
09/18/2026
1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობამ და საბჭოთა ოკუპაციამ, ყველაფერ დანარჩენთან ერთად, ქვეყანა კრიმინალების სათარეშო გახადა.
ბოლშევიკური რეჟიმის მთავარი საყრდენი პირველივე დღეებიდან, სწორედ, კრიმინალები იყვნენ. ამისი ყველაზე უტყუარი დოკუმენტია გაზეთ „თავისუფალ საქართველოს“ (გამოიცემოდა ევროპაში), 1921 წლის 31 აგვისტოს ნომერში დაწერილი შიშველი სიმართლე:
დუშეთის მაზრის ცნობილი ავაზაკი ლევან ქავთარაძე, რომელიც ხალხს უმოწყალოდ არბევდა, ბოლშევიკებმა მილიციის უფროსად დანიშნეს. შედეგად, ავაზაკობა კიდევ უფრო გაძლიერდა, სანამ მოთმინებიდან გამოსულმა მეწისქვილემ ცულით არ მოკლა. მეზვრიშვილი და ირემაშვილი, რომლებმაც სოფელ სორვისში გერმანელი ქალი ნეიბაუნი გაძარცვეს, კომუნისტებმა ციხიდან გამოუშვეს, კომპარტიაში შეიყვანეს და მილიციონრებად დანიშნეს. ძველი ყაჩაღები - კობიაშვილი და თათარაშვილი (ინგლისელების მკვლელობაში ბრალდებულები) - ერთი ჩეკაში დასაქმდა, მეორე კი მილიციაში. გრემისხევის რევკომის თავმჯდომარე, მკვლელი გურგენაშვილი გახდა. ანანურის რევკომის თავმჯდომარედ კი ყაჩაღი დარჩო ჩოდიშვილი დაინიშნა.

რუსეთის არმიისა და ბოლშევიკების მიერ ოკუპირებულ საქართველოში გამეფებულმა განუკითხაობამ შეიწირა ბევრი წესიერი და ნიჭიერი ადამიანი, მათ შორის ბრწყინვალე საბავშვო მწერალი და პედაგოგი, თედო რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას უმცროსი ძმა.
თედო რაზიკაშვილი, გორის სემინარიის წარმატებით დასრულების შემდეგ, წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მასწავლებლად დანიშნა გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის სკოლაში. თავიდან სკოლაში ცხოვრობდა, მერე ერთი ჭაობიანი მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელიც თანდათან სამოთხედ გადაქცია და ოჯახიც შექმნა.

თედო პედაგოგიური და შემოქმედებითი უნარების გარდა, იშვიათი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ამასთან, დაჯილდოებული იყო კომერციული და პრაქტიკული ნიჭით. სკოლას და ოჯახს ხომ უვლიდა, ძმებსაც ეხმარებოდა; მთელ რაიონში სამაგალითო ბაღ-ბოსტანი ჰქონდა იშვიათი ნარგავებით, იქვე განავითარა მეფუტკრეობა. უფრო საინტერესო ისაა, რომ რამდენიმე პარტნიორთან ერთად, ხელთუბნისა და მიმდებარე სოფლებისთვის დააარსა საერთო სასოფლო კოოპერატივი, რომლის საშუალებით არა მარტო სოფლის პროდუქტების გაყიდვა, აზერბაიჯანში ხილისა და ბოსტნეულის გაცვლა ხორციელდებოდა. იქვე ჩამოაყალიბა სასოფლო-სამეურნეო ბანკიც, გახსნა სავაჭრო პუნქტები და სოფლის ბიბლიოთეკა.

დღისით ამდენ საქმეში ჩაფლული თედო, თავის ლექსებს და შესანიშნავ საბავშვო მოთხრობებს ღამით წერდა, რათა გამომცემლობისთვის მიეწოდებინა. ის იყო ხალისიანი და გულუხვი მასპინძელი სტუმრებისა და, რაც მთავარია, მშრომელი ხალხის თავგამოდებული დამცველი - სასტიკი და ულმობელი მამხილებელი უსამართლობის, მოურიდებელი მდევნელი ნაძირლებისა და ცხვრის ქურქში გახვეული მგლების, ასე გულმოდგინედ რომ ჩაგრავდნენ გლეხკაცობას.
თანამედროვეების ჩანაწერებით, მწერლის სახლი სოფელ ხელთუბანში მთავრობისა და მემამულეებისგან დაჩაგრული გლეხების აგიტაციის ცენტრად გადაიქცა. მაშინდელი რეჟიმისთვის ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა - თედოსნაირი კაცები რუსეთის იმპერიისთვის საშიშები იყვნენ. 1905 წელს დაიჭირეს და რუსეთში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს. ბედზე, ოქტომბრის მანიფესტმა მოუსწრო და გზიდან უკან დააბრუნეს. სამწუხაროდ, თედო რაზიკაშვილის დევნა ამით არ დასრულებულა, ერთ წელში სახლი დაუნგრიეს, რის შემდეგაც იძულებული გახდა ოჯახით ფშავში გახიზნულიყო. რამდენიმე წლის მერე მოახერხა სოფელ ხელთუბანში დაბრუნება და დანგრეული სახლისა და მეურნეობის აღდგენა-განვითარება.
ეროვნული ფოლკლორის მემატიანე
თედო რაზიკაშვილმა ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული ფოლკლორის შეკრება-გამოცემისა და შესწავლის საქმეს. საკუთარი ხელით 4000-ზე მეტი ტექსტი ჩაწერა სახალხო მთქმელებისგან, რომელთა უმეტესობაც შესულია მის მიერვე გამოცემულ წიგნებში: 1909 წელს გამოსცა ქართლში შეკრებილი 107 ზღაპარი, შემდეგ კახეთსა და ფშავში შეკრებილები.

