Logo

ჩვენი ისტორია

რუსეთის წინაშე დაჩოქება სოხუმის დაცემის შემდეგ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზია

რუსეთის წინაშე დაჩოქება სოხუმის დაცემის შემდეგ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მეორე დღეს, ედუარდ შევარდნაძემ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე განცხადება გააკეთა:

„საქართველო დამარცხდა უთანასწორო ძალებთან ომში, რომელიც ერთი დიდი სახელმწიფოს მინისტრის ენით რომ ითქვას, გაჩაღდა ამ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების უზრუნველსაყოფად საქართველოში.“

მაშინ შევარდნაძემ თქვა, რომ სოხუმის გადარჩენა 27 სექტემბერს შეიძლებოდა, რომ ამის გაკეთება შეეძლო რუსეთს, მაგრამ რუსეთმა ეს არ გააკეთა.

ედუარდ შევარდნაძე

დიახ, რუსეთმა ეს არ ისურვა და არ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეთაურმა მის ხელმძღვანელობას აცნობა თანხმობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) გაწევრიანებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დათანხმდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის წინადადებასაც - საქართველოში დამატებითი შეიარაღებული ძალების შემოყვანის თაობაზე. შევარდნაძის სიტყვებით, მაშინ „ საქართველომ რუსეთის წინაშე დაიჩოქა,“ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი სოხუმის გადასარჩენად.

რა მოხდა წინა 27 სექტემბერს?

დღის პირველი საათისთვის სოხუმს თავს დაესხნენ კბილებამდე შეიარაღებული რუსი, ჩეჩენი და აფხაზი შეიარაღებული ფორმირებები. მათ ტანკებისა და ჯავშანტექნიკის გამოყენებით დაიკავეს ქალაქი. ამ ბარბაროსულ შეტევას წინ უძღოდა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმება, რომელიც რუსეთის შუამავლობითა და გარანტიით იყო გაფორმებული, მაგრამ რუსეთმა საქართველო მოატყუა.

აფხაზეთი

სოხუმის დაცემასა და საქართველოს მიერ აფხაზეთის დროებით დაკარგვაში, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო როლი იყო წარმმართველი, მათ შორის აფხაზეთში ქართველების ეთნიკურ წმენდაში. მიუხედავად ამისა, სოხუმის დაცემიდან სულ რამდენიმე კვირაში, საქართველო რუსეთის ქოლგის „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“ გაწევრიანდა. შევარდნაძის ხელისუფლება ამ ნაბიჯს სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთ გზად წარმოაჩენდა, თუმცა რეალურად ომში დამარცხებულის მიერ გამარჯვებულის პოლიტიკური პირობების მიღება იყო. ამავდროულად, შევარდნაძეს ზვიად გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლა უწევდა და ამ კონტექსტში, მოსკოვის მხარდაჭერა მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა.

პავლე გრაჩევი და ედუარდ შევარდნაძე

როგორ შეფუთა პროპაგანდამ რუსეთის წინაშე დაჩოქება?

სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღეში საინფორმაციო სივრცე მოსკოვის კრიზისმა გადაფარა. რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინსა და რუსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე რუსლან ხაზბულატოვს შორის საკონსტიტუციო დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა და საბოლოოდ, გამარჯვებული ელცინი გამოვიდა. ამ ახალ ვითარებაში გაწევრიანდა საქართველო დსთ-ში და შევარდნაძემ განაცხადა: „გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად მოსკოვის 3-4 ოქტომბრის ამბებმა განაპირობა. პოლიტიკური სარბიელიდან წავიდნენ ძალები, რომლებსაც სურდათ დაებრუნებინათ რუსეთში ტოტალიტარული რეჟიმი. ახლა შეგვიძლია ლაპარაკი ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიან და ორივე მხარისთვის ხელსაყრელ ურთიერთობებზე.“

იმ მომენტში ეს შეფასება შეიცავდა იმედს, რომ მოსკოვში პოლიტიკური ცვლილებები საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც აისახებოდა, მოვლენების შემდგომმა განვითარებამ კი აჩვენა, რომ პრობლემა კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებში არ იყო. კრემლს საქართველო მორჩილ -სატელიტად სჭირდებოდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტები კი გავლენის შენარჩუნების მთავარ ბერკეტად.

აფხაზეთი

სოხუმის დაცემიდან რამდენიმე თვეში, 1994 წლის თებერვალში, თბილისმა დიდი პატივით უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს. იმდროინდელი ოფიციალური პრესა ამ ვიზიტს „ისტორიულ მოვლენად“ აფასებდა და მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებას უკავშირებდა.

ბორის ელცინის ვიზიტი

1993-94 წლების მოვლენების გახსენება დღეს ერთ მნიშვნელოვან კანონზომიერებას გვაჩვენებს: შევარდნაძე აღიარებდა, რომ საქართველოს მიერ შეთავაზებული უმძიმესი დათმობები არ აღმოჩნდა რუსეთისთვის საკმარისი, რათა სოხუმის დაცემა შეეჩერებინა. მერე შევარდნაძე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ იგივე დათმობები რუსეთთან ახალი პოლიტიკური შეთანხმების საფუძველი ხდებოდა, ეს ახალი შეთანხმება კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოგვიტანდა. მეორე პრეზიდენტის მოლოდინი სრულიად ფუჭი გამოდგა. ჩვენი ქვეყნის გამთლიანება შეუძლებელია მომხდარიყო მტრის „კეთილი ნებით,“ რადგან მტერს, მტაცებელს, მსხვერპლის მიმართ კეთილი ნება არ გააჩნია.

რუსეთის პრეზიდენტის ჩამოსვლა

ავტორი: ელენე ლომთაძე

08/06/2026

აფხაზეთის ომი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024