ჩვენი ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ტანკები დამოუკიდებლობის წინააღმდეგ: როგორ უპასუხა კრემლმა საქართველოს ისტორიული რეფერენდუმის შედეგებს
1991 წლის 31 მარტი დიდი დღეა. რეფერენდუმზე ერთიანმა საქართველომ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და ეს არ ყოფილა ბიულეტენებში შემოხაზული უბრალო „დიახ.“ საქართველომ გააკეთა ხმამაღალი განაცხადი, რომ საბჭოთა იმპერიაში დარჩენას აღარ აპირებდა.

მოსკოვში 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები ისეთ გამოწვევად მიიღეს, რაზეც ტანკებით უნდა ეპასუხათ. აქ გიყვებით 1991 წლის აპრილის დასაწყისში მომხდარ უმძიმეს ფაქტებზე და რუსული ოკუპაციის დავიწყებულ მსხვერპლზე.
2 აპრილს სოფელ ტყვიავში სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ჯავშანტრანსპორტიორთა კოლონამ ორ გოგონას გადაუარა. ერთ -ერთის, ნინო მეტრეველის, მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
ოკუპანტების მიერ მოწყობილ ამ ტერორთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის მეთაურს ღია წერილით მიმართა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ.

ეს იყო ოფიციალური თბილისის პასუხი კრემლის ლიდერის მოწოდებაზე — საქართველოს დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სისხლისღვრა ცხინვალის რეგიონში, აღეკვეთა ექსტრემისტების თარეში და პრობლემის გადასაჭრელად დაეწყო მოლაპარაკებები.
საქმე იმაში იყო, რომ ვითარება კონფლიქტის ზონაში რეფერენდუმის შემდეგ გამწვავდა და ეს არ ყოფილა უბრალო დამთხვევა. 2 აპრილით დათარიღებულ წერილში გამსახურდია გორბაჩოვს უხსნიდა, რომ რიგი მწვავე საკითხების გადასჭრელად, საქართველოს მხარემ წამოიწყო მოლაპარაკება რუსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან და რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეიძლება მოლაპარაკებები ეწარმოებინა ტერორისტებთან. ზვიად გამსახურდია ხაზს უსვამდა, რომ ამ პერიოდში რეგიონში შედარებით სიმშვიდემ დაისადგურა და სროლაც აღარ ისმოდა.

„ესეც თქვენი ამასწინანდელი დეპეშის კიდევ ერთი ტრაგიკულ შედეგი, ისევე როგორც საბჭოთა რაკეტით სოფელ ნიქოზში ლადო მჭედლიძის მკვლელობა და სხვა გლეხების დაჭრა. ასეთ შედეგებს იწვევს ცენტრის „მეურვეობა.“ მოვითხოვ შეწყდეს ყოველგვარი ჩარევა საქართველოს რესპუბლიკის საქმეებში.”
ლადო მჭედლიძე დღეს მხოლოდ თავის თანასოფლელებს ემახსოვრებათ - ნიქოზში, რომელსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმაც გადაურა. ლადო მჭედლიძეც რუსული ოკუპაციის მსხვერპლია, ისევე როგორც სხვა მივიწყებული სახელები და გვარები.
1991 წლის 5 აპრილი
ქართულ სოფლებს თამარაშენს, აჩაბეთს, ქემერტს და სხვებს ოსმა ექსტრემისტებმა შინაგანი ჯარის ნაწილების მხარდაჭერითა და მათი ჯავშანტრანსპორტიორებით ყველა მხრიდან შეუტიეს, დაიღუპა თამარაშენის ორი მოსახლე: ე. ელბაქიძე და ზ. მეტრეველი, სამი კი დაიჭრა. იმავე ღამეს ერედვ — ხეითის გზაზე მოკლეს მილიციის კურსანტი თ. დათაშვილი და სოფელ მერეთის მცხოვრები ვ. ტატიშვილი.
ეს ყველაფერი 1991 წლის 31 მარტის ისტორიულ რეფერენდუმს მოჰყვა.
6 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გორბაჩოვს მორიგი საპროტესტო განცხადებით მიმართა. აქ ხაზს უსვამდა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შემოდიოდა საბჭოთა არმიისა და სსრკ შინაგან საქმეთა სამინიტროს დამატებითი კონტინგენტი, მოსკოვიდან ჩამოსული პოლკოვნიკი გვარად ალექსანდროვი კი აცხადებდა, რომ ეს ჯარები არ დაექვემდებარებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის მიერ დანიშნულ კომენდანტს.


იმპერიის ხელწერა: ბალტიისპირეთიდან საქართველომდე
იმისთვის, რომ ნათლად დავინახოთ, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, „დიდი სურათი“ უნდა წარმოვიდგინოთ. 1990 -1991 წლებში კრემლი სადამსჯელო ოპერაციებით მხოლოდ საქართველოს არ ებრძოდა. აღნიშნულ პერიოდში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებშიც (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) მიმდინარეობდა ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ბრძოლა. იქაც ჩატარდა „დამოუკიდებლობის რეფერენდუმები“ და მოსკოვმა მათ შემთხვევაშიც „საბჭოთა წესრიგის“ აღსადგენად სადამსჯელო ოპერაციებს და პროვოკაციებს მიმართა.

სცენარი ყველგან იდენტური იყო
იმპერია ხელოვნურად აღვივებს დაძაბულობას (ეთნიკურს ან პოლიტიკურს). ცენტრი თავს აჩვენებს, თითქოს „სისხლისღვრის შეჩერება“ სურს და ადგილობრივ ხელისუფლებას „ექსტრემიზმის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს. როდესაც ეს არ ჭრის, ერთვება რუსული ტანკები და სპეცრაზმი, „წესრიგის“ სახელით ანგრევს ყველაფერს და კლავს ადამიანებს.
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.1991 წლის აპრილი თავისებური ისტორიის გაკვეთილია. რუსეთმა მაშინ ვერ გატეხა საქართველოს ნება, მაგრამ შემდგომმა ათწლეულებმა დაგვანახა, რომ თავისუფლება, რომელიც „საბჭოთა სივრცეში“ რჩება, მუდმივი საფრთხის ქვეშაა. ამის მწარე მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომი და დღევანდელი უკრაინის გმირული ბრძოლა. საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება მხოლოდ იმათ მოიპოვეს, რომლებმაც „გაასწრეს“ და დროულად დაიკავეს საკუთარი ადგილები ნატოსა და ევროკავშირში.
07/03/2026