ჩვენი ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1990 წლის ნოემბერში ბათუმიდან სარფამდე გზა საქართველოს სამფეროვანი დროშებით იყო მორთული. თურქეთის საზღვართან შეკრებილი ხალხი იმერეთის უკანასკნელ მეფეს, სოლომონ II-ს ელოდა - გარდაცვალებიდან 175 წლის თავზე, მისი ნეშტი სამშობლოში ბრუნდებოდა. გონიოს ციხესთან აგუგუნებული ზარებისა და საეკლესიო საგალობლების თანხლებით, მეფის ძვლები ბათუმის საკათედრო ტაძარში დაასვენეს, მეორე დღეს კი იყო დახვედრა თბილისში. ვაკის პარკიდან სიონის ტაძრამდე გაყვა უზარმაზარი პროცესია, სიონის ტაძარში პანაშვიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადაუხადა. სოლომონ მეორის ნეშტი შემდეგ სვეტიცხოველშიც დაასვენეს, აქედან კი გელათში, სადაც ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.

ერეკლე მეფის ღირსეული შვილიშვილი
დავითი, შემდგომში სოლომონ II, იმერეთის მეფის სოლომონ პირველის ძმისწული იყო, დედის მხრიდან კი ერეკლე II-ის შვილიშვილი, ელენე ბატონიშვილის ვაჟი. კრწანისის ომში იმერეთიდან ჩამოყვანილ ჯართან ერთად, ბოლომდე იბრძოლა პაპის მხარდამხარ. რუსეთის იმპერიის მიერ, გეორგიევსკის ტრაქტატის უხეში დარღვევით ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, სოლომონ II მთელი ენერგიით შეეცადა იმერეთის რუსეთის ანექსიისგან გადარჩენას.

დრო და გეოპოლიტიკური ვითარება ულმობელი იყო. რუსეთმა ქართლ-კახეთით დაიწყო და მას დანარჩენი საქართველოს შთანთქმაც ჰქონდა განზრახული. რუსეთსა და ოსმალეთს შორის სოლომონ მეორის გამჭრიახი პოლიტიკური ლავირება და იმერლების თავგანწირული წინააღმდეგობა საბოლოოდ დამარცხდა, თუმცა სოლომონ II ისტორიაში რუსულ ანექსიასთან შეურიგებელ უკანასკნელ მეფედ დარჩა.
გაქცევა თბილისიდან
1810 წლის 28 მარტს რუსეთის იმპერიის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად ვარიანში ჩასული იმერეთის მეფე მოტყუებით დაატყვევეს, თბილისში ჩამოიყვანეს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სუმბათაშვილების სახლში გამოკეტეს, იძულებით პეტერბურგში გადასასახლებლად. დაუყენეს დარაჯები, მკაცრი მეთვალყურეობა დაუწესეს სტუმრად მისულებზე, მაინც გაექცათ.

ერთგულმა ხალხმა სოლომონ მეორეს ბრწყინვალე გაქცევის ოპერაცია დაუგეგმა.
იმ საღამოს მეფემ თავი მოიავადმყოფა და ადრე დაწვა დასაძინებლად. მასთან ერთ-ერთ სტუმარს დატოვებული ჰქონდა უბრალო ტანსაცმელი. დარაჯებს ძილი რომ მოერიათ, სოლომონ მეორემ ჩაიცვა ეს ტანსაცმელი, თავზე ქუდი ჩამოიფხატა, ხელში თუნგი დაიჭირა და ნახევრად მძინარე მცველებს მშვიდად განუცხადა, რომ მეფის მსახური იყო და მტკვარზე წყლის ასატანად მიდიოდა. გარეთ ერთი იმერელი დახვდა, მან მიიყვანა იმ ადგილამდე, სადაც თანამებრძოლები ცხენებით ელოდებოდნენ.

