Logo

სპორტი

საით მიექანები, ფიფა?

საით მიექანები, ფიფა?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ასეთი სკანდალი, ფეხბურთში არასდროს მოხდარა. კი, ფიფაში კორუფციული სკანდალების მეტი რა ყოფილა, მაგრამ რაც ახლა მოხდა, ყველანაირ წარმოსადგენ ზღვარს სცდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიფას პრეზიდენტს მეგობრულად სთხოვა, ამერიკელი ფეხბურთელისთვის დისკვალიფიკაცია გაეუქმებინა. ინფანტინომ უწესობის ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და თხოვნა დაუყოვნებლივ და უსიტყვოდ შეასრულა - დასჯილ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ერთი წლით გადაუვადა, რაც ასევე უპრეცედენტო შემთხვევაა.

საქმე ამერიკა ბოსნიის მატჩში მომხდარ დარღვევას ეხება. ამერიკელმა ფოლარინ ბალოგუნმა ბოსნიელი ტარიკ მუხარემოვიჩის წინააღმდეგ უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო. ასეთ დროს ნებისმიერ დონეზე - მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაწყებული, უბნის ტურნირით დამთავრებული, მოქმედებს წესი: ავტომატური ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია. ეს წესი არასდროს არსად დარღვეულა. შესაბამისად, ამერიკელთა საუკეთესო ბომბარდირს ფორვარს 1/8 ფინალში ბელგიასთან შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა და ამას ყველა შეგუებული იყო, შეერთებული შტატების პრეზიდენტის გარდა.

ფეხბურთი

„მადლობა ფიფას, რომ სწორად მოიქცა და დაუშვებელი უსამართლობა გამოასწორა“ - დაწერა დონალდ ტრამპა სოციალურ ქსელში. სწორედ ამ პოსტით გაიგო მსოფლიომ, რომ საქმეში პირადად ტრამპი იყო ჩარეული, რაც მოგვიანებით მისმა ადმინისტრაციამაც დაადასტურა.

ფაქტმა მსოფლიო აღაშფოთა და აალაპარაკა. აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ფიფას პოლიტიკური ნიშნით გადაწყვიტოს, რომელი ქვეყნის ფეხბურთელს უნდა გაუუქმდეს დისკვალიფიკაცია და რომელს არა. ეს ფაქტი, ფეხბურთის არსს ანადგურებს. შემთხვევითი არ არის, რომ ფიფას წინააღმდეგ უეფამაც კი გაილაშქრა და უკიდურესად მწვავე განცხადება გაავრცელა: „გადაწყვეტილება წითელი ბარათის მიღების შემდეგ მოთამაშე ფოლარინ ბალოგუნისთვის ავტომატური დისკვალიფიკაციის ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით შეცვლის შესახებ, ყველანაირ ზღვარს სცდება. ფეხბურთი, ისევე როგორც სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობა, ეყრდნობა წესებს, რომლებიც წარმოადგენს პატიოსნების, გამჭვირვალობის და სამართლიანი კონკურენციის საფუძვლებს. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს გაოგნებას ამგვარი უპრეცედენტო, გაუგებარი და გაუმართლებელი გადაწყვეტილების გამო.“

აი, კიდევ რამდენიმე ავტორიტეტული პიროვნების დამოკიდებულება ფიფას პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებაზე.

გარი ნევილი, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი: „ამ ისტორიას ცუდი სუნი ასდის, მოდით ვიყოთ გულახდილები. როგორ მოხდა რომ ფიფამ უეცრად გადაწყვიტა დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს თამაშის უფლება მისცეს?! წესები ყველასთვის ერთნაირი არ არის?! ბელგიელების და საერთოდაც ნებისმიერი სხვა გუნდის ადგილას, მე გაცოფებული ვიქნებოდი. მაგრამ რომ გითხრათ, გამიკვირდა თუ არა - არა.“

უეინ რუნი, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი: „კიდევ გასაგები იქნებოდა, რომ წითელი ბარათი გაეუქმებინათ, ეს ალბათ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრა დისკვალიფიკაციის ერთი წლით გადავადება? ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა. ინფანტინოს უნდა რცხვენოდეს ასეთ გადაწყვეტილების გამო.“

იურგენ კლოპი, გერამნიის ნაკრების მწვრთნელი: „ეს სიგიჟეა, მოდი ვთქათ, ფეხბურთი ჩვენი თამაშია და არა იმათი. ამ ორ ადამიანს, რომლებიც ფეხბურთის გაგებაში არ არიან, ასეთი საკითხების გადაწყვეტასთან შეხება არ უნდა ჰქონდეთ. წითელი ბარათი იყო, აქ ორი აზრი არ არსებობს. წესები წესებია.“


სტოლე სოლბაკენი, ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი: „გულწრფელი უნდა ვიყო, ეს ფიფას დიდი შეცდომაა. დისკვალიფიკაციის გადავადება არ არის კარგი გამოსავალი. ფეხბურთელმა წითელი ბარათი ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მიიღო და დისკვალიფიკაცია წესების შესაბამისად უნდა მოიხადოს. მეცოდებიან ამერიკელები, რომ მოიგონ, სამუდამოდ ამ ისტორიის წამოძახებით უნდა იცხოვრონ.“

ტომას ტუხელი, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ეს რა ხდება? სად იწყება და სად მთავრდება? მე პასუხი არ მაქვს. პირველ რიგში, სიცხადისთვის ვიტყვი, რომ ბალოგუნისთვის წითელი ბარათი არ უნდა მიეცათ. მაგრამ რის საფუძველზე მოხდა მისი გაუქმება? და სადამდე შეგვიძლია ასეთმა ქმედებებმა მოგვიყვანოს? მე ეს უცნაურად მეჩვენება. ჩვენ გადაწყვეტილებებში თანმიმდევრულობა გვინდა. გაგვიუქმებენ დეკლან რაისის ყვითელ ბარათს? გააპროტესტოს საფრანგეთმა ოლისეს გაფრთხილება? რით დასრულდება ეს ყველაფერი? სად გადის ზღვარი?“

ბოლო ლურსმანი კი ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა, სხვათა შორის, თავის დროზე კორუფციაში დადანაშაულებულმა ზეპ ბლატერმა ჩააჭედა: „წითელი ბარათების გაუქმება პოლიტიკური ზარებით არ ხდება. თუკი ამერიკის პრეზიდენტი ფიფას პრეზიდენტის საქმეებში ერევა, თუკი პლეი ოფის მატჩის წინ ფეხბურთელს დისკვალიფიაციას უეცრად უუქმებენ, გარდაუვლად ჩნდება ეს კითხვა: საით მიექანები, ფიფა?“

ავტორი: გიორგი დარჯანია

07/06/2026

სკანდალიტრამპიფეხბურთიფიფა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024