საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნატა ვიბლიანის მიერ საჯაროდ მოყოლილმა ისტორიამ, ძალადობის მსხვერპლის დუმილისა და საზოგადოების პასუხისმგებლობის შესახებ მწვავე დისკუსია კიდევ ერთხელ გაააქტიურა.
გამოძიება ჯერ მიმდინარეობს და საქმეზე საბოლოო სამართლებრივი შეფასება არ არსებობს, თუმცა ამ ისტორიამ უკვე გამოკვეთა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა - რატომ უჭირთ ძალადობის მსხვერპლებს მომხდარზე საუბარი და რატომ შეიძლება სიმართლის თქმას წლები დასჭირდეს.
საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ სექსუალური ძალადობისა და ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები ბოლო წლებში გახშირდა. სპეციალისტები კი განმარტავენ, რომ შესაძლოა გაზრდილი იყოს არა თავად ძალადობის მასშტაბი, არამედ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა. სულ უფრო მეტი ადამიანი ბედავს დუმილის დარღვევას და საკუთარ გამოცდილებაზე