ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ყოველი სასწავლო წლის მიწურულს, ქართულ სკოლებში ერთი და იგივე, უკვე მყარად ფესვგადგმული რიტუალი მეორდება - ე.წ. „მასწავლებლის საჩუქრისთვის“ ფულის შეგროვება.
ერთი შეხედვით, მადლიერების გამოხატვის კეთილშობილური ჟესტი, მასწავლებლისთვის საჩუქრის ჩუქება, წლების განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე უსიამოვნო და ტოქსიკურ ტრადიციად იქცა.

მშობელთა ონლაინ-ჩატებში დაწყებული დაპირისპირებები, "შემომწირველთა" საჯარო სიები, ფარული თუ ღია ზეწოლა მათზე, ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვს, ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდა.
რა ხდება მაშინ, როდესაც სიმბოლური ყვავილი, ძვირადღირებულმა ნივთებმა, ოქროს სამკაულებმა თუ ფულის კონვერტებმა შეცვალა?

რატომ იქცევა საჩუქარი მასწავლებლისთვის ეთიკურ დილემად, ხოლო მშობლისთვის ვალდებულებად, რომლის შეუსრულებლობაც მისი შვილის გარიყვის შიშს ბადებს? - ამ კითხვებს ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" ხელმძღვანელი და პოდკასტის "სანამ ზარი დაირეკება" წამყვანი, მეგი კავთუაშვილი პასუხობს.

"საჩუქრის გაკეთება, თავისთავად, პრობლემა არ არის, მაგრამ ის უნდა დარჩეს სიმბოლურ ფორმაში. იმისთვის, რომ არც მშობლები აღმოჩნდნენ სოციალური ზეწოლის ქვეშ და არც მასწავლებელი, ეთიკური დილემის წინაშე...
და კი, მასწავლებელი დგება ეთიკური დილემის წინაშე, როდესაც მას, განსაკუთრებით, ძვირადღირებულ საჩუქარს სთავაზობენ მშობლები.
ის იწყებს ფიქრს: როგორი იქნება ეს აღქმული ადმინისტრაციის მხრიდან? ან თავად მშობლები რა მოლოდინით აკეთებენ ამას? ხომ არ აქვთ მოლოდინი, რომ მაგალითად, ინიციატორი მშობლების შვილებს გამოარჩევენ პოზიტიური ნიშნით და მათი ფავორიტები გახდებიან?

და აი, პრობლემა ზუსტად აქ იწყება, როცა ეს, ერთი შეხედვით, ძალიან კეთილშობილური აქტი დამახინჯებულ ფორმას იღებს. მე არაერთი ისტორია მომისმენია, როცა მასწავლებელმა მშობელს სთხოვა, რომ აღარ შეეგროვებინათ საჩუქრისთვის ფული, თუმცა მშობლები არ ჩერდებიან.
ისიც მომისმენია, რომ დირექტორი შეეცადა, ეს საკითხი დაერეგულირებინა, მაგრამ მარტო მშობლები კი არ დაუპირისპირდნენ, მასწავლებლების კოლექტივიც დაუპირისპირდა. ისიც მსმენია (და ალბათ თქვენც გსმენიათ), რომ მშობლები სიას აკეთებენ - ვინ რა თანხა დადო ამა თუ იმ საჩუქრის შესაძენად. და ასევე, ისიც გამიგია, რომ მასწავლებელმა დაიწუნა ეს საჩუქარი და უკან გამოატანა.
მოკლედ, ეს ტრადიცია იმდენად ძლიერია, რომ მოვიფიქრე: თუკი რამე იმსახურებს, რომ არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მივანიჭოთ, აი, სასკოლო საჩუქრების თემა ნამდვილად იმსახურებს, რომ ეს სტატუსი ჰქონდეს," - ამბობს მეგი კავთუაშვილი.
05/25/2026