ეს გემრიელია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჩვენს უამრავი სახეობის ხაჭაპურებს შორის, აჭარულს გამორჩეული ადგილი უჭირავს. ცომეულის ეს სახეობა ლაზეთთან არის დაკავშირებული. ზღვაში სათევზაოდ გასულ, მოშიებულ ქმარს, ცოლმა ნავის ფორმის ცომისგან მომზადებული კერძი დაახვედრა; კვერცხის გული კი, ლამაზ ხაჭაპურში მზის სიმბოლოდ ჩაჯდა, რითიც მებადურ ქმარს მზიანი ამინდი უსურვა.
აჭარაში 90-იან წლებში, პოპულარული გახდა ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური. ხაჭაპურის ამ ვერსიას კი მისი ავტორი ჰყავს. ბათუმში "გიას ცომგამოცლილი აჭარული" ერთხელ მაინც გექნებათ დაგემოვნებული. კერძის ისტორიას კი, სტაჟიანი მცხობელი ასე იხსენებს.

გია აგირბა: 1987 წელს ხელვაჩაურის საცხობში მუშაობისას, ჩემთვის გამოვიგონე ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური. თხელი ქერქით და სავსე ყველით. ასეთი სახით ცომიც აღარ არის ორგანიზმისთვის მავნებელი.
იმ დროს ჯანზე ვიყავი, ამდენი ცომი ამოვიდა ყელში და მხოლოდ ქერქს ვჭამდი, მაგრამ ძირს ვტოვებდი. მერე ავდექი და ცხობის დროს, ცომი ამოვიღე, ჩემთვის გავიკეთე ასე, სხვას ამას არ ვუკეთებდი, ხელით ვაცლიდი ცომს, სულ დამწვარი მქონდა ხელი.

წლების მერე, „ლაგუნაში“ რომ ვმუშაობდი, მთხოვეს, შენთვის რომ იკეთებ, ჩვენც გაგვიკეთეო.
ერთ მშვენიერ დღეს, 1996 წელს, გიორგი აბაშიძის მეგობარს გვარად სურმანიძეს გავუკეთე ეს ხაჭაური და აი, მას შემდეგ ხმა გავარდა, გია ისეთ ხაჭაპურს აკეთებს, სხვაგან ვერსად ვერ შეჭამთო. მას შემდეგ "გიას ცომგამოცლილი ხაჭაპური" პოპულარული გახდა.
ღუმელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე სადაც კი მივდივარ, ჩემ გამოგონილ ღუმელს ვაშენებ. ეს ღუმელი რომ ჩააქრო, სამ დღეს ინარჩუნებს ტემპერატურას.
07/01/2026