ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბიზნესმენი ჯონი გიგანი იუბილარია. თაკო ჩარკვიანისა და ბიზნესმენის ოჯახური თანაცხოვრება 32 წელს ითვლის. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს, ირმა გიგანი ცნობილი პიანისტია. ირმა, მამის დაბადების დღეზე, ევროპიდან ორი დღით სიურპრიზად ჩამოფრინდა. როგორც თაკო "ზმნასთან" ამბობს, მის მეუღლეს არ უყვარს საჯაროობა, ცხოვრობს თავისთვის, უყვარს სამშობლო და საკუთარი პრონციპების ერთგული რჩება.
თაკო ჩარკვიანი: 32 წელია ერთად ვართ. დრო უფრო ძვირფასს ხდის სიყვარულს. ამიტომ დავუწერე, "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი..."
ხუმრობის გარეშე ასეა. წლების გასვლის შემდეგ, სხვა გაცნობა მოდის. რომ ამბობენ, სიყვარული გახუნდაო, მეღიმება. როცა ნამდვილია, რა გაახუნებს სიყვარულს? პირიქით, ძლიერდება, ამაში ორი აზრი არ არის.

გაცნობა იყო უცნაური. მამუკას გოგოს, ირინოლას გამოსაშვები საღამო ჰქონდა წყნეთში. წყნეთში, ჩვენს კოტეჯში ვიყავით, ჩაცმულს ვაცილებდი, ბანკეტზე უნდა წასულიყო და კარი ღია მქონდა. მანქანამ გაიარა, რომელშიც გივი სიხარულიძე და ჯონი ისხდნენ. გივი შემთხვევით დამგზავრებია, საქმე მაქვს წყნეთშიო. ჯონი თავის მეგობარ ირაკლი თოფაძესთან ადიოდა... მანქანა ნელ-ნელა მიდიოდა. მე გავიხედე, ხმით ვიცანი გივი, რომელმაც დაიძახა, ვერ მიმასწავლი ამა და ამ ადამიანის კოტეჯსო? მანაც მიცნო, თაკო, შენ ხარო? მივასწავლე, ვისაც ეძებდა. მერე გივი ხუმრობდა, კაცო, მანქანას აღარ ძრავდა ჯონი, ვერ გავიგე რა ხდებოდა, დავიბენიო...


ზუსტად სამ წუთში მანქანა მოტრიალდა გივისთან ერთად. ვიფიქრე, ვერ იპოვა, ვისაც ეძებს-მეთქი. ამ დროს ჩემთან მოვიდნენ ჩემი მეგობრები, ერთ-ერთი მათ შორის, ნესტან ციციშვილი. წყნეთში ასეა, შეგროვება და ქეიფი უცებ ხდებოდა. მაშინაც მოვგროვდით, ვიმღეროთო... მოკლედ, გივი მეუბნება, შეიძლება ჩვენც შემოვიდეთო? თურმე ეს უკვე ჯონის ჩაწყობილია. შემოგვირთდნენ და ასე გავიცანი ჯონი.
ჯვარი ერთი წლის შემდეგ, მამა გიორგი ასათიანმა ჯვრის მამაში დაგვწერა. ბევრი მგალობელი იყო, საგუნდოს გოგონები. მე ხომ კონსერვატორიაში საფორტეპიანო მაქვს დამთავრებული. გოგონებმა დიდხანს იგალობეს... მერე, ხელის მოწერამდე ჯონი დაჭრეს. 90-ანი წლები იყო. ბიზნესის დაუფლების მიზნით, კაბინეტში ოთხჯერ ნასამართლევი რეციდივისტი შეუვარდა. მარცხენა ხელი ჰქონდა ჩამოკიდებული, ნაოპერაციები და მამუკა ეხუმრებოდა, მარჯვენა ხომ ფორმაში გაქვს, მოწერას შეძლებო და 29 ივლისს მოვაწერეთ ხელი.

რომ არ ყოფილიყო დიდი და ნამდვილი ურთიერთობა, არ იყო იოლი იმ პერიოდის გამოვლა. მძიმე დრო იყო. მხედრიონელებს შეფარებული კულინარიელების ბანდა - "ბოროტებს" რომ ეძახდნენ, ჯონის ემტერებოდნენ. მიზეზი იყო ერთი - ბიზნესი. თუ ვინმეს ბიზნესი ჰქონდა, უნდა დაერეკეტებინათ. ასე იყო მთელ საქართველოში. ჯონისთან რეკეტი ვერ გამოსდიოდათ, რადგან მას არ ესმოდა, როცა ადამიანი შრომობს, ვიღაც შემოვარდეს და წაართვას! არა! გაჭირვებულს დახმარებია უამრავჯერ. ჩუმად და წყანარად, ეს მისი ბუნებაა. ადამიანებს ჩუმი კეთილშობილებით მთელი ცხოვრება ისე ეხმარებოდა, არავის არ გაგვიგია. მაგრამ ბიჭო, შენ თვეში ამდენი უნდა გადაიხადო - ეს არ ესმოდა, ვერ იგებდა.

