
09/16/2026
ახალშობილის დაბადება ოჯახში უდიდესი სიხარულია, რომელსაც თან ახლავს ახლობლებისა და მეგობრების სურვილი, პატარას მიეფერონ და ჩაეხუტონ.
ხშირად ხდება ისე, რომ გარშემომყოფები ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ემოციური გამოვლინება ჩვილის ჯანმრთელობისთვის.

როგორც პედიატრი თაკო ძაგანია აღნიშნავს, მოზრდილი ადამიანის პირის ღრუ უამრავ ბაქტერიასა და ვირუსს შეიცავს. იმ დროსაც კი, როდესაც ინფექცია ფარულად მიმდინარეობს და სიმპტომები აშკარად არ ჩანს, ზრდასრული ადამიანი შესაძლოა ვირუსის გადამტანი იყოს.
ახალშობილები, რომელთა იმუნური სისტემაც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, მსგავსი ბაქტერიების მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან.
როგორ უნდა დავიცვათ ბალანსი შვილისადმი თბილი გრძნობების გამოხატვასა და მის უსაფრთხოებას შორის და რა წესები უნდა დაიცვან სტუმრებმა პატარასთან სტუმრობისას?

„ბავშვები ძალიან საყვარლები არიან და ყველას გვინდა, რომ ჩავეხუტოთ და ჩავკოცნოთ... მაგრამ შეიძლება თუ არა პატარა ბავშვის კოცნა?
ადამიანის პირის ღრუ სავსეა ბაქტერიებით და როცა ვირუსული ინფექცია გვაქვს, თუნდაც ფარულად მიმდინარე, ამ ვირუსების წყარო ზუსტად ჩვენი ცხვირი, პირის ღრუ და ასევე ჩვენი ხელებია, რომელსაც ვიკიდებთ სახეზე. ამიტომ კოცნა უსაფრთხო არ არის.
ჩემი აზრით, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ოჯახის წევრები და მშობლები რომ კოცნიდნენ ბავშვს, ეს, რა თქმა უნდა, ნორმალურია. სითბოს გამოხატვა და "ბონდინგი" (კავშირის დამყარება) მშობელსა და შვილს შორის ძალიან მნიშვნელოვანი მგონია და კოცნას ოჯახის წევრებს ნამდვილად არ ავუკრძალავდი.

მაგრამ სტუმრები, მეგობრები, რომლებიც არ ცხოვრობენ თქვენთან ერთად და დროებით არიან მოსულები, ჯობს, რომ არ მცირე ასაკის ჩვილებს არ ჩაეხუტონ.
განსაკუთრებით საყურადღებოა 3 თვემდე ასაკის ბავშვები და ახალშობილები, იმიტომ რომ ამ ასაკში ნებისმიერი ვირუსული ინფექცია ცოტა უფრო სარისკოა.
ამიტომ ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ჩემს პაციენტებს, ჩემი პაციენტის მშობლებს, რომ სტუმრებს, სახლში მოსულ ადამიანებს გაუკეთონ ნიღაბი, დააბანინონ ხელი და ასე აჩვენონ ბავშვი. ჩახუტება და ჩაკოცნა მცირე ასაკში არ ღირს,“ - განმარტავს პედიატრი.
გააზიარე სტატია