Logo

კულტურა

"სად არის ჩემი მზარეული?" - როგორ აღმოჩნდა პიერ რიშარი ქართულ კინოში?

"სად არის ჩემი მზარეული?" - როგორ აღმოჩნდა პიერ რიშარი ქართულ კინოში?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნანა ჯორჯაძემ რომ საქართველოში "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" გადაიღო, აქ, ჩვენთან იმ დროს - "იყო ბნელი და უკუნი". 1996 წელია - წარმოიდგინეთ, ქვეყანას ოთხი წლის გადატანილი აქვს აფხაზეთის ომი, სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში, აფხაზეთიდან ჩამოსულები არიან ლტოლვილები. ქვეყანას ასდის ნავთქურის სუნი, უფულობა, შუქი ქვრება. ადამიანები სახლებიდან გამოტანილ ნივთებს ყიდიან, რომ პურის ფული ჰქონდეთ. ცხელი სადილის მომზადება გმირობის ტოლფასია. და ასეთ დროს, ევროპიდან ჩამოდის ნანა ჯორჯაძე, ჩამოჰყავს გადამღები ჯგუფები გერმანიიდან და საფრანგეთიდან, თან მოჰყვება ფრანგული კინოს ვარსკვლავი - პიერ რიშარი და იღებს მხატვრულ ფილმს! სიგიჟე! თანაც სრული!

პიერ რიშარი

ქართული სამზარეულოთი მოხიბლული ფრანგი კულინარისა და ქართველი თავადის ქალის, სესილი აბაშიძის სიყვარულის ისტორია რევოლუციის ფონზე ვითარდება. თავადის ქალის სიყვარულისთვის წითელი კომისარიც იბრძვის. უფასურდება ტრადიცია, იდევნება რელიგია. აღზევებული მდაბიო წითელი კომისარი კულინარისადმი პირად მტრობას, პოლიტიკურ სარჩულს დაუდებს. ფრანგს რევოლუციის მტრად გამოაცხადებს და თავადის ქალს ხელში ჩაიგდებს…

1001 რეცეპტი1001 რეცეპტი

ფილმის სცენარი ნანა ჯორჯაძის ქმარმა, ირაკლი კვირიკაძემ დაწერა. პროდიუსერები: თემურ ბაბლუანი, თომას ბაუერმეისტერი და მარკ რუსკარტი.

ფილმის კომპოზიტორია: გორან ბრეგოვიჩი.

ფრანგულ-ქართულ კომედიაში კი თამაშობენ: პიერ რიშარი, კახი კავსაძე, რამაზ ჩხიკვაძე, მურმან, ჯინორია, ვანიჩკა საყვარელიძე, ნინო კირთაძე, გურამ ფირცხალავა, ხათუნა იოსელიანი, გუჯა ბურდული, სოსო ჯაჭვლიანი, გოგოლა კალანდაძე... და კიდევ ბევრი... მსახიობთა მთელი ნაკრები.

ფილმის ჯილდოები: 1996 წელი - კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი. საუკეთესო მსახიობი - პიერ რიშარი

1997 წელი - ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო ”ოსკარი”/ ნომინაცია საუკეთესო უცხოენოვანო ფილმისათვის.

1001 რეცეპტი1001 რეცეპტიპიერ რიშარი

"მეოთხე კედელში" ნანა ჯორჯაძე ამ ლეგენდარულ ამბავს იხსენებს.

ნანა ჯორჯაძე: იმ დროს, როცა ბერლინში ფილმებზე ვმუშაობდი, კანის კინო ფესტივალმა ჟიურიში დამპატიჟა. იმ წელს ჟიურის თავმჯდომარე იყო ჟერარ დეპარდიე, წევრები იყვნენ კი - პედრო ალმოდოვარი, ჟემილი კერტისი, ლესტეა... კარგი ჯგუფი იყო.

ყოველ საღამოს სადილად ვიკრიბებით. იმ საღამოსაც ფართიზე ვიყავი. ჩემს პირდაპირ პიერ რიშარი ზის. თავისთვის, კუთხეში, განმატოვებულია. ვუყურებ და რაღაცნაირი, თავის თავში ჩახურულია. ამ დროს მიჩვეული ვარ მის კლოუნადას, კომედიურ ჟანრს. ყველა კომედია კი სევდიანია, მაგრამ კომიკოსად ვიცნობ. წინ კი ზის მარტოკა და სევდიანი. მივედი და ვეუბნები, უკაცრავად, ძალიან მიყვარს თქვენი ფილმები, არასდროს გიცდიად ამპლუის შეცვლა, სხვა ჟანრში თამაში?

პიერ რიშარი

იცით, არავის შემოუთავაზებია, შემომთავაზეთ! შემოგთავაზებთ, ვუთხარი და ამ დროს აზრზე არ ვარ, რას ვეუბნები. ასე ვიცი ხოლმე, უცებ, რაღაც მემართება და რას წამოვროშავ, არ ვიცი.

