Logo

საქართველოს ბედთან გადაჯაჭვული ერთი ოჯახის ორი წევრის ტრაგიკული ისტორია

საქართველოს ბედთან გადაჯაჭვული ერთი ოჯახის ორი წევრის ტრაგიკული ისტორია

10/04/2026

ტექსტის ზომა

ამ წერილში გიყვებით ჩვენს ეროვნულ გმირზე - გიორგი ხიმშიაშვილზე და მის ოჯახზე. საქართველოს ტრაგიკული ბედი ხშირად მოწინავე ქართველებს ოჯახებიანად ანადგურებდა, მამას ცალკე, შვილს ცალკე, ცოლ-შვილს სამშობლოს მოსწყვეტდა და ა.შ. მოდით, გავიხსენოთ სხვადასხვა დროს ბოლშევიკებისგან მოკლული გიორგი ხიმშიაშვილი და მისი მამა ნიკოლოზ ხიმშიაშვილი.

მამა მოკლეს ილია ჭავჭავაძის მკვლელებმა, ილიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში ქმედითი მონაწილეობისთვის, შვილი კი დახვრიტა რუსეთის საოკუპაციო ბოლშევიკურმა რეჟიმმა 1923 წლის 20 მაისს თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სამხედრო ცენტრის ოფიცრებთან და გენერლებთან ერთად.

ჯერ „სამხედრო ცენტრზე“ და მისის წევრების წინააღმდეგობაზე

საბჭოთა ოკუპაციას ქართველი ხალხი არ შეგუებია. საუკუნის წინანდელი წყაროები უაღრესად შთამბეჭდავ ცნობებს გვაწვდის არა მარტო უფროსი თაობების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგობაზე. 1922 წლიდან მოქმედებდა „დამოუკიდებლობის კომიტეტი,“ რომელიც აერთიანებდა დამფუძნებელი კრების ყველა პარტიას, იატაკქვეშა ორგანიზაციები ქვეყნის ყველა კუთხეში ჰქონდა და გამოხატავდა ურყევ ნებას ქართველი ხალხისას - გაედევნათ ოკუპანტი, დაებრუნებინათ ქვეყნის დამოუკიდებლობა და დემოკრატიული წყობილება. „დამოუკიდებლობის კომიტეტში“ განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა სამხედრო ცენტრს, მისი წევრი იყო გიორგი ხიმშიაშვილი, ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრეტილ მამულიშვილებთან: კოტე აფხაზთან, ვარდენ წულუკიძესთან, ალექსანდრე ანდრონიკაშვილთან, იასონ კერესელიძესთან და სხვებთან ერთად.

რას ეწინააღმდეგებოდნენ, ამას ზუსტად ხსნის 1923 წელს „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ მიერ ერთა ლიგისათვის გაგზავნილი წერილი:

WhatsApp Image 2026-10-02 at 18.16.50
„ოკუპაციის პერიოდში საქართველოში დახვრეტილთა რიცხვმა 4000 შეედგინა. აღარ არსებობს არც სიტყვის, არც რელიგიის თავისუფლება. ციხეები სავსეა მუშებით, გლეხებით, მასწავლებლებით, სტუდენტებით, ასეულებით მათგანი რუსეთის გაყინულ რეგიონებში გადაასახლეს. მუშებს, რომლებიც უარს ამბობენ კომპარტიაში გაწევრიანებაზე, სამსახურიდან ყრიან, გლეხებს, რომლებიც არ ნებდებიან, ართმევენ მიწებს.“
WhatsApp Image 2026-10-02 at 18.16.51

„იუნკერის დღიურები,“ დაიბეჭდა პარიზში გამოცემულ ქართულენოვან ჟურნალში 1929 წელს. ავტორი ალექსანდრე ხიმშიშვილი აღწერს 1923 წელს მეტეხის ციხეში ნანახს:

ჟურნალი მხედარი
„ჩემს საკანში შემოტანეს გამხდარი, გაფითრებული კაცი, ფეხშიშველა. შემოიტანეს და დააგდეს. ვიცანი - ნიკო ზანდუკელი იყო. მეკითხებოდა - დამხვრეტენ, არა? ვამშვიდებდი როგორც შემეძლო. ბოლოს გავიხსენე ჩემს სატუსაღოს კედელზე ჩემი ძმისგან დიდი ასოებით დაწერილი: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“. ვიგრძენი, როგორ მოემატა ნიკოს ძალა.“

