Logo

საქართველოში 15 წლის მოზარდების 61% წაკითხულის გააზრებაში საბაზისო დონეს ვერ აღწევს - რას გვიჩვენებს PISA 2025

საქართველოში 15 წლის მოზარდების 61% წაკითხულის გააზრებაში საბაზისო დონეს ვერ აღწევს - რას გვიჩვენებს PISA 2025

09/08/2026

ტექსტის ზომა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD-ის) მიერ 2026 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული PISA 2025-ის შედეგების მიხედვით, საქართველოში, წაკითხულის გააზრების საბაზისო მეორე დონეს, 15 წლის მოსწავლეთა მხოლოდ 39% აღწევს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში ყოველი ათი მოსწავლიდან ექვსი წაკითხულის გააზრებაში PISA-ს მიერ განსაზღვრულ საბაზისო კომპეტენციის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.

ეს მონაცემი არ ნიშნავს, რომ ამ ბავშვებმა კითხვა არ იციან. PISA ამოწმებს შეუძლია თუ არა მოზარდს წაკითხული ტექსტის აზრის გაგება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, ერთმანეთთან დაკავშირება, შეფასება და გამოყენება.

პისა

PISA-ს მიხედვით, მეორე დონე არის ის მინიმალური ზღვარი, რომლის მიღწევისას 15 წლის მოსწავლეს უკვე შეუძლია საშუალო მოცულობის ტექსტში მთავარი აზრის ამოცნობა, გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით საჭირო ინფორმაციის მოძიება და ტექსტის მიზნისა და ფორმის გააზრება, როდესაც დავალება ამას პირდაპირ მოითხოვს.

ამიტომ 61%-იანი უარყოფითი მაჩვენებელი საკმაოდ სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს.

მონაცემები აჩვენებს, რომ ქართველი მოსწავლეების უდიდეს ნაწილს პრობლემა აქვს თითქმის ყველა სასკოლო საგანში, რადგან წაკითხულის გააზრება, მხოლოდ მშობლიური ენის კარგად ცოდნას არ უკავშირდება.


საუბარია იმ უნარზე, რომელიც პრაქტიკულად ყველა საგნის შესასწავლადაა საჭირო. მოსწავლემ უნდა გაიგოს ამოცანის პირობა მათემატიკაში, გააანალიზოს ისტორიული წყარო, გამოყოს მთავარი ინფორმაცია საბუნებისმეტყველო ტექსტიდან, ერთმანეთისგან განასხვაოს ფაქტი და მოსაზრება და მიღებული ინფორმაცია კონკრეტულ სიტუაციაში გამოიყენოს.

სკოლა

საქართველო OECD-ის საშუალო მაჩვენებელს, რაც 69%-ია, მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

PISA 2025-ში საქართველოს საშუალო შედეგი წაკითხულის გააზრებაში 384 ქულაა, OECD-ის საშუალო კი - 461 ქულა. სხვაობა საკმაოდ დიდია და 77 ქულას შეადგენს.

კიდევ უფრო თვალსაჩინოა უმაღლესი შედეგების მაჩვენებელი. საქართველოში წაკითხულის გააზრებაში მეხუთე ან უფრო მაღალ დონეს პრაქტიკულად ვერცერთი მოსწავლე ვერ აღწევს, მაშინ როდესაც OECD-ის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ია.

მაღალ დონეზე მყოფ მოსწავლეს უნდა შეეძლოს დიდი და რთული ტექსტების გაგება, აბსტრაქტულ ან არაპირდაპირ წარმოდგენილ იდეებთან მუშაობა და ტექსტში არსებული მინიშნებების საფუძველზე ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გარჩევა.

სწორედ ეს უნარები ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემოში, სადაც მოზარდები ყოველდღიურად უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციას იღებენ სოციალური ქსელებიდან, ინტერნეტიდან და ხელოვნური ინტელექტის სისტემებიდან.

სკოლა


აღსანიშნავია, რომ 2022 წელთან შედარებით საქართველოს შედეგი წაკითხულის გააზრებაში 10 ქულით, 374-დან 384 ქულამდე გაიზარდა. OECD-ის მონაცემებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუმჯობესებაა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა 2022 და 2025 წლების შედეგებიც ერთმანეთს შეადარეს.

თუმცა საქართველო ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა 2015 წლის მაჩვენებელს.
2015 წელს წაკითხულის გააზრებაში საქართველოს საშუალო შედეგი 401 ქულა იყო.
2018 წელს - 380 ქულა;
2022 წელს - 374;
ხოლო 2025 წელს -384 ქულა.
OECD პირდაპირ აღნიშნავს, რომ ბოლო გაუმჯობესებამ 2015-2022 წლებში დაკარგული შედეგის მხოლოდ ნაწილი აღადგინა.

პისა

საქართველოსთვის კიდევ ერთი გამოკვეთილი პრობლემა სქესთა შორის დიდი სხვაობაა.

PISA 2025-ის მიხედვით, საქართველოში გოგონები ბიჭებს წაკითხულის გააზრებაში საშუალოდ 42 ქულით უსწრებენ.

კვლევა აჩვენებს, რომ საჭიროა იმის გარკვევაც, თუ რატომ უჭირთ განსაკუთრებით ბიჭებს ტექსტთან მუშაობა და როგორია მათი კითხვის ჩვევები, მოტივაცია და სწავლების გამოცდილება.


PISA-ს მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემები ჩვენი განათლების სისტემისთვის, საკმაოდ მძიმე სიგნალია. სკოლამ ბავშვს შეიძლება ასწავლოს კითხვა, ფორმულები, თარიღები და წესები, მაგრამ თუ მას წაკითხულის გააზრება არ შეუძლია, ცოდნის დიდი ნაწილი პრაქტიკულად გამოუყენებელი რჩება.

პრობლემა კი, სამწუხაროდ, სკოლის კართან არ მთავრდება და შედეგები გაცილებით ფართომასშტაბიანია.

როცა ადამიანს წაკითხულის გააზრება უჭირს, მისთვის ინფორმაციის შეფასება, სწორი დასკვნების გამოტანა და ხშირად პირადი გადაწყვეტილებების მიღებაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

PISA 2025კვლევასაქართველოწაკითხულის გააზრება
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026