ერთხელ ვღელავდი და ვუთხარი, როდემდე შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა, ერთხელაც მოგკლავენ-მეთქი და ძალიან გაკვირვებულმა შემომხედა. მიპასუხა: არ მესმის, რას მთხოვ. ჩვენთან სვანეთში, ბაბუაჩემი ამბობდა, სტუმარი რომ მოვა, ხარი უნდა დაუკლა. პატივი უნდა სცე, დიდ გზას მოდიან და უნდა დააპურო და ისე გაუშვაო... მაგრამ აი, სამტროდ მოსულმა, შეიძლება ცოლი და შვილიც მოგთხოვოსო! ცუდად გავხდი. ეს რომ თქვა, მივხვდი, რომ აბსოლუტრად ორგანული იყო მისთვის ის, როგორადაც იქცეოდა. მას შემდეგ ამაზე ჩემგან ხმა არ გაუგია. რეკეტიორის მივარდნა და დათმობა, აღზრდით და ადათით მიუღებელი იყო მისთვის. იარაღით ბანდიტების შემოვარდნა აღქმული ჰქონდა არა ბიზნესის, არამედ ღირსების დატერორებად. მე მგონი, წესიერად გავიარეთ ეს გზა. სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია.

- პოლიტიკაში რომ მოხვედით, რა რეაქცია ჰქონდა?
- მე რომ პოლიტიკაში ჩავერთე, ერთი სიტყვა არ უთქვამს, არაფერს გაფრთხილებია. რაიმეს დამიბლოკავენ და საშუალებას არ მომცემენო, არ უთქვამს. მისი ნაშრომი, 18 წლიდან მოყოლებული, მის სახელ-გვარს უკავშირდება და ეს სასწორზე დადო.
გონება ეკეტება რუსეთ-საქართევლოს თემაზე, ჭკუიდან გადადის. ვერ და არ ესმის, როგორ შეიძლება საქართველო ოდესმე სამარცხვინო რუსულ სივრცეს დაუბრუნდეს; ისეთ სივრცეს, რომელმაც წლების მანძილზე ჯვარს აცვა ჩვენი ქვეყანა. აბსოლუტურად ყველა ცუდ ინციდენტში, რაც მის თავს მომხდარა, რუსეთის მოსამსახურე ერია.
დინჯი ტიპია, რომელიც თავისთვის შრომობს. პატრიოტია. ჩუმი სიყვარულით სავსე ადამიანია. მას არ უყვარს ხმამაღლა თავის გაკეთებულ სიკეთეებზე საუბარი. არც საჯაროობა ხიბლავს. ტალახის წვიმა რომ წამოვა, რამდენჯერაც დავაპირებ მის დასახასიათებლად რაიმეს თქმას, საჩვენებელ თითს ზემოთ აწევს - იქიდან იყურება ღმერთი და შენ რატომ ლაპარაკობო, მეტყვის. სწორია. ვიზიარებ. ამიტომ პორტრეტული შტრიხისთვის რაიმეს ასე გადაკრულად და მოკლედ თუ ვიტყვი, თორემ ზედმეტი ლაპარაკი - აკრძალული მაქვს.

ერთს ვიტყვი, თავისი ქვეყნისთვის გაიღო ყველაფერი, რაც ებადა. თბილისი პატარაა და ყველას ყველაფერი ახსოვს. სად არის მორკინალი ან არამიანცის კლინიკა, რომელშიც სისხლი ჩააქცია? აღარ არის. ნაღდი თუ ხარ, ასე ხდება. თუ ცხოვრებაში გარიგებების გზა გაქვს არჩეული, ამგვარ ტიპებს საერთო ბიზნესებიც აქვთ. თუ გულწრფელად იბრძვი, მაშინ შენი ბიზნესი ფიანდაზებით აღარ მოძრაობს.
ეს ლიტონი სიტყვები არ არის, მე მიხარია ის, რომ ჩვენ ჩვენი პრინციპები ამად გვიღირს! არჩევანის წინაშე რომ დადგა, ჯონიმ თავისი პრონციპები და ქვეყანა აირჩია.
- ჯანსუღს როგორი ურთიერთობა ჰქონდა სიძესთან?
- შვილივით ჰყავდა, ძალიან მეგობრობდნენ. ჯონი ხუმრობს, იცი, რაში ჩანს, რომ ჩვენ ვმეგობრობდით, ერთი საქილიკო ფუნაგორია არ აქვს ჯანსუღს ჩემთვის დაწერილიო. უჩემოდაც ძმაკაცები იყვნენ.

- ამაყი მამა იქნება...
- საოცარი, არაჩვეულებრივი მამაა. იშვიათად კარგი მშობელია. ამას ასე სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ბედნიერია ირმას წარმატებით. მამამისის დაბადების დღისთვის, სიუპრიზად ჩამოფრინდა ირმა. ჯონი გაგიჟდა სიხარულით...

02/27/2026