Logo

სასარგებლო რჩევები

რუჯი და ბოტულინოთერაპია – რა უნდა ვიცოდეთ ზაფხულის სეზონზე?

რუჯი და ბოტულინოთერაპია – რა უნდა ვიცოდეთ ზაფხულის სეზონზე?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


ზაფხულში, შვებულების პერიოდში, მზეზე აქტიური ყოფნა და რუჯის მიღება და ბევრ ადამიანს ესთეტიკური პროცედურების დაგეგმვისას დამატებით კითხვებს უჩენს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკითხია, რამდენად უსაფრთხოა ბოტულინოთერაპიის ჩატარება ზაფხულში და ხომ არ მოქმედებს მზის სხივები პროცედურის შედეგზე?

ამ კითხვით zmna.ge ექიმ-კოსმეტოლოგ მარიამ (ოთოსი) მიხელიძეს დაუკავშირდა.

სპეციალისტის განმარტებით, ბოტულინოთერაპიის ჩატარება ზაფხულის პერიოდშიც შესაძლებელია, თუმცა პროცედურის შემდეგ გარკვეული რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

ექიმი zmna.ge-ს მკითხველისთვის დეტალურად განმარტავს რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და როგორ უნდა შეამციროთ არასასურველი რეაქციების რისკი? რა არის ბოტულინოთერაპიასთან დაკავშირებული მითები და რა შესაბამება სინამდვილეს?

მარიამ მიხელიძე

"შეიძლება თუ არა ბოტულინოთერაპიის ჩატარება რუჯის მიღებისას ან მზეზე აქტიური ყოფნის პერიოდში?
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა, რომლითაც ზაფხულის პერიოდში მომმართავენ.

პასუხი არის-დიახ, თუმცა გარკვეული რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

ბოტულინოთერაპია წარმოადგენს ესთეტიკური მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე მეტად შესწავლილ და უსაფრთხო პროცედურას, რომლის მიზანიც მიმიკური ნაოჭების შემცირება და პროფილაქტიკაა. პრეპარატი მოქმედებს მხოლოდ იმ კუნთზე, სადაც ინექცია შესრულდა და მისი ეფექტურობა მზის სხივების ზემოქმედებით არ მცირდება.

თუმცა, პროცედურის შემდეგ კანის ფიზიოლოგიური რეაქციებისა და გართულებების მინიმალიზაციის მიზნით, რამდენიმე წესის დაცვა მნიშვნელოვანია.

ბოტულინოთერაპია და რუჯი

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

  • პროცედურის დასრულებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში სასურველია თავი შეიკავოთ მზის ინტენსიური ზემოქმედებისგან.
  • პირველი დღე არ არის რეკომენდებული საუნა, ორთქლის აბაზანა, ცხელი აბაზანა და ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, რადგან სხეულის ტემპერატურის მატებამ შეიძლება გაზარდოს შეშუპებისა და სიწითლის განვითარების ალბათობა.
  • პროცედურის შემდეგ აუცილებელია მზისგან დაცვა – გამოიყენეთ ფართო სპექტრის (UVA/UVB) მზისგან დამცავი საშუალება SPF 50+, რომელიც ამცირებს ფოტოდაზიანებისა და პიგმენტაციის რისკს.
  • თუ პროცედურის ადგილზე მცირე სიწითლე ან წერტილოვანი სისხლჩაქცევა განვითარდა, მზეზე ხანგრძლივმა ყოფნამ შესაძლოა მათი გაქრობა შეაფერხოს. ამიტომ, პირველ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზისგან დაცვა.
ბოტულინოთერაპია და რუჯი

ბოტულინოთერაპია და რუჯი - გავრცელებული მითები


მითი: რუჯი ბოტულინოთერაპიის ეფექტს ანადგურებს.

ფაქტი: მზის სხივები არ შლის და არ ანეიტრალებს ბოტულინოტოქსინს. მისი ეფექტი დამოკიდებულია პრეპარატის სწორ ინექციაზე, დოზირებასა და ინდივიდუალურ ანატომიურ თავისებურებებზე.

მითი: ზაფხულში ბოტულინოთერაპია არ უნდა ჩატარდეს. ფაქტი: სეზონი პროცედურის ჩატარების შეზღუდვას არ წარმოადგენს. ზაფხულშიც შესაძლებელია უსაფრთხო და ეფექტური შედეგის მიღება, თუ დაცულია ექიმის რეკომენდაციები.

რატომ არის მზისგან დაცვა მნიშვნელოვანი?

ულტრაიისფერი გამოსხივება აჩქარებს კანის დაბერების პროცესს, აზიანებს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოებს, ზრდის ჰიპერპიგმენტაციისა და ფოტოდაბერების რისკს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, ჩაიტარეთ თუ არა ბოტულინოთერაპია, მზისგან დაცვა კანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

ბოტულინოთერაპია და რუჯი


პრაქტიკული რჩევები:

  • დაგეგმეთ პროცედურა ისე, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში თავიდან აიცილოთ აქტიური მზის ზემოქმედება.

  • ყოველდღიურად გამოიყენეთ SPF 50+, განაახლეთ ყოველ 2 საათში, თუ ღია სივრცეში იმყოფებით.

  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, რადგან კანის ჰიდრატაცია მისი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

  • ნებისმიერი ესთეტიკური პროცედურა ჩაიტარეთ მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმთან, რომელიც ინდივიდუალურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და მოგცემთ სწორ რეკომენდაციებს.

ბოტულინოთერაპია და რუჯი

რუჯი და ბოტულინოთერაპია ერთმანეთის გამომრიცხავი არ არის.

სწორი დაგეგმვის, მზისგან ეფექტური დაცვისა და სპეციალისტის რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, ზაფხულის სეზონზეც შესაძლებელია უსაფრთხო პროცედურის ჩატარება და სასურველი ესთეტიკური შედეგის მიღება.

ჯანმრთელი, დაცული და მოვლილი კანი საუკეთესო ინვესტიციაა, რომელიც ნებისმიერ სეზონზე აქტუალურია,"- გვირჩევს მარიამ (ოთოსი) მიხელიძე.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

07/16/2026

ბოტულინოთერაპიამარიამ (ოთოსი) მიხელიძემითი და ფაქტირუჯი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024