და უცებ რიშარს ვეუბნები: ფრანგი მზარეულის ისტორია საქართველოში, გაწყობთ? უიმე, მე ისეთი მზარეული ვარ და ისე მიყვარს მსგავსი რამო... დიახ, მაწყობსო.

პიერ რიშარი

ვიფიქრე, კანის ფესტივალზე ასეთი საუბარი იმდენია, თან სუფრასთან. ეს ამბავი, მეორე დღესვე დამავიწყდა, თუმცა ფაქსები გაცვლილი გვაქვს. და მოულოდნელად, გერმანიაში, კინოსტუდიაში მეუბნებიან: ნანა, შენთან საფრანგეთიდან მოვიდა ფაქსი - "სად არის ჩემი მზარეული?" აუუ, უცებ დავსხედით მე და ირაკლი კვირიკაძე, დავწერეთ სინოფსისი და გავუგზავნეთ.

პიერ რიშარიპიერ რიშარი

მოეწონათ და სანამ სცენარი იწერებოდა, ფრანგი პროდიუსერი, მარკ რუსკარტი გერმანიაში ჩამოვიდა და მეუბნება, ჩვენი მთავარი პროდიუსერი - სელ ზილბერმანი მინდა გაგაცნოო. ეს კაცი არის ლეგენდარული პიროვნება, რომელსაც გადაღებული აქვს კუროსავას და ბიუნუელის ფილმები. აუუ, დავიწყე კადრირების გაკეთება. ალბომის, სადაც კადრებად ვხატავ ფილმს. "რასკადროვკას" რასაც ეძახიან. მოკლედ, ჩამოვქანდი თბილისში, გადავიღე ფოტოები, გავაკეთე ჩანახატები, კოსტიუმები, ადგილები ჩავხატე, ეს ყველაფერი გავაკეთე და ჩავედი ისევ ბერლინში. იქიდან უკვე საფრანგეთში გადავფრინდი. ჩავიტანე ფილმის კადრირება, საინტერესო ალბომი. კინოს ხასიათს დაინახავთ, გასართობი რამეა. მოკლედ, ვაჩვენეთ სელ ზილბერმანს. ძალიან საინტერესოა, დაჯექი და მომავალი წლისთვის მოემზადებიო, მეუბნება სელი.

აი, უცებ ავფეთქდი - რატომ მომავალი წლისთის? ახლა მინდა. გაზაფხულია, ზაფხულში მინდა გადაღება; ბახ, ბუხ, დავიწყე ჭერში სირბილი. ამ კაცმა იფიქრა - ეს გიჟიაო. ყველაფერი მზად მაქვს-მეთქი. ჰოდა, თუ მზად გაქვს, გადაიღეო...

მე და მარკი ჩამოვედით თბილისში. კინოსტუდიაში რეზო ჩხეიძე აღარ მეფობდა უკვე, ვინც იქ იყო, იმათზე მარკმა თქვა, მე ამათთან ფილმს ვერ გადავიღებო. ყურებჩამოყრილებს შეგვხვდა ბუბა ხოტივარი. გავაცანი ეს ფრანგი პროდიუსერი და ბუბა მეუბნება, წამოდი, მე და თემურ ბაბლუანმა ძველ პავილიონში გავაკეთეთ კინოსტუდია "ადამი და ევა" და იქ გადაიღეთო. ჩამოვიდა უზარმაზარი ფროდაქშენი. უცებ გაკეთდა კო-პროდუქცია, გერმანია, უკრაინა, საფრანგეთი თავისთავად და ჩვენ, საქართველო. ვინც აქ პროფესიონალი იყო ყველა ავიყვანე.

პიერ რიშარი

ასე აღმოჩნდა მაშინ ჩვენს ფილმში პიერ რიშარი... ამ ფილმზე იმ დროს ვმუშაობდით, როცა საქართველოში კინოს ვეღარავინ იღებდა - მძიმე პოლიტიკური სიტუაცია, ტრაგედიები, მოუშუშებელი ჭრილობები. გადაღების პროცესმა საოცარი სიხალისე შემოიტანა. მოდიოდა გახარებული ხალხი: ვაიმე, ისევ კინოს ვიღებთ, ისევ ვმუშაობთ... ძალიან ბედნიერები ვიყავით...

ფილმი მოხვდა "ოსკარზე", სადაც ბებიაჩემის კაბა მეცვა... ძალიან მიყვარს ბაბუაჩემის ჟილეტები და მამაჩემის პერანგები, დედაჩემისა და ბებიაჩემის კაბები... ტანსაცმელი ყოველთვის ინახავს ახლობელი ადამიანების სითბოსა და ენერგიას...

ნანა ჯორჯაძე

ავტორი: ზმნა

06/10/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024