Logo

საბერძნეთში გაზრდილი გოგონა ბიოლოგიურ დედას საქართველოში ეძებს

საბერძნეთში გაზრდილი გოგონა ბიოლოგიურ დედას საქართველოში ეძებს

09/25/2026

ტექსტის ზომა

მარიანა სოფიანიდუმ 43 წლის ასაკში გაიგო, რომ ნაშვილებია.

თითქმის მთელი ცხოვრება, მარიანას საკუთარი დაბადების შესახებ სხვა ისტორია ესმოდა. სიმართლე მხოლოდ 2025 წლის იანვარში, დნმ-ის ტესტის ჩატარების შემდეგ გაირკვა.

მარიანა


მამაკაცი, რომელიც მარიანას პირველი ხაზის ბიძაშვილი აღმოჩნდა, თავადაც ბიოლოგიურ ოჯახს ეძებდა. მისი ოჯახის ძებნამ, მარიანას საკუთარი ცხოვრების შესახებ სრულიად უცნობი ამბავი აღმოაჩენინა.


კითხვებზე პასუხების მიღება მარტივი არ აღმოჩნდა, გამზრდელმა დედამ დეტალებზე საუბარი არ ისურვა და ნათლიასთან გადაამისამართა, რომელსაც წლების წინ მომხდარი ამბავი უნდა მოეყოლა. ნათლიის მონათხრობის მიხედვით, ყველაფერი სოხუმში დაიწყო.

"ჩემი მომავალი ნათლია, ლარა, მუშაობდა სოხუმის "ბავშვთა სამყაროში". ერთ დღეს იქ გაიარა მეანმა, რომელიც სოხუმის საავადმყოფოში მუშაობდა. ის რუსი იყო და დღეს 70 წელს გადაცილებული უნდა იყოს...
როგორც ნათლია ამტკიცებს, ასაკის გამო ამ ქალს არაფერი ემახსოვრება. მეანი ძალიან შეწუხებული იყო, რადგან საავადმყოფოში, სადაც მუშაობდა, მშობიარობისთვის ახალგაზრდა სტუდენტი, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი შეიყვანეს. სტუდენტი საქართველოდან იყო, შეყვარებულს დაშორდა და ამ მიზეზით გადაწყვიტა, როგორც კი იმშობიარებდა, ბავშვი საავადმყოფოში დაეტოვებინა. მისმა ოჯახმა არ იცოდა ორსულობის შესახებ და ამიტომ ახალშობილი უნდა მოეშორებინა, სანამ თავის ოჯახში დაბრუნდებოდა.
მეანი ძალიან წუხდა, რომ ბავშვს ბავშვთა სახლში მოუწევდა წასვლა. და მაშინ ჩემმა ნათლიამ შესთავაზა მეანს ერთი შესანიშნავი, შეძლებული ოჯახი, რომლებიც წლებია ევედრებოდნენ ღმერთს, რომ გოგონა ჰყოლოდათ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ახერხებდნენ. მათ 12 წლის ვაჟი ჰყავდათ და მის შემდეგ 2 წარუმატებელი ორსულობა ჰქონდათ, მეორე წარუმატებლობის შემდეგ კი გინეკოლოგიური ოპერაცია გაიკეთა და ექიმებმა აცნობეს, რომ მეტ შვილს ვეღარ გააჩენდა.
ჩემმა ნათლიამ წყვილის მისამართი მეანს მისცა და შეთანხმდნენ, რომ ის ჩემი ბიოლოგიური დედისთვის მიეცათ, რათა საავადმყოფოდან გაწერისას ბავშვი თავად მოეყვანა ჩემს ახალ სახლში," - ჰყვება მარიანა ნათლიის მონათხრობის მიხედვით.

შემდეგ იწყება ამ ამბის ყველაზე უცნაური და ემოციური ნაწილი.

7 იანვრის ღამეს, სახლში დაახლოებით ათი ადამიანი იყო შეკრებილი და ძველი კალენდრით ახალ წელს აღნიშნავდნენ. მარიანას მომავალი დედა თავის დასა და დისშვილთან ერთად სადღესასწაულო ნამცხვრებსა და ტკბილეულს ამზადებდა. ერთ მომენტში ოჯახის წევრმა ეზოში, სახლის გარე კიბესთან, მაგიდაზე დადებული კალათა შენიშნა. თავდაპირველად ეგონა, რომ მასში ტანსაცმელი იყო. როდესაც კალათა სახლში შეიტანეს და საბნები გადაწიეს, იქ 10 დღის ახალშობილი დახვდათ.

მარიანას თქმით, ნათლიას ოჯახისთვის წინასწარ არაფერი უთქვამს. ამიტომ ბავშვის გამოჩენა ყველასთვის მოულოდნელი იყო, მათ შორის იმ ქალისთვისაც, რომელიც შემდეგ მისი დედა გახდა.

"საბნების ახდისას მიხვდნენ, რომ კალათაში 10 დღის ახალშობილი იყო. ეს ყველასთვის სიურპრიზი იყო, მათ შორის ჩემი ახალი დედისთვისაც, რადგან ნათლიას არავისთვის უთქვამს იმის შესახებ, რაც მეანთან მოაგვარა.

მე ჯერ კიდევ მეკეთა საავადმყოფოს სამაჯური. ერთ-ერთმა მეზობელმა დაინახა, რომ ზედ სახელი ეწერა Darejan, სხვა არავის ახსოვს სახელები. ნათლიას ასევე ახსოვს გვარი Tschadaia. კალათაში ასევე იყო ბარათი, რომელზეც ეწერა: „საახალწლო დღესასწაულებისთვის საჩუქრად გიტოვებთ ამ ბავშვს, მე მარტო ვერ მოვუვლი მას“. ჩემმა დეიდამ, დედაჩემის დამ, მაშინვე მომხსნა სამაჯური ხელიდან და ბარათთან ერთად ღუმელში ჩააგდო დასაწვავად. მათ სურდათ ყველა მტკიცებულების დაწვა," - ამბობს მარიანა.


გადმოცემის მიხედვით, ოჯახის ერთი წევრი ამბობდა, რომ პოლიციისთვის უნდა მიემართათ, მაგრამ მარიანას მომავალმა დედამ ბავშვის დატოვება გადაწყვიტა. „ღმერთმა გამოგზავნა“, - ასე უთქვამს მას.

მარიანა


1983 წლის 2 თებერვალს, ოჯახმა მარიანა საკუთარ ბიოლოგიურ შვილად დაარეგისტრირა. ნათლია ლარა გახდა, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ იზრდებოდა გოგონა.
მარიანა ამბობს, რომ ამ ვერსიის, რომელსაც ოჯახი და ნათლია უამბობენ არ სჯერა და მასში ბევრი რამ საეჭვოდ ეჩვენება.

"იმის გამო, რომ მე ეს ყველაფერი კარგად დადგმულ შეთქმულებად მიმაჩნია და მათი სიტყვების არ მჯერა, ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას, რათა სიმართლე მისი პირიდან მოვისმინო.
1. არანაირად არ მჯერა, რომ ახალნამშობიარები დედა, რომელმაც ბავშვის მიტოვება გადაწყვიტა, უცებ საავადმყოფოდან გაწერისთანავე თან წაიყვანდა ბავშვს, რათა სხვის ეზოში ფარულად დაეტოვებინა.
2. საავადმყოფოდან ცოცხალი ბავშვით გავიდა საბუთებით. როგორ გაამართლა მან მოგვიანებით მისი სიკვდილი?
3. ვინაიდან მისამართი ჰქონდა და ყველაფერი ნათლიასთან იყო მოწყობილი, კარზე უნდა დაეკაკუნებინა და არა ფარულად დაეტოვებინა და წასულიყო. ისტორიას ზოგადად ბევრი ხარვეზი აქვს. ისე მომიყვნენ, თითქოს ეს ისტორია 5 წლის ბავშვისთვის მოამზადეს. ის ბევრი ემოციით შექმნეს და არა ლოგიკით. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ გვარი, რომელიც ნათლიამ მითხრა, შეცდომაში შემყვანია და არ მჯერა, რომ მას რეალობასთან რაიმე კავშირი აქვს. როდესაც შარშან სიმართლე გამიმხილა, სამი დღე ვთხოვდი გვარის თქმას და სულ ამბობდა „დიახ, მესენჯერში მოგწერ, დიახ მოგწერ...“ და ბოლოს მითხრა, რომ ძალიან კარგად ახსოვს, რადგან მის ერთ-ერთ თანაკლასელს სკოლაში იგივე გვარი ჰქონდა," - წერს მარიანა სოფიანიდუ ერთ-ერთ ქართულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც ადამიანები ბიოლოგიურ ოჯახებს ეძებენ.

ახლა მარიანა ბიოლოგიურ ოჯახს და ამბის ნამდვილ ვერსიას ეძებს, რომელსაც ოთხ ათეულ წელზე მეტხანს უმალავდნენ.
ამბობს, რომ მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი სიმართლის გარკვევაა. სწორედ ამ მიზნით ეძებს ბიოლოგიურ დედას, ადამიანს, რომლისგანაც იმედოვნებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიგებს, რა მოხდა 1982 წლის ბოლოსა და 1983 წლის დასაწყისში სოხუმში.

ძიებას კიდევ ერთი გარემოება ართულებს. დნმ-ის მონაცემებში მარიანას უახლოესი დამთხვევებიდან რამდენიმე ადამიანი თავადაც ნაშვილებია.


"ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ ოჯახს. ჩემი დნმ-ის შედეგების მიხედვით, უახლოესი დამთხვევები რომლებიც მაქვს, ასევე ნაშვილები არიან, რაც ძალიან ართულებს ჩემი ფესვების მოძიებას. თუ ვინმე ცნობს ამ სახეებს ან ამ ისტორიას, გთხოვთ, დამიკავშირდეთ," - წერს მარიანა და საკუთარი ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს.

მარიანამარიანა

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ბიოლოგიური მშობლებიგაშვილებულივეძებმარიანა სოფიანიდუ
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026