
09/28/2026
მეფე ერეკლესთან გაფორმებული ტრაქტატის პირობების დარღვევით, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამ და რუსეთთან მისმა ძალდატანებითმა მიერთებამ, ადგილობრივი მოსახლეობა უმძიმესი რეალობის წინაშე დააყენა. ლეკთა თარეშმა და გარე შემოსევებმა გარკვეულწილად კი იკლო, რუსული ადმინისტრაციის მიმართ იმედგაცრუება და პროტესტი დღითი დღე მატულობდა.
მოსახლეობისთვის სრულიად უცხო იყო როგორც დამპყრობლის რეჟიმი, ისე საქმისწარმოებაში შემოღებული რუსული ენა. მექრთამე და უსულგულო ჩინოვნიკების თაგასულობას კი ემატებოდა სასტიკი ძალმომრეობა რუსის ჯარისგან.

ამის მიუხედავად, მაშინდელი საზოგადოების ელიტა ახალ რეალობასთან ადაპტაციას შეეცადა. როგორც ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე აღნიშნავს:
„რუსის ჯარის მუდმივი ლაშქრობანი ლეკების სახანოების თუ იმერეთის დასაპყრობად და აგრეთვე სპარსელების წინააღმდეგ, ხდებოდა ყოველთვის ქართველი ჯარის თანხლებით. ქართველი თავად-აზნაურობა ჩაება ამ ომებში და რუსეთის სამსახურში თავის გამოჩენით ცდილობდა ჩინებითა და ორდენებით თავის დაწინურებას. მცირე ნაწილი თავადებისა ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას მისტიროდა, მაგრამ იძულებული იყო საერთო მიმდინარეობას მიჰყოლოდა. თავად-აზნაურობის ნაწილი კი წასული იყო რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ბატონიშვილებთან და მოელოდა სამეფო ტახტის დაბრუნებას ბაგრატოვანთა გვარეულობაში.“
იმპერიული ტვირთი და სოციალური კოლაფსი
რუსეთის მიერ წარმოებულმა სამხედრო ავანტიურებმა მოსახლეობა გამოფიტა. მაგალითად: 1807 წელს ჯავახეთზე ლაშქრობისას და ახალქალაქის ალყის დროს, სამი თვის განმავლობაში, 6 ათასი ქართველი მებრძოლი საკუთარი სურსათის ხარჯზე ყავდათ წაყვანილი. ქართველი მეფეების დროს, მსგავსი ხანგრძლივობით ჯარი არასოდეს გაჰყავდათ.
რუსების ჯარის სურსათით უზრუნველყოფა ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე ხდებოდა: პროდუქტს იძულების წესით, ჩვეულებრივ ფასებზე სამჯერ იაფად ართმევდნენ ადგილობრივებს. სოფლებში აყენებდნენ სადამსჯელო ეგზეკუციებს და ჯარს გლეხების სახლებში აბინავებდნენ. რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები მასპინძლებს უნადგურებდნენ შინაურ ფრინველსა და პირუტყვს, გასათბობად უწვავდნენ ღობეებს და უთვალავ ძალადობას სჩადიოდნენ, უმწეო გლეხობას კი ჩივილის არანაირი მექანიზმი არ გააჩნდა. რუსული საოკუპაციო ადმინისტრაცია გადაწყვეტილებებს იმპერიული ინტერესებიდან გამომდინარე იღებდა.
1811-1812 წლებში კახეთს „ღვთის რისხვად“ გენერალ პორტნიაგინის სადამსჯელო რაზმები მოევლინა.

ცნობილი ისტორიკოსისა და პუბლიცისტის სიმონ ქვარიანის ცნობით, როზგითა და ცემა-ტყეპით ართმევდნენ ხალხს უკანასკნელ ლუკმას, ქალებს კი ქმრებისა და შვილების თვალწინ აუპატიურებდნენ:
„ქრისტეს მოყვარე მხედრობა სჩადიოდა ისეთ რამეს, რაც აზიის ბარბაროსებსაც არ უკადრებიათ, პორტნიაგინმა სისასტიკით გადააჭარბა თვით ლენგთემურსა და შაჰ-აბასს“.

სახალხო აჯანყება და მისი ლიდერები
1812 წელი. აუტანელმა ძალადობამ კახეთში სტიქიური გამოსვლა გამოიწვია. აჯანყების მოთავეები ოთარ ქობულაშვილი და სვიმონ ბებურიშვილი იყვნენ. პროტესტს მთიულები, არაგველები და ფშავ-ხევსურებიც შეუერთდნენ. სარგის კაკაბაძის ცნობით, ყოფილმა სამეფო მდივანმა, ოთარ ქობულაშვილმა დასახმარებლად ლეკები და მეფის ძის, იოანეს შვილი - გრიგოლი მოიწვია.