თედო რაზიკაშვილის საკუთარი შემოქმედება - ლექსები თუ მოთხრობები - გაჯერებულია ჰუმანიზმითა და პატრიოტიზმით, ჩაგრულისადმი თანაგრძნობით; ბავშვს კი ძალდაუტანებლად აწვდის ცოდნას ბუნების მოვლენების, ცხოველთა და ფრინველთა შესახებ. მის მიერ შემონახული ქართული ხალხური ზღაპრები გამოირჩევა დასაწყისისა და დასასრულის მრავალფეროვნებით, მდიდარი ენობრივი მასალით. ზოგიერთ ზღაპარს მიწერილი აქვს მთქმელის ვინაობა და ჩაწერის ადგილი. ეს ფასდაუდებელი საუნჯეა.
აკაკი წერეთელი საბავშვო მწერალ თედო რაზიკაშვილზე
„ვოლტერმა თქვა ყმაწვილებისთვის ისაა კარგი და სასარგებლო, რაც არც დიდებს აწყენთო. ეს პატარა ბოტანიკური მოთხრობა „ფითრი“ თედო რაზიკაშვილისა, როგორც ხელოვნების მხრივ, ისე თავისი კილოთიც, გამტაცია ახალგაზრდა გრძნობა-გონების და იმავე დროს დიდად საგულისხმოა დიდებისთვისაც. ეს არის ისტორია ჩვენი ცხოვრების და ამავე დროს ებრაული წინასწარმეტყველება მომავალზე და ვინც გულდასმით წაიკითხავს, ჩვენთან ერთად იტყვის: მადლობა ღმერთს, ახალი ხანა დგება ჩვენს მწერლობაში და მისი განთიადიც მოახლოვებულიაო.“

თედო რაზიკაშვილის შემოქმედებით კრედოსა და ცხოვრებისეულ ფილოსოფიას ყველაზე ზუსტად მისივე სტრიქონი გამოხატავს:
„სანამ დავტოვებ სამზეოს,
ვეცდები წმინდა სახელი
იმ ბნელს უმზეო მხარესა
ავინთო, როგორც სანთელი;
თან გავიყოლო სხვებიცა,
ჩემგნით გზა ჰქონდეთ ნათელი!“
ტრაგედია: შური, ბოლშევიკები და მკვლელობა
თედოს შეუპოვრობა და უნარები შურდათ სოფლის მომხვეჭელ გლეხებს, შურდათ მის მიერ შრომით შექმნილი დოვლათი. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დადგა ამხანაგური კოოპერატივისა და ბანკის დაშლის საკითხი. მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კოტე თუმანოვმა მოინდომა კოოპერატივის და ბანკის ქონების ხელში ჩაგდება, თედო კი მყარად იდგა აზრზე, რომ გლეხებისთვის შექმნილი ქონება ისევ ხალხს უნდა მოხმარებდა. ამ ნიადაგზე მწერალს თუმანოვი და სხვა ყოფილი პარტნიორები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ. კომუნისტებმა ეს მომენტი შესანიშნავად გამოიყენეს, ბოლშევიკების ქურქში გახვეული რამდენიმე „ბობოლა“ გლეხის განწყობა იარაღად აქციეს პრინციპული, სამართლიანი და ქვეყნის პატრიოტი კაცის მოსაშორებლად, ვაჟა-ფშაველას ძმის გასანადგურებლად.
1922 წლის იანვარში ავაზაკები მძინარეს დაესხნენ თედო რაზიკაშვილს და მრავლობითი ჭრილობებით გამოასალმეს სიცოცხლეს. დაკრძალეს თავისსავე ეზოში, ერთი თვის მერე კი გადმოასვენეს თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
გააზიარე სტატია