საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1989 წლის 9 აპრილს ღამეს, რუსთაველის გამზირზე მოკლულებს შორის უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებიც. იყვნენ დაჭრილებიც და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამლულები. საბჭოთა-რუსულმა სადამსჯელო მანქანამ სცადა ასე სასტიკად ჩაეხშო საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა.
ჩვენ გაგახსენებთ 1989 წლის 9 აპრილს მივიწყებული ფაქტებით. ბევრს არ ახსოვს, რომ სისხლიანი ოპერაციის შემდეგ, იმ დღეს საბჭოთა-რუსმა ჯალათებმა თბილისში ტყვიები ბავშვებსაც ესროლეს.
გავიხსენოთ 9 აპრილი თბილისში ისეთი, როგორც თავის რეპორტაჟში აღწერა ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა იური როსტმა. მაშინ მან ფასდაუდებელი საქმე გააკეთა, თბილისში მომხდართან დაკავშირებით სიმართლის ფართოდ გასავრცელებლად.

„მანქანები შავი ლენტებით და ჩართული ხმოვანი სიგნალებით მიდი-მოდიან. ნომერ პირველ საავადმყოფოს მორგიდან გამოასვენეს დახოცილთა ცხედრები, ეკლესიაში გადასვენებას უპირებდნენ. აქ მოსულმა ჯარმა აღკვეთა დემონსტრაციის მცდელობა. მიმავალი მანქანის კაბინიდან პირდაპირი სროლით დაჭრეს რამდენიმე კაცი, ერთი მათგანი 13 წლის ბიჭი იყო. იმავე დღეს დააპატიმრეს რადიკალური არაფორმალების 5 ლიდერი. ჯარის ნაწილებმა და საბრძოლო მანქანებმა შეკრეს ხიდები. თბილისის თავზე დაფრინავდნენ ვერტმფრენები. ქალაქში ისმოდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლის ხმა.“

თბილისიდან გავრცელებული ამ რეპორტაჟის ტექსტი მოგვიანებით თარგმნეს და დაბეჭდეს საფრანგეთში გამომავალ ქართულენოვან გამოცემაში. იური როსტი წერდა საბჭოთა სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ, ნომერ პირველ საავადმყოფოსთან 13 წლის ბავშვის დაჭრის შესახებ. ეს დავიწყებული ამბავია და ღირს გასახსენებლად.
საბჭოთა ჯალათებმა ღამით ორლესული ნიჩბებით აგვიჩეხეს მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის სკოლის მოსწავლე გოგონები, შემდეგ კი თბილისის სხვადასხვა უბნებში ტყვია ესროლეს არა მარტო ზრდასრულებს, სკოლის მოსწავლეებსაც.
ცნობილია, რომ 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა რუსმა ჯალათებმა, კომენდანტის საათის გამოცხადებისთანავე, თბილისში, ტყვიით მოკლეს გია ქარსელაძე და მძიმედ დაჭრეს კიდევ ერთი პირი - დავით ფაილოძე, შედეგად მან მხედველობა დაკარგა.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 9 აპრილის მომხდარის გარემოებათა გამოკვლევის კომისიის დასკვნა. გამოაქვეყნეს 1989 წლის ბოლოს.

„9 აპრილს, დაახლოებით 18 საათსა და 15 წუთზე, ჯერ კიდევ კომენდანტის საათის შემოღებამდე, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კინოთეატრ „ბათუმთან,“სამხედრო ნაწილებმა უმიზეზოდ სროლა დაუწყეს ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს და ფეხში დაჭრეს 15 წლის დათო მხატვრიშვილი. ამის დანახვაზე, იქვე მყოფი 12 წლის ლევან ჩანადირი მოახტა ველოსიპედს, რათა იქაურობას გასცლოდა. ამ დროს მას ოფიცრის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა და იგი საავადმყოფოში მოათავსეს. ბავშვს ინტენსიური სისხლდენა ჰქონდა. სამხედრო მოსამსახურეებმა ავტომატები მიუშვირეს ხალხს და არ აძლევდნენ ბავშვის აყვანის საშუალებას.“
9 აპრილს მომხდარის გარემოებათა კომისია მოითხოვდა არასრულწლოვანთა მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და დასჯას, თუმცა ესენი კი არა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მკვლელები არავის გამოუვლენია და დაუსჯია. 1989 9 აპრილის სასაკლაოს გამო პასუხი არავის უგია.

