Logo

საზოგადოება

"ლუკა რვა თვე დამუნჯებული იყო, ამ როლისთვის ემზადებოდა" - რა მისტიკა ახლდა გოდერძი ჩოხელის "ლუკას სახარებას"

"ლუკა რვა თვე დამუნჯებული იყო, ამ როლისთვის ემზადებოდა" - რა მისტიკა ახლდა გოდერძი ჩოხელის "ლუკას სახარებას"

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ლუკას სახარება" გოდერძი ჩოხელმა 1998 წელს გადაიღო. ფილმში ლუკას როლი თავის უფროს ვაჟს - ლუკა ჩოხელს მიანდო. მაშინ იგი 13 წლის იყო.

"ალბათ, მაინც ბავშვურად ვფიქრობდი: გმირი ჩემი სეხნია იყო; მოქმედება მთაში ხდებოდა, მე კი მთა გამორჩეულად მიყვარს; ძალიან მომწონდა ჯვრიანი სამოსი, რომელიც საგანგებოდ ლუკასთვის მოქსოვეს; მიტაცებდა ფილმის ქრისტიანული თემატიკა და, ბოლოსდაბოლოს, ძალიან მინდოდა კინოში გადაღება. ვფიქრობ, მაქსიმალური გავაკეთე ჩემი გმირისთვის და ეს ბევრმა აღნიშნა. ყველას უძნელდებოდათ დაჯერება, რომ ეს როლი ჩემი დებიუტი იყო", - "კვირის პალისტრასთან" ინტერვიუში ჰყვებოდა ლუკა ჩოხელი.

ტირილის ეპიზოდის გადაღებისას ბიჭს ბუნებრივად უნდა ეტირა, ამისთვის კი შესაბამისი განწყობის შექმნა იყო საჭირო და ეს განწყობაც ბუნებრივად გაჩნდა, თითქოს არსაიდან. მოკლედ, სწორედ ამ ეპიზოდის გადაღების პერიოდში, მოულოდნელად ლუკას ხარმა ცხვირში რქა მიარტყა და ბიჭი სიმწრისგან ატირდა. ეს მომენტი არც გოდერძის გამოეპარა და არც ოპერატორს - სასწრაფოდ ყველაფერი ფირზე დააფიქსირეს. ასე რომ, ლუკას ხელოვნური ცრემლი და სხვა დამხმარე საშუალებები აღარ დასჭირდა - ფილმში ნატურალური კადრი დარჩა.

გოდერძი

ხანდახან კადრებსაც ვაფუჭებდი და მამა ბრაზობდაო, - იხსენებდა ლუკა. მაგრამ ფაქტია, ყველაზე რთული მაინც ჯვარცმის გადაღება აღმოჩნდა - ჯვარაკიდებული ბიჭი დადიოდა, ბავშვები კი დასდევდნენ და ყვიროდნენ: ქრისტე აღდგაო!

- ასეთი მძიმე როლისთვის როგორ გაიმეტე შვილიო? - უკითხავთ გოდერძისთვის.

- აბა, სხვის შვილს ხომ ვერ გავიმეტებდიო?! თუმცა ამ ეპიზოდებმა, გოდერძის ცოლს, ნინოს საშინელი შეგრძნება გაუჩინა, თურმე.

ლუკა ჩოხელი

ნინო მელაშვილი: ისიც კი გავიფიქრე, ღმერთო მაპატიე და, ალბათ, როგორ იტანჯებოდა ღვთისმშობელი, საკუთარი შვილის ჯვარცმას რომ უყურებდა-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცოდით, მხოლოდ გადაღება იყო და სხვა არაფერი, ენით აუწერელი განცდა დაგვეუფლა... ფილმის დასრულების შემდეგ, ლუკას რომ ეკითხებოდნენ, რას გრძნობდი თამაშისასო, - არ ვთამაშობდი, იმ ცხოვრებით ვცხოვრობდიო, - პასუხობდა.

13 წლის ბიჭმა თავადვე გაახმოვანა როლი, თანაც, ფაქტია - საუკეთესოდ და ამასაც თავისი წინაპირობა ჰქონდა...

