ჩვენი ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რუსული იმპერიული აზროვნების უკიდურესი ცინიზმის გამოვლინება საკუთარი დანაშაულის უდანაშაულო მსხვერპლისთვის გადაბრალებაა. რუსეთის იმპერიისთვის ეს ნორმაა. რუსეთი არასდროს იღებს პასუხისმგებლობას და მას მუდამ მსხვერპლს აკისრებს. ასე მოხდა 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციასთან დაკავშირებითაც. მშვიდობიანი ხალხის ორლესული ნიჩბებით ამჩეხავებმა, თავი “მსხვერპლად“ წარმოაჩინეს, დახოცილები კი პროვოკატორებად და მოძალადეებად. ღირს 1989 წლის 9 აპრილის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორისა და ჯალათს მემუარების გახსენება, რუსეთის ბუნების გასააზრებლად.

რუსი გენერალი ალექსანდრე ლებედი 1988 წლის მარტიდან სსრკ არმიის 106-ს საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეთაური იყო. აღნიშნული დივიზია მონაწილეობდა უსასტიკეს სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციებში: თბილისში 1989 წლის აპრილში და ბაქოში - 1990 წლის იანვარში. 1996 წელს, ალექსანდრ ლებედის რეკომენდაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე 1989 წლის 9 აპრილის კიდევ ერთი ჯალათი, იგორ როდიონოვი დაინიშნა. 1998-ში, ლებედის მხარდამჭერი და კრასნოიარსკის მხარეში მისი საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იყო. 9 აპრილის ტრაგედიიდან 10 წელიც არ იყო გასული, სოხუმის დაცემიდან 5 წელი. ლებედი არც აფხაზეთში გამოკლებია საქართველოს სადამსჯელო ოპერაციას.

წაიკითხეთ, როგორ აღწერდა საკუთარ მემუარებში 1989 წლის 9 აპრილის კოშმარს, როგორ ამართლებდა ორლესული ნიჩბებით მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას, მათ შორის მოზარდების, მოხუცების, როგორ ადარებდა მათ “სამსხვერპლო ცხვრებს:”
“5 აპრილს ძალიან დაიძაბა ვითარება თბილისში. საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის, ჯუმბერ პატიაშვილის თხოვნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თბილისში ჯარის შეყვანის თაობაზე. რომლის? რა თქმა უნდა საჰაერო - სადესანტო დივიზიის ნაწილის. მან 1989 წლის 15 თებერვალს დატოვა ავღანეთი, სადაც 1979 წლის თებერვლიდან ომობდა და სად გადაინაცვლა? აზებაიჯანის რესპუბლიკაში - განჯაში. გავიხსენოთ ყარაბაღი, ბაქო, სუმგაითი, ეს პოლკი ისევ ცხელ წერტილში იყო.
როგორ უნდა ემოქმედათ ჯარისკაცებს? ვითარების შესაბამისად. უნდა დახმარებოდნენ პარტიულ და სამართალდამცევლ ორგანოებს წესრიგის დამყარებაში. პოლკი იდგა და ელოდა. მიტინგი მეორე კვირა გრძელდებოდა, მისი მონაწილეები იყვნენ: ქალები, კაცები, სხვადასხვა ასაკის ადამიანები. მთავრობის სახლის წინ იწვნენ მოშიმშილეები, ჯარისკაცები კი იდგნენ და ელოდნენ. ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება!“ „დამოუკიდებლობა!“ „სუვერენიტეტი!“ “ოკუპანტები!“ „ნაძირლები! “... ჯარისკაცები ელოდნენ, კბილებს აღჭრიალებდნენ. როგორია? შენ კეთილსინდისიერად იომე სისხლში, ჭუჭყში, იომე იქ, სადაც სამშობლომ გაგაგზავნა, გადარჩი, დაბრუნდი მშობლიურ მიწაზე და ისმენ, გეძახიან: „ოკუპანტებო!“ უსამართლობამ შესაძლოა დაგახრჩოს! ჯარისკაცები მაინც იდგნენ და ელოდნენ. ვიღაცებისთვის კი არ იყო ხელსაყრელი რუსი სამხედროების ეს ვაჟკაცური საქციელი.“
არავითრი სინანული, არავითარი გადაფასება. უსასტიკესი სპეცოპერაციიდან 6 წლის მერე, ჯალათმა თავის მემუარებში ისე გაიხსენა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში ჩადენილი, როგორც აუცილებელი ღონისძიება “რევოლუციის აღსაკვეთად“.
„რევოლუციონრებს სისხლი სწყურიათ - სამსხვერპლო ცხვრების სისხლი. მათ, ცხვრებმა, საკუთარი სისხლით უნდა მორწყან რევოლუცია. გათვლა მარტივია: პროვოკაცია.. მერე დეტალებს ყველა დაივიწყებს, მსხვერპლი კი დარჩება, როგორც სიმბოლო, როგორ მოწოდება ბრძოლის, შურისძიების…
მომიტინგეების მხრიდან მუქარა და ქვების სროლა მატულობდა, ჯარისკაცებს შორის იყვნენ დაჭრილები, საჭირო იყო მოქმედება, საჭირო იყო სატვირთო მანქანების მოცილება ქვების წვიმის შესაჩერებლად. მიზანი მხოლოდ ეს იყო და დაიწყო მოქმედება, მოედანზე კი პანიკა შეიქმნა. საერთო ჯამში დაიღუპა 18. აქედან - 16 ქალი, სხვადასხვა ასაკისანი, 16 -დან 71 წლის ჩათვლით. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.“

საიდან მოიტანა ქვების წვიმა? იმ ღამეს საბჭოთა სადამსჯელო მანქანამ ორლესული ნიჩბებით და მხუთავი ქიმიური გაზით, სანთლებით ხელში მდგომ დემონსტრანტებს შეუტია, სრულიად მშვიდობიანებს.
9 აპრილის დარბევა არ ყოფილა სპონტანური ღონისძიება და შეცდომა - ის იყო დაგეგმილი ოპერაცია. ალექსანდრე ლებედის მიერ დატოვებული მემუარები სიტყვები ზუსტად აჯამებს მძიმე სცენარს, რომელიც მერე კრემლმა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში დაატრიალა:
„შემდეგ იქნება ჯეირნისთვალება ზვიადი თავისი გესტაპოთი, დანგრეული და გადამწვარი რუსთაველი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ომი ყველას წინააღმდეგ და ათი ათასობით დაღუპული, მაგრამ, ეს მსხვერპლი საინტერესო აღარავისთვის იქნება. თავისუფლება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა მოვა სიცივით, შიმშილით, უიმედობით, აყვავებული ქვეყნის ნგრევით.”

08/27/2026