საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ძაღლების თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ემოციურ პოსტში, ადამიანის ოთხფეხა მეგობრის უნიკალურ თვისებას ეხება; რომ კრიტიკულ სიტუაციაში, ძაღლი თვალებში უყურებს ადამიანს და მის სახეს აკვირდება.

"ძაღლი კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის უყურებს ადამიანს თვალებში. ეს არ არის ლირიკა, ეს არის დადასტურებული მეცნიერული ფაქტი – ძაღლი ერთადერთი ცხოველია, რომელიც პრობლემის გადასაჭრელად და გადასარჩენად ადამიანის სახეს აკვირდება.
როცა მათ, სავარაუდოდ, ღუმელისკენ მიათრევდნენ, ისინი ბოლო წამამდე ელოდნენ შველას იმ ადამიანებისგან, ვინც მათ გარს ეხვია. მათ გენეტიკაში დევს ადამიანისადმი ნდობა.
იმათ, ვინც სავარაუდოდ ეს ჯოჯოხეთი მოაწყო და საკუთარი ხელით ჩაიდინა, მინდა ერთი რამ იცოდნენ: თქვენ წინ იდგნენ სრულად ცნობიერი არსებები, რომლებმაც ბოლო წამამდე იცოდნენ, რომ კვდებოდნენ.
მათ აუტანლად სტკიოდათ, კანკალებდნენ და შველას ითხოვდნენ.
ის ემოციური სიბრმავე, რაც ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ ცოცხალი, მგრძნობიარე არსება ცეცხლში შეაგდოს და მისი ტანჯვა უბრალო სამუშაო რუტინად აღიქვას, არის ადამიანობის საბოლოო და შეუქცევადი წაშლა. ფაქტები ჯიუტია, მეცნიერება კი პირდაპირ გვეუბნება: მათ ყველაფერი გაიგეს და ყველაფერი იგრძნეს. საზოგადოებამ ეს არ უნდა აპატიოს" - წერს ელიზბარაშვილი ფეისბუქზე.
4 აპრილს, სახელმწიფო კანცელარიასთან, დაანონსებულია ცხოველთა მოყვარულთა შეკრება. ისინი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ არაჰუმანურ ქმედებებს აპროტესტებენ და ითხოვენ კანონის შეცვლას.
04/02/2026