსაჯულები, რომლებსაც ესოდენ მკაცრი განაჩენი გამოჰქონდათ, დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ უმწიკვლობაში. გავიდა საუკუნეები, შეიცვალა შეხედულებანი და მომდევნო პერიოდმა განაჩენი თვით ინკვიზიტორებს გამოუტანა.“

სტატია

აკაკი წერეთელმა სასამართლოზე ბოლომდე ამხილა ცარიზმის შავი საქმეები და დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ სვანეთის აჯანყების მოთავეებისთვის დახვრეტა გადასახლებით შეეცვალათ. გაასამართლეს 30-ზე მეტი პირი, მათ შორის მოზარდები. მათზე აკაკის დაცვითი სიტყვა განსაკუთრებით ემოციური ყოფილა:“ მათ იარაღი ხელში არ სჭერიათ, მთელი მათი „დანაშაული“ ისაა, რომ დაინახეს რა საშიშროებაც მშობლებს მოელოდათ, არ ისურვეს მათთან დაშორება. ჩვენს შვილებს ასეთი რამ რომ მოსვლოდათ, მათ ქებას ვერ აუვიდოდით.“

საარქივო დოკუმენტო

ავტორი: ელენე ლომთაძე

09/02/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024