საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„იმ დროშის დახრა არ შეიძლება“
ამჯერად გიყვებით პოეტ მუხრან მაჭავარიანის არჩევანზე, გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ეროვნულ- გამანთავისუფლებელი მოძრაობის გარიჟრაჟიდან ყოფილიყო საპროტესტოდ გამოსული ახალგაზრდების გვერდით, არა მარტო სიტყვით, არა მარტო ლექსით, არამედ - საქართველოს სამფეროვანი დროშით ხელში, პირდაპირ ანტისაბჭოთა საპროტესტო აქციებზე.
„ეს ვინ ყოფილა, ბატონო, რუსი?
ეს რა ყოფილა, ბატონო, რუსი?!
არ მოგვანატრა ლახტი და გურზი
თემურ ლენგისა და მურვან ყრუსი.“
მუხრან მაჭავარიანი, 1990
იმ ბობოქარ წელს შესანიშნავ ქართველ პოეტს, მუხრან მაჭავარიანს, 60 წელი შეუსრულდა. მაშინ მასზე ბევრი ითქვა და დაიწერა. გამოქვეყნდა პოეტის ლექსები, რომლებიც იყო და არის ზუსტი გამოძახილი მაშინდელი და დღევანდელი საქართველოს წუხილის და სულისკვეთების.

1990 წელი ის დროა, როცა კრიტიკოსი აკაკი ბაქრაძე წერდა:
„საქართველოშიც დადგება დრო, როცა პოეტები თავის საქმეს გააკეთებენ და პოლიტიკოსები — თავისას. მაგრამ სანამ ეს დრო არ მოსულა, პოეტიც იქ უნდა იდგეს, სადაც ქარიშხალია, ინჟინერიც, ექიმიც და აგრონომიც, ხაბაზიც და თერძიც, ბუღალტერიც და მზარეულიც“.
მაშინდელ პოეტებს შორის, ქარიშხალში მდგომთა შორის, ერთ-ერთი მოწინავე მუხრან მაჭავარიანი იყო. გაზეთმა „ლიტერატურულმა საქართველომ“ შემოგვინახა, როგორ მიულოცა მას 60 წლის იუბილე ჩვენმა კიდევ ერთმა გამორჩეულმა პოეტმა, ტარიელ ჭანტურიამ:
„ახლოვდება მუხრანის ცხოვრებისა და ლექსის მთავარი აზრის აღსრულების ჟამი და ეჭვი არ მეპარება, მისი ჭრილობები კიდევ უფრო მოიმატებს და გაღრმავდება. რას იზამ, ასეთია პოეტისა და მამულიშვილის ბედი, და ნამდვილი პოეტისა და ნამდვილი მამულიშვილის ბედნიერებაც, ალბათ, სწორედ ამაშია.
შარშანდელი 4 აპრილი მაგონდება (იგულისხმება 1989 წლის 4 აპრილი, როცა თბილისში დაიწყო დიდი ანტისაბჭოთა აქციები). უნივერსიტეტის ეზოში გამართული დიდი საპროტესტო მიტინგის მონაწილეებმა მუხრან მაჭავარიანს გადასცეს ჩვენი ეროვნული დროშა და წინ გაძღოლა სთხოვეს. მუხრანმა უდიდესი მოწიწებით გადაიხადა მადლობა ნდობისთვის და მერე ათასები მისი წინამძღოლობით გავემართეთ საბედისწერო ადგილისკენ. იმ დროშის დახრა არ შეიძლება!“

იმ ისტორიული და გარდამტეხი ბრძოლის უფრო მძაფრად შესაგრძნობად, გავიხსენოთ მუხრან მაჭავარიანის ლექსი, რომელიც ასევე 1990 წლის პრესაში გამოუქვეყნებია:
„ადამიანებს მადიანად ხრავდა ჯალათი,
ღრანჭი ღეჭავდა საქართველოს სამოცდაათი,
ცხადი რომ გახდეს, რას ვიტანდით და რას ვითმენდით,
საკმარისია ათასცხრაასოცდაჩვიდმეტი.
უხმოდ ბღაოდა არემარე შესაბრალისი,
სდუმდა დიდგორი, სდუმდა კრწანისი.
ბოლოს და ბოლოს, როგორც ერთმა ბრძანა ტფილელმა,
მოთმინებასაც ხომ თავისი აქვს მოთმინება?
და ამოინთხა გულში წლობით ჩაღვრილი ბოღმა,
და ქედუხრელი დატრიალდა ხელახლა მოყმე;
დღეს ამ ნიაღვარს, თუ ბიჭი ხარ, წინ დაუდექი —
ახალგაზრდობა, ვენაცვალე, გრგვინავს უტეხი!“
ბრძოლაში, რომლის შედეგადაც 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მმართველი კომუნისტური პარტია დამარცხდა, მოგვიანებით კი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, ახალგაზრდობამ გადამწყვეტი სიტყვა თქვა. ლოგიკური იყო, რომ 1989 წლის აპრილის გრანდიოზულ აქციებზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეკრებულ სტუდენტთა დიდ კოლონას წინ სწორედ მუხრან მაჭავარიანი გაუძღვა. აი, რატომ იყო ლოგიკური..

ცოტა უფრო ადრინდელ პერიოდს გაგახსენებთ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დასაწყისს. 1988 წელს საბჭოთა ხელისუფლება განსაკუთრებული შიშით ეკიდებოდა სტუდენტთა საპროტესტო აქტივობას დავით გარეჯის გადასაჩენად, გიგანტური ჰესების წინააღმდეგ და ა.შ. პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელებს მოუწოდათ, ახალგაზრდების შეჩერებაზე კი არ ეფიქრათ, არამედ ყურად ეღოთ ახალგაზრდების მოთხოვნები. ამონარიდი მისი მაშინდელი მიმართვიდან:
„როგორც მართებულად ამბობენ, პრობლემები არასდროს დაილევა და ამიტომ არც მიტინგები შეწყდება. მერედა, რა არის ამაში შემაშფოთებელი? ყოველ დემოკრატიულ ქვეყანაში ხშირად იმართება მიტინგები და მანიფესტაციები.
ხალხი მათ არ მოუსმენს, თუ ისინი მართალი არ იქნებიან. ხალხსა და მთავრობას შორის ურთიერთშიში მაშინ სუფევს, როცა მთავრობა უსამართლოა. ხოლო როცა მთავრობა სამართლიანია, არც ხალხს ეშინია მთავრობისა და არც მთავრობას - ხალხის.
სამოცდაათი წლის განმავლობაში გარეთ „ვაშას“ ვიძახდით, შინ კი — „ვაის.“გარეთ ტაშისცემით ხელებს ვიტყავებდით, შინ - ხელებს თავში ვიშენდით. სწორედ იმ შინ „ვაის“ ძახილმა და თავში ხელების შენამ შვა ეს ახალგაზრდობა. ისინი ახლა გარეთ, ქვეყანაში, ხმამაღლა ყვირიან იმას, რასაც ჩვენ შინ ჩურჩულით და შიშით ვამბობდით.“
ასე რომ ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის განახლების გარიჟრაჟზე პოეტი მუხრან მაჭავარიანი თამამი ახალგაზრდების და თამამი პროტესტის მხარეს იდგა ანუ იქ, საიდანაც ქარიშხალი უბერავდა.
იმ დროშის დახრა არ შეიძლება.

01/21/2026