გოდერძი ჩოხელი

"ლუკას სახარების" გადაღებამდე, 7-8 თვის განმავლობაში ლუკა არ ლაპარაკობდა. 13 წლის ბიჭმა, თითქოს, დუმილის აღთქმა დადო ან, შეიძლება, გარე სამყაროს გამოუცხადა პროტესტი - არც სკოლაში ამბობდა სიტყვას, არც ოჯახში. გოდერძის და ნინოს რას აღარ ურჩევდნენ - ვიღაცებს უთქვამთ, ალბათ, ხატის მიზეზიაო და მშობლებმა ლუკა გამოსალოცად წაიყვანეს, მერე სხვამ ლოგონევროზის დიაგნოზი დასვა და ექიმების მითითებით, ბიჭს წამლებიც ასვეს. ერთმა ბერმა კი უთხრა ლუკას, - რისი გეშინია, შენ ისეთი მაგარი მამა გყავსო... საბოლოოდ, ნინო და გოდერძი მიხვდნენ, რომ ლუკას თავს სხვა რაღაც ხდებოდა.

ლუკა ჩოხელი

ლუკას დამუნჯების პარალელურად, გოდერძი "ლუკას სახარების" გადასაღებად ემზადებოდა და არც კი უფიქრია, ფილმში ლუკა გადაეღო. სწორედ 7-8 თვე იყო გასული, რომ ლუკა ჩოხელმა "ლუკას სახარების" სცენარი წაიკითხა და... ამდენი ხნის შემდეგ პირველად დაილაპარაკა - ნინოს გადაჭრით უთხრა: დედა, ეს მე უნდა ვითამაშოო.

ნინომ ეს ამბავი გოდერძის გაუზიარა და ორივე შეფიქრიანდა - ძალიან მძიმე როლია, რომ ვერ ითამაშოს ან თავად უფრო დამძიმდესო? არადა, ბიჭმა ძლივს ხმა ამოიღო... გოდერძი მაინც დათანხმდა და ლუკას სხვა ბავშვებთან ერთად სასინჯი კადრებიც გადაუღეს. სამხატვრო საბჭომ არც იცოდა, გოდერძის შვილი რომ იყო და ერთხმად სწორედ ლუკა ჩოხელი მოიწონა.

ლუკამ გოდერძის უთხრა, მამა, 1-2 დუბლით გადამიღე, მეტს ვერ ვითამაშებო. მეტი, ფაქტობრივად, არც დასჭირვებია, თურმე. მან არათუ თავისი, სხვისი როლებიც ზეპირად იცოდა. ეს ბიჭი ყველას აოცებდა - გადაღებაზე სათქმელს უშეცდომოდ ამბობდა, მერე კი კვლავ დუმდებოდა. თავისი შესრულებით გოდერძიც კი გააოცა. ნინომ მითხრა, - ჯვრის ტარების ეპიზოდის გადაღებისას, მახსოვს, აივანზე ვიდექით მასწავლებლების როლის შემსრულებლები და ყველანი ვტიროდით: უმძიმესი საცქერი იყო ბავშვიო და დასძინა: - ისეთი შეგრძნება დაგვრჩა, თითქოს იმ 7-8 თვის განმავლობაში, დამუნჯებული რომ იყო, შეუცნობლად, მაგრამ მაინც, ლუკა ამ როლისთვის ემზადებოდა. დასრულდა ფილმი და ისიც ერთბაშად ალაპარაკდაო.

ლუკა ჩოხელი

"ლუკას სახარება" კომედია არ არის, მაგრამ სევდიანი და, ამავე დროს - იმედიანი ფილმია. ხომ გახსოვთ ფინალი? - ობოლ ლუკას სკოლიდანაც აგდებენ და გამზრდელი ბებიაც უკვდება, მაგრამ ამ მომენტში მანამდე გაჭირვების გამო გაყიდული საყვარელი ხარი - ნიკორა უბრუნდება და ბედნიერი ბიჭი ხართან ერთად ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს: ორივენი ვიმუშავებთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. საოცარი იყო, გოდერძიმ იმედისა და სიძლიერის სიმბოლოდ ფილმში ხარი რომ გამოიყვანა და არც იცოდა, რომ იესო ქრისტეს მოციქულის - ლუკას სახარების სიმბოლოც სწორედ ხარი იყო. ეს მან ფილმის ნახვის შემდეგ უწმინდესისგან შეიტყო. გოდერძი ისეთი გრძნობების კაცი იყო, აშკარად, ქვეცნობიერად შეარჩია ხარი - მის ცხოვრებაში ასეთი უცნაური ამბები ძალიან ხშირად ხდებოდა!

წყარო: "კვირის პალიტრა"

ავტორი: ზმნა

04/09/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024