
10/09/2026
ამბობენ, საკეისრო კვეთით დაბადებულ ადამიანებს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება და დინების საწინააღმდეგოდ ცურვა უჭირთო. ბუნებრივი გზით დაბადებული კი, როგორც დაბადებისას იბრძვის, რომ ახალ სამყაროს მოევლინოს, ისე აგრძელებს ცხოვრებაშიცო.
ასტროლოგი ხათუნა ნოელი კი, სოციალურ ქსელში, ამ მოსაზრებაზეც წერს და თან უმატებს ადამიანის დაბადებისას გამოვლილი გზის კავშირს წინაპრებთან. როგორც ის პოსტში აღნიშნავს, ეზოთერული თვალსაზრისით, საკეისრო კვეთა არასწორი არჩევანია. მოკლედ, საინტერესოა.
ხათუნა ნოელი: ბოლო დროს ქალების სულ უფრო დიდი ნაწილი ბუნებრივ მშობიარობას საკეისრო კვეთას ამჯობინებს. ფიქრობენ, რომ ეს ბევრად უფრო აიოლებს ქალის მდგომარეობას, ააცილებს იმ საშინელ ჭინთვებს, რომელსაც დედობის გამო ვითმენთ. არადა, ადრე ამის აუცილებელი სამედიცინო ჩვენებები თუ არ არსებობდა, არც ერთი მეანი არ თანხმდებოდა მომავალი დედის კაპრიზს, გაიოლებული გზით მოევლინა ბავშვი ამ ქვეყნად.
მე შევეცდები ავხსნა, თუ რატომაა ეზოთერული თვალსაზრისით ეს გზა არასწორი.

საკეისრო კვეთა - ეს სახელწოდება უკავშირდება გაიუს იულიუს კეისარს (ცეზარს), რომელიც სწორედ მშობიარობის დროს, დაღუპული დედის საშვილოსნოდან ამ ხერხით ამოიყვანეს. ძველ რომში არსებობდა კანონი, რომლის თანახმად, გარდაცვლილი ორსული ქალი იკრძალებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვი იქნებოდა ამოყვანილი ამ ოპერაციის მეშვეობით.

მოგვიანებით, იგივე ხორციელდებოდა სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ მხოლოდ მკვდარი ქალებისთვის.
მე-16 საუკუნეში, საფრანგეთის მეფის კარის ექიმმა პირველად დაიწყო საკეისრო კვეთების ჩატარება ცოცხალ ქალებზე. მაგრამ შედეგი ყოველთვის საბედისწერო იყო. მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაიწყო საკეისრო კვეთის ახალი ეტაპი, როცა ამის შესრულება დაიწყეს არა გარდაცვლილ ან მომაკვდავ ქალზე, არამედ თავად ქალის სიცოცხლის გადასარჩენად...

ბუნებრივი მშობიარობის პროცესი გულისხმობს, რომ ნაყოფმა უნდა გამოიაროს გარკვეული გზა. სამედიცინო ენით ამ გზას სამშობიარო არხი ეწოდება. რუსულად იგივე ჟღერს როგორც Родовой канал. Родовой-ის ძირი კი გახლავთ Род. ქართულად ეს არის გვარი/ საგვარეულო ანუ თაობათა მთელი რიგი, რომლებიც წარმოიშვა ერთი წინაპრისგან. გამოდის, რომ თუ დაბადების პროცესში ადამიანი არ გამოივლის წინაპართა ეგრეგორულ არხს, ის თავისუფლდება საგვარეულოს კარმული ვალებისაგან, აღარ აქვს ვალდებულებები მათ წინაშე. მაგრამ ის ასევე თავისუფალია ოჯახური ვალდებულებებისგანაც. ვინაიდან ოჯახი სწორედ იმ ეგრეგორის გაგრძელებაა.
ბუნებრივი გზით დაბადებული ადამიანი კი, ამყარებს ამ დროს წინაპრებთან კავშირს, რათა შემდგომში მათი სულებისაგან დახმარებას და თანადგომას ღებულობდეს. ამავდროულად, ჭინთვების გზაგამოვლილი აღარ შეეცდება ცხოვრებისეულ სირთულეებს გაექცეს, ის უფრო ნაკლებად იქნება ზარმაცი, ან სხვებზე დამოკიდებული.

გააზიარე სტატია