უსასტიკესი საბჭოთა სადამსჯელო ოპერაცია ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭავჭავაძის მოგონებაში:
„ხელკეტიანთა ბანდების მწყობრი წინ მოიწევს და ქიმიური იარაღით გაბრუებულ, გაუგონარი ცემა-ტყეპით დაზაფრულ ხალხს დევნის, თან გაქცევის საშუალებას არ აძლევენ. ხალხი ერთმანეთს აწყდება. წუთიც და – რამდენიმე ათეულ კაცთან ერთად პარაპეტიდან იმ ორმოში ვვარდები, მთავრობის სახლის მთელ სიგრძეზე დეკორატიული ბუჩქები რომ იზრდება. თავზე გვაცვივა ადამიანთა ახალი ტალღები. ენით აუწერელი გნიასი დგას. უმრავლესობა გოგონები და ქალები არიან. სპეცჯარის ერთი ასეული დემონსტრანტთა რიგებს არღვევს და ალყას გვარტყამს ორმოში ჩაცვენილებს. ისინი მიჯრით დგებიან პარაპეტზე ჩვენს გვერდით, ხელკეტებსა და წიხლებს გვირტყამენ და ორმოდან ამოსვლის საშუალებას არ გვაძლევენ.

განწირული ქალების კივილი ცას წვდება. ხსნა არსაიდან ჩანს და აქ, ჩემთვის მოულოდნელად, ხუთი ქართველი მილიციელი მხსენლად მოვიდა. ორი მათგანი რიგითი იყო, სამნი, ვგონებ, უფროსები. ორმა ქანდაკებასა და ჯარისკაცებს შორის დერეფანი შექმნა და ორმოდან ამოყვანილების გატარება დაიწყო უსაფრთხო ადგილისკენ. არ იფიქროთ, რომ ეს დამრბევთა სცენარში შედიოდა; უბრალოდ, მომხდურნი დააბნია მილიციელთა ფორმამ და მათმა თავდაჯერებულმა მოქმედებამ. რამდენიმე წუთში ამ მილიციელებსაც დაერევიან, მაგრამ მანამდე რამდენიმე ქართველ მილიციელს ზევით ამოჰყავთ განწირული ადამიანები. ერთი უცნობი მამაკაცი, მერაბ კოსტავა და მე ქვევიდან ვეხმარებით.“

1989 წლის 9 აპრილის ღამეს დაჩეხილებსა და ქიმიური ნივთიერებით მოწამლულებს შორის იყვნენ მილიციის თანამშრომლებიც, რადგან იმ ღამეს ისინი ხალხის მხარეს დადგნენ. 1989 წლის გაზეთების ცნობებით, მილიციის 40-მდე თანამშრომელს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა, 7-ის მდგომარეობა მძიმე იყო. გადარჩენილები კლინიკასთან იკრიბებოდნენ, მათთვის მადლობის სათქმელად.

ეკა ბეჟანიშვილი სკოლის მოსწავლე იყო. 1989 წლის 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მოკლეს, რადგან დანარჩენებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებას სანთელი დაუნთო. ერთი წლის შემდეგ ეკას დედამ გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელის“ კორესპონდენტს უთხრა:
„ეკა მართალია თავის საქციელში, ეკა მართალია თავისა და ქვეყნის წინაშე. მეც მართალი ვარ, რომ იქ მივედი. ეკა ამბობდა - თუ ბევრი ვიქნებით, მტერი ვერ მოგვერევაო.“
სიმბოლურად ერთ-ერთი გმირის დედის კომენტარი მოვიყვანეთ. 1989 წლის 9 აპრილის უსასტიკესი ოპერაციის მერე, დღისით, რუსულ ტანკებს თბილისში მოზარდები დაუწვნენ წინ და არ ატარებდნენ.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა უსასტიკესი დანაშაულის, გლოვის და ამავდროულად დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. ამ დღეს ვიხსენებთ 9 აპრილის გმირებს და ამ დღიდან ვითვლით დამოუკიდებელი საქართველოს ახალ სიცოცხლეს. 9 აპრილის გმირების ხსოვნა უკვდავია დამოუკიდებელ საქართველოს იდეასთან ერთად და გვახსენებს, რომ ის ბრძოლა ბოლომდე მისაყვანია.
04/08/2026