Logo

კულტურა

"რუსიკო კიკნაძე და მე მარტო გარეგნობით კი არა, ბედისწერითაც ვგავდით ერთმანეთს" - ჟურნალისტი თეა ფირცხალავა იხსენებს

"რუსიკო კიკნაძე და მე მარტო გარეგნობით კი არა, ბედისწერითაც ვგავდით ერთმანეთს" - ჟურნალისტი თეა ფირცხალავა იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


ქართველი კინომსახიობი რუსუდან კიკნაძე 7 მარტს, 80 წელის გახდებოდა. ის რამდენიმე წლის წინ, ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა, თუმცა მაყურებელს ეკრანებზე გაცოცხლებული ულამაზესი ქართველი ქალის სახე შეუქმნა და უსახსოვრა.
რუსუდან კიკნაძეს და დავით როდნელის ფილმის, "ჩემი მეგობრი ნოდარის" გადაღების ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი თეა ფირცხალავა.


"7 მარტს ცნობილ ქართველ კინომსახიობ რუსიკო კიკნაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა.
დღეს მშრალ ბიოგრაფიულ მონაცემებს გვერდზე გადავდებ და ერთ ისტორიას გავიხსენებ, რომელიც რუსიკოსა და ჩემს „კავშირს“ ეხება.

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც მე და რუსიკო „მეტოქეები“ ვიყავით. მხედველობაში მაქვს დავით რონდელის ფილმი „ჩემი მეგობარი ნოდარი“, რომელშიც ია ვაჩაძის როლი რუსიკოს უნდა ეთამაშა. ეს ამბავი ყველაზე მეტად ნოდარის როლის შემსრულებელ გოგი ხარაბაძეს ახარებდა, რადგან სად 21 წლის ულამაზესი რუსიკოს კოცნა და სად 13 წლის თეასი, რომელსაც, იმ დროს, კოცნის ბევრი არც არაფერი გაეგებოდა. მახსოვს, გოგი რომ ამბობდა ხოლმე, ამ ლაწირაკს როგორ უნდა ვაკოცოო.

ვისაც „ჩემი მეგობარი ნოდარი“ ნანახი აქვს, ემახსოვრება, რომ ფილმში ია ვაჩაძე სკოლის მოსწავლე იყო და მეც კი, რომელიც იმ დროს 13 წლის ვიყავი, ჩემს ასაკს ძნელად თუ ვინმე იჯერებდა, რადგან ეკრანზე 20 წლის გოგოს ვგავდი. საქმე იმაშია, რომ 1966 წელს, როდესაც ამ ფილმს იღებდნენ, ისეთი ხარისხის ფირი, რომელიც ასაკს არ მოგიმატებდა, უბრალოდ არ არსებობდა. რაკი რუსიკო ჩემზე 8 წლით უფროსი იყო, შესაბამისად, ეკრანზეც ჩემზე გაცილებით უფროსად გამოიყურებოდა, ამიტომ, მოხდა ისე, რომ ია ვაჩაძის როლზე მე დამამტკიცეს.

არ დაგიმალავთ, რეჟისორ დავით რონდელს რუსიკოს გადაღება სურდა, რადგან იგი არა მხოლოდ ულამაზესი გოგონა, არამედ პოპულარული მსახიობიც იყო და იმ დროისთვის უკვე მრავალ ფილმში ჰქონდა ნათამაშები, რომელთა შორის იყო: რეზო ესაძის „ერთხელ“, ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“ და თენგიზ აბულაძის „ვედრება“.

სხვათა შორის, მე და რუსიკოს ძალიან გვამსგავსებდნენ, ბევრი მეუბნებოდა, დავით რონდელმა იმიტომ დაგამტკიცა, რომ რუსიკოს ჰგავხარო.

მართალი გითხრათ, ჩემს მაგივრად რუსიკო რომ გადაეღოთ, იგი, რასაკვირველია, ია ვაჩაძის როლს ჩემზე გაცილებით უკეთესად ითამაშებდა, მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა.

რუსიკო კიკნაძე და მე მარტო გარეგნობით კი არა, ბედისწერითაც ვგავდით ერთმანეთს და ჩვენ-ჩვენი წილი სიმწარე ორივემ ვიწვნიეთ:

მე ჩემი ირაკლი მივანდე უფალს, მან კი თავისი ხარება ხარაბაძე... მიუხედავად ასეთი გაუსაძლისი ტკივილისა, ცხოვრება ორივე ჩვენგანმა გავაგრძელეთ, რადგან მე ჩემი ქეთი და მისი ოჯახი მყავდა თბილისში, რუსიკოს კი თავისი მატვეი ლოს-ანჯელესში და ორივეს გვწამდა, რომ მათთვის ჩვენს ყოფნას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

76 წლის რუსიკო კიკნაძე გულის შეტევით გარდაიცვალა 2022 წელს, ლოს ანჯელესში და იგი იქვე დაიკრძალა. ნათელში ყოფილიყოს ამ ულამაზესი ქალბატონის და მისი ხარებას სული!"- წერს თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში.

ავტორი: ზმნა

03/07/2026

თეა ფირცხალავამასახიობიმოგონებარუსუდან კიკნაძე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024