რუსები ვარდისუბანში დაამარცხეს, ქიზიყელებმა სიღნაღი აიღეს, აჯანყებულებმა მტერს საგარეჯოსა და ხაშმშიც სძლიეს და არა მარტო. ვითარების განსამუხტავად, რუსეთის იმპერიის მთავარმართებელმა პაულიჩმა ჯარი დაძრა და აჯანყებულებმა თავიდან მასაც უკან დაახევინეს. მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, აჯანყებას ორგანიზაცია აკლდა, მერე შიდა ღალატმაც იჩინა თავი, ბოლოს გრიგოლ ბატონიშვილიც დანებდა. აი, გლეხებმა კი ბოლომდე იბრძოლეს. ჩუმლაყში დაეცნენ რუსებს, თავიდან უპირატესობა მოიპოვეს, მერე კი ძალთა უთანასწორობამ თავისი ქნა. გამარჯვებულმა რუსებმა სოფელი გადაწვეს, შეპყრობილი მეამბოხეები ციმბირში გადაასახლეს, ბატონიშვილი გრიგოლი პეტერბურგში გააგზავნეს.
მოღალატეები
სიმონ ქვარიანის მიხედვით, ქართლის თავადების დიდი ნაწილი რუსებმა ქრთამით გადაიბირეს.

ამ მხრივ თავი „გამოიჩინეს“: ერისთავებმა, ამილახვრებმა, თუმანიშვილებმა, მაჩაბლებმა და ორბელიანებმა, მაშინ როცა კახელი თავადები მეტწილად ერთგულები დარჩნენ აჯანყებისა. კახეთში რუსული ადმინისტრაციის მთავარი ინფორმატორი ყოფილა არქიმანდრიტი ელეფთერ ზუკაკიშვილი. ის რუსებთან აბეზღებდა აჯანყებულებს. ისე ერთგულებდა დამპყრობელს, სიმონ ქვარიანის ცნობით, აჯანყების მომხრე სასულიერო პირებს საკუთარი ხელით გლეჯდა თმას და წვერს.
მთავარმართებელ პაულიჩის წერილი აჯანყებულ კახელებს და გმირი კახელების პასუხი
„კახელებო, რას სჩადიხართ! ისე გადაირიეთ, რომ ვეღარ ხედავთ რუსის მხედრობის სიძლიერეს. ნუთუ დაგავიწყდათ ქრისტიანობა?“

პაულიჩი ასეთი წერილით ატყობინდებდა კახელებს, რომ მიდიოდა მათთან ჯარით, ურჩთა შესამუსრად და მშვიდობის აღსადგენად და აჯანყებულებს დანებებას მოუწოდებდა.
კახელებს უპასუხიათ:
საიდან მოიგონე, რომ ჩვენ ქრისტე უარვყავით და ფიცი გავტეხეთ? თუ რამ ჩავიდინეთ მიზეზი და საბაბი თქვენ ხართ. რაც მანიფესტით ნაბრძანებია უმოწაყელს ხელმწიფისგან, არაფერი შეასრულეთ. ბრალიანის და უბრალოს გარჩევა არ იცოდით. გვიჟლეტდით ცოლ- შვილს, საზრდო-პური მოგვტაცეთ, ნუგეშად გვეუბნებოდით - ბალახი ძოვეთო. ვეღარ ავიტანეთ ამდენი უნამუსობა, თქვენსა და ჩვენს შორის ხიდი ჩატყდა. ერთად ვეღარ მოვთავსდებით.“
გაბრაზებული პაულიჩი ერთი ბატალიონი ჯარით და ზარბაზნებით წავიდა კახეთისკენ. ამ გალაშქრებას ასე აღწერს დავით ბატონიშვილი:
„მოკრიფა ყოველსა ადგილსა რუსნი, წარემართა და მოვიდა ხაშმსა. შეესია სოფელს და გაჟლიტა უბრალონი ქრისტიანები ვიდრე ასამდე ჩვილითურთ, მზგავსად იროდისა. და მუნ მოჰკლეს ხიშტით მონაზონი აბაშიძის ასული მარიამ, დედიდდაშვილი მეფისა ირაკლისა, ოთხმოცდაათისა წლისა დედაკაცი.“

კახეთის აჯანყება მაშინ ამით არ დასრულებულა. მალე მას სათავეში ალექსანდრე ბატონიშვილი ჩაუდგა.
გააზიარე სტატია