Logo

საზოგადოება

როცა სკოლა 1 სექტემბერს იწყებოდა - ერთი თარიღის ისტორია და მოგონებები

როცა სკოლა 1 სექტემბერს იწყებოდა - ერთი თარიღის ისტორია და მოგონებები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღეს 1 სექტემბერია. საქართველოში მოსწავლეებს სკოლაში წასასვლელად კიდევ ორი კვირა აქვთ, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილისთვის სექტემბრის პირველი დღე მაინც სწავლის დაწყების მაუწყებელ ზარს, სკოლის ეზოს, ყვავილების თაიგულებს, ახალ ჩანთას და ზაფხულის დასრულების ოდნავ სევდიან შეგრძნებას უკავშირდება.

ეს კავშირი იმდენად მტკიცეა, რომ სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებას ზოგჯერ დღესაც მექანიკურად „საპირველსექტემბროს“ ვეძახით. მაშინაც კი, როცა ის 15 სექტემბერს იმართება.

1 სექტემბერი

ეს შემთხვევითი არ არის. რამდენიმე თაობა სკოლაში სწორედ 1 სექტემბერს წავიდა. ბეიბი ბუმერებისთვის, X თაობისა და მილენიალების დიდი ნაწილისთვის 1 სექტემბერი დღემდე ახალი სასწავლო წლის დაწყების სიმბოლოდ რჩება.

საბჭოთა კავშირში ყველა სკოლისათვის სასწავლო წლის დაწყების ერთიანი თარიღი 1935 წელს განისაზღვრა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ სწავლა 1 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო. 1984 წელს კი ამ თარიღმა ოფიციალურად „ცოდნის დღის“ სტატუსიც მიიღო.

1 სექტემბერი

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციასა და ძველი ბიბლიოთეკების არქივებში კვლავაც ინახება წლების წინ გამოცემული პლაკატები წარწერებით - „1 სექტემბერი ცოდნის დღეა“. თუმცა „პირველი სექტემბრის ფენომენს“, ისტორიულ თარიღებსა და ძველისძველ პლაკატებზე უკეთ, ადამიანური მოგონებები ხსნის.

1 სექტემბერი


იმ თაობის მოსწავლეებს, დღემდე ახსოვთ საპირველსექტემბრო სამზადისი, წინა საღამოს სკამზე გამზადებული ახალი ტანსაცმელი, თეთრი პერანგი, დიდი ბაფთები, განსაკუთრებული ფეხსაცმელი, ყვავილები მასწავლებლისთვის, თითქმის ცარიელი ჩანთა და სკოლის ეზოში ზაფხულის შემდეგ პირველად შეკრებილი კლასელები.

შორენა ტყეშელაშვილი

ჟურნალისტი შორენა ტყეშელაშვილი თავის ბავშვობას სწორედ ასე იხსენებს .

"ერთი კვირით ადრე პირველ სექტემბრამდე, სწორედ აგვისტოს მიწურულს, იწყებოდა ჩვენი ხეტიალი მშობლებთან ერთად ბაზრობებზე. თეთრი მაისურებისა და შავი ქვედაბოლოების ძებნა, შავი ლაკის ფეხსაცმელები და ზოგჯერ, თეთრი ბოტასები, ახალი ზურგჩანთები და ახალი წიგნები. მახსოვს, მაშინ დიდად არ გვაღელვებდა სხვებისგან განსხვავებული სამოსი შეგვეძინა, ისედაც ვიცოდით რომ ჩვენი ჩაცმულობა ვერ იქნებოდა განსხვავებული სხვა თანაკლასელებისგან. ყველაფერი ხომ ძალიან მწირი იყო იმ დროინდელ ბაზრობებზე და ჩვენც ერთი სურვილი გვამოძრავებდა, გვქონოდა რამე ახალი, განსხვავებებს დიდად აღარ დავეძებდით. მერე სახლში მოვაგროვებდით სამი გოგოს სასექტემბრო ტანსაცმელს, ზოგსაც სკამებზე გადავფენდით და სულმოუთქმელად ველოდებოდით პირველ სექტემბერს. მგონი, ასე არცერთ დღეს არ გვიხაროდა სკოლაში წასვლა. და მაინც, ყველა სექტემბერი სხვადასხვანაირი იყო," - ჰყვება ჟურნალისტი.

სალომე ბაკურაძე

სალომე ბაკურაძე იხსენებს, რომ მაშინ თეთრი ბაფთა თითქმის აუცილებელი ატრიბუტი იყო და დედა პირველ სექტემბერს განსაკუთრებულად რთავდა. ყველაზე მეტად კი სკოლის ეზოში პირველკლასელების ერთად დაყენება და ერთმანეთის გაცნობა დაამახსოვრდა.

ნიკა არაბიძე

ზოგისთვის პირველი სასკოლო დღე სულაც არ ყოფილა ასეთი საზეიმო. ნიკა არაბიძეს, მაგალითად, ახსოვს, რომ პირველ კლასში მიყვანისას იტირა. მიზეზიც ბავშვურად კონკრეტული ჰქონდა - გოგოს გვერდით დაჯდომა უნდოდა და არ დასვეს.
თუმცა შემდეგ ყოველი პირველი სექტემბრისთვის წინასწარ ემზადებოდა და სკოლაში წასვლა უხაროდა.

ინგა გრიგოლია

იმას, თუ რატომ არ ქრება ეს თარიღი ჩვენი ლექსიკონიდან, ყველაზე ცხადად ინგა გრიგოლიას მოგონება აღწერს.


"მახსოვს, პირველად სკოლაში დედამ წამიყვანა, მე კი ძალიან ამაყად მივაბიჯებდი. პირველი სექტემბერი ძალიან მიყვარს და ვერ ვეგუები, სწავლა ამ დღეს რომ აღარ იწყება...

სკოლაში საინტერესო და ბედნიერი წლები გავატარე. კარგი კლასელები მყავდა. VII კლასამდე გაკვეთილებს დედას ვაბარებდი. სასაცილოა, მაგრამ ფრანგულსაც იბარებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ენა საერთოდ არ იცის," - იხსენებს ჟურნალისტი.

1 სექტემბერი


სასწავლო წლის დაწყების თარიღი საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა. 2010 წელს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებისთვის სასწავლო წლის დასაწყისად 15 სექტემბერი განისაზღვრა.

თარიღი შეიცვალა, მაგრამ სიტყვა დარჩა. „საპირველსექტემბრო“ სკოლის დაწყების თარიღს აღარ ნიშნავს, მაგრამ პირველი ზარის, პირველი კლასის, ახალი სასწავლო წლისა და ბავშვობაში დაბრუნების განწყობას დღემდე ქმნის.

სექტემბრის პირველ დღეს, სადღაც შორიდან, ბევრ ჩვენგანს ისევ სკოლის ზარის ხმა ესმის.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/31/2026

1 სექტემბერითაობათარიღიმოგონებასკოლა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024