ალექსანდრე ხახანაშვილი 1911 წელს გამოცემულ თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ სოლომონ მეორის გაქცევამ უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა იმპერატორ ალექსანდრე I-ზე. ეს იყო პოლიტიკური დარტყმა და პირადი შეურაცხყოფა - მეფემ სუმბათაშვილების სახლის ოთახში დატოვა რუსეთის იმპერატორის მიერ მისთვის გამოგზავნილი ალექსანდრე ნეველის ორდენი.
განრისხებულმა ალექსანდრემ თბილისის ჯარის კომანდირის, გენერალ როზენის და სხვა პასუხისმგებელი პირების სასწრაფოდ სამართალში მიცემა ბრძანა, ასევე იმ პირების გამოვლენა და სასტიკად დასჯა, ვინც სოლომონ მეორეს გაქცევაში დაეხმარნენ. „მძიმედ დაუჯდათ იმერლებს მეფის გაპარებაო“, - წერს ხახანაშვილი.

პატიმრობიდან თავის დაღწევის მერე, იმერეთის მეფეს წერილი მიუწერია ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსისთვის:
„როდესაც გადაწყვეტით გული დავაჯერე, რომ რუსეთს მისტუმრებდნენ, თქვენის მოშორებისა და იმერეთის საუკუნოდ დატოვების ცეცხლი გულს მოეგზნა. ცის ქვეშეთს დიდებას, თქვენთან ყოფნა, თქვენთან სიხარული, თქვენთან სიცოცხლე და თქვენთან სიკვდილი ვარჩიე. თუ იმერეთის დამორჩილებაზეც გულდასმულნი შეიქმნენ, მერე უმწარესი და ყოველს მეზობელზეც უძნელესი დღე იმერეთს მოადგება, და რომელსაც დღეს ოქროს აძლევენ, ხალხს საცხოვრებელს წაართმევენ. ნუ დაიდებთ საუკუნოდ საძრახისს საქმეს და ნუ დაიღუპებით ქართლსავით, რომელნიც სულიერად დიდ პარასკევს ხორცს სჭამენ და ხორციელად გატანჯულნი სიკვდილს ნატრულობენ.“

მეფეს ასეთი შინაარსის წერილები ბევრისთვის გაუგზავნია, ხალხს ის რუსებისგან სამეფოს დაცვას მოუწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერიის აგენტები მკაცრად სჯიდნენ მეფის მხარდამჭერებსა და წერილების გამავრცელებლებს, იმერლებმა სოლომონთან კავშირზე და მის მხარდაჭერაზე უარი არ თქვეს. დევნილობაში მყოფმა მეფემ ხალხის თვალში კიდევ უფრო დიდი პატივისცემა მოიპოვა, მისი გზავნილები ყველაზე მივარდნილ სოფლებშიც კი ბრძოლას შთააგონებდათ.
სამწუხაროდ, ეს გმირული ბრძოლა განწირული იყო. რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფოც ძალით გააუქმა. სოლომონ მეორე სრულიად ახალგაზრდა დევნილობაში, ოსმალეთში გარდაიცვალა. მისი ოჯახი, დედოფალ მარიამის მეთაურობით, ამ დროს რუსეთში იყო გადასახლებული. იმერეთის უკანასკნელი მეფის ქვრივი იმპერატორის კარისგან ამაოდ ითხოვდა ნებართვას, მიეცათ საშუალება გამგზავრებულიყო ქმრის დასატირებლად და მისი ცხედრის სამშობლოში გადასვენების დასაორგანიზებლად. დედოფლის გულისმოკვლელი წერილი მოყვანილია თამარ პაპავას შესანიშნავ კრებულში, რომელმაც ემიგრაციაში დიდი ამაგი დასდო მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროების შეკრებასა და ძვირფასი წინაპრების ცხოვრების აღწერას, მათ შორის იმერეთის უკანასკნელი დედოფლის ტრაგიკული ცხოვრების, რისი მიზეზიც ისევ და ისეც რუსეთის იმპერია იყო.

„პორფირისა და გვირგინის ნაცვლად, შემოსილ ვარ ძონძებით და მწუხარების ბასრი ისრები ჩხვლეტენ ჩემს გულს და ულმობელი მახვილი ჰკოდავს ჩემს არსებას. ყველაზე მეტად შეაძრწუნებს სულს ის, რომ არ ვუწყი სად და რა გვარად განისვენებს მისი უმაღლესი მეფური კეთილშობილებით შემკული ცხედარი, უპატრონოდ უცხო ტომის ხალხში, შეუფერებად მისი მაღალი ღირსებისა.“
08/27/2026