ალექსანდრე გიორგი ხიმშიაშვილის ძმა იყო - ჩვენი ეროვნული გმირისა, რომელსაც ციხის საკნის კედელზე კიდევ ერთი წარწერა დაუტოვებია:

„მაინც ვნუგეშობ, ხსოვნა იქნება ერთგულ მხედარზე, და ქუდს მოიხდის მამულიშვილი ჩემს ხსენებაზე.“

123

ნიკო ზანდუკელის ხელმოწერაც ამშვენებს დამოუკიდებლობის აქტს; სოციალ-დემოკრატი იყო გიორგი ხიმშიაშვილის არ იყოს და „სამხედრო ცენტრის“ ოფიცერი. ისიც დახვრიტეს 1923 წლის მაისში ვაკის პარკის ტერიტორიაზე, არის ეროვნული გმირი.

გიორგი ხიმშიაშვილი 1918–1921 წლებში მეთაურობდა საქართველოს სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონს, რომლის ერთ-ერთი ესკადრონის მეთაური ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი იყო. ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. თავი გამოიჩინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში. სიკვდილიდან დიდი ხნის მერე მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. არის თავად ნიკოლოზ ხიმშიაშვილის ვაჟი.

გიორგი ხიმშიაშვილი

სიკვდილით დასჯა ილიას მკვლელბის მხილებისთვის

ნიკოლოზ ხიმშიაშვილი

ნიკოლოზ ხიმშიაშვილის შესახებ არსებობს ასეთი შინაარსის საარქივო ცნობა: 1908 წლის 9 თებერვალს, პრისტავმა მარკოვიჩმა მემამულე ნიკოლოზ ხიმშიაშვილის დახმარებით და მონაწილეობით შეძლო დუშეთის მაზრაში მოქმედი „წითელ რაზმელი“ ავაზაკების - პავლე ფშავლიშვილისა და ლადო ფეიქრიშვილის დაპატიმრება. ხიმშიაშვილს გამოტეხვის მიზნით ორივე უცემია. მაშინ უხსენებია ლადო ფეიქრიშვილს „ვიღაც იმერელი,“ უთქვამს, რომ ილია მოკლეს პავლე ფშავლიშვილმა, ვანო ინაშვილმა, გიგლა ბებიჭაშვილმა და „ვიღაც იმერელმა.“

1909 და 1910 წლით დათარიღებულ საარქივო დოკუმენტებში მითითებულია:

„თავადი ნ. ხიმშიევი ხშირად ამბობდა, რომ მას ეშინია, არ მოკლან ილია იმერლიშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა და ლადო ფეიქრიშვილმა, რადგან ხიმშიევი მათ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამო სდევნიდა.“

ეს შიში უსაფუძვლო არ ყოფილა. თავადი ნიკოლოზ ხიმშიაშვილი მოკლულია 1909 წელს, 47 წლის ასაკში, აბანოსხევში - ფეიქრიშვილის, იმერლიშვილის და ბებიჭაშვილის მიერ, პოეტ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიებაში ქმედითი მონაწილეობის გამო. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი 1904 წლიდან და მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან.

ხიმშიაშვილების ოჯახის ტრაგედია საქართველოს არც თუ შორეული ისტორიის მწარე და შთამბეჭდავი სიმბოლოა. ღირსეული მამა და ღირსეული შვილი ერთი და იმავე დაუნდობელი, მკვლელი სისტემის - რუსული იმპერიისა და მისი ბოლშევიკური ტერორისტული მექანიზმის მსხვერპლნი გახდნენ. ნიკოლოზ ხიმშიაშვილი ილია ჭავჭავაძის მკვლელებმა მოკლეს, რადგანაც მათ ამხელდა. მისი შვილი, რუსეთის მარიონეტმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა დახვრიტა, რადგანაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის განადგურებას არ შეეგუა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ლომთაძე

ხიმშიაშვილები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026