Logo

საზოგადოება

"საჭიროა, დამოუკიდებელ საქართველოში, ქართველობა ამ სპორტს, მეტი ინტერესით დაეწაფოს" - გიორგი ნიკოლაძე, სპორტული აღმავლობის ამბასადორი მეოცე საუკუნეში

"საჭიროა, დამოუკიდებელ საქართველოში, ქართველობა ამ სპორტს, მეტი ინტერესით დაეწაფოს" - გიორგი ნიკოლაძე, სპორტული აღმავლობის ამბასადორი მეოცე საუკუნეში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

26 მაისი ახლოვდება — დღე, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობოს სიმბოლოა. ამ დღესასწაულის მოლოდინში განსაკუთრებით საინტერესოა იმ მასშტაბური გეგმების გახსენება, რომლის განხორციელებასაც საქართველოს პირველი რესპუბლიკა ზუსტად ერთი საუკუნის წინ აპირებდა. ეს უნდა ყოფილიყო მსოფლიოში უდიდესი საფეხბურთო სტადიონი თბილისში.

1920 წლის 13 თებერვალს, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე სენსაციური ჩანაწერი გაჩნდა: ხელოვნების კომისიამ ვაკეში სტადიონის მოწყობის გეგმა დაამტკიცა. პროექტი 140 000 მაყურებელზე იყო გათვლილი. ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს პირველ რესპუბლიკაში იმ დროისთვის მსოფლიოში უდიდეს სტადიონი უნდა აეშენებინათ.

გაზეთი

მშენებლობის ღირებულება 16 მილიონ მანეთს შეადგენდა. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი ის ენთუზიაზმი იყო, რომლითაც სახელმწიფო მოქალაქეებს ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად იწვევდა. სტადიონის მშენებლობა და მოწყობა დიდ ეროვნულ საქმედ მიაჩნდათ. გეგმავდნენ „სახალხო დღეებს“, როდესაც მოხალისეები სტადიონის გარშემო ხეებს დარგავდნენ. ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს მცდელობა, სპორტის მეშვეობით ევროპულ და მსოფლიო რუკაზე საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა.

სპორტი

26 მაისის თამაშობანი: ფარიკაობიდან ბურთაობამდე

სპორტი პირველი რესპუბლიკის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. ჯერ კიდევ 1919 წლის 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ფარიკაობა, ჯირითი და ბურთაობა მთავარ სანახაობებად მიიჩნეოდა. სტადიონის გახსნაც სწორედ მომდევნო წლის დამოუკიდებლობის დღისთვის იგეგმებოდა. ბედის უკუღმართობით 1921 წლის 26 მაისს საქართველო საბჭოთა ოკუპაციის პირობებში შეხვდა.

გიორგი ნიკოლაძე

გიორგი ნიკოლაძე და საზოგადოება „შევარდენი“

1918-21 წლების საქართველოში სპორტული აღმავლობა წარმოუდგენელია ნიკო ნიკოლაძის ვაჟის გიორგი ნიკოლაძის გარეშე. მან საზოგადოება „შევარდენი“ დააარსა. თავდაპირველად სატანვარჯიშო გაერთიანებად ჩამოყალიბებულმა ამ საზოგადოებამ მალევე მოიცვა ძალოსნობის, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სექციები.

შევარდენი

„შევარდენი“ ამავდროულად გამოსცემდა წიგნებსა და ჟურნალებს სპორტის პოპულარიზაციისთვის. ჟურნალი „შევარდენი“ ჯერ კიდევ მაშინ მოუწოდებდა ქართველებს, მეტი ენთუზიაზმით ჩაბმულიყვნენ ფეხბურთში:

„არსებობს კარგად მოწყობილი გუნდები თბილისის შევარდენის პირველი გუნდი, ქუთაისის შევარდენის პირველი გუნდი, თბილისის ფეხბურთელთა საზოგადოება 26 მაისი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, საჭიროა დამოუკიდებელ საქართველოში ქართველობა მეტი ხალისით და ინტერესით დაეწაფოს ამ სპორტს და ამით საშუალება მისცეს თავის თავს მისი ხმაც გაისმას საერთაშორისო შეჯიბრებებში, რომლებსაც ალბათ მოაწყობს ინტერნაციოანლური ფეხბურთელთა საზოგადოება..“

გიორგი ნიკოლაძესპორტი

70-წლიანი პაუზა

საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი დროშით გამოსვლის ოცნება 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციამ შეაჩერა. მომდევნო 70 წლის მანძილზე ქართული სპორტი მოსკოვზე მიბმულ სისტემად იქცა, სადაც ეროვნული სიამაყის განცდა და დამოუკიდებელი ასპარეზობა აკრძალული იყო. ყველაფერი, მათ შორის გამარჯვებებიც, კრემლის მიერ გაწერილი სცენარით განისაზღვრებოდა.

დღეს, როცა ქართველი ფეხბურთელების ხმა ისმის საერთაშორისო არენაზე, 1920 წლის „ამბიციური პროექტი“ გვახსენებს, რომ სპორტული თავისუფლების წყურვილი ჩვენი დამოუკიდებლობის გენეტიკური კოდის ნაწილია.

ავტორი: ელენე ლომთაძე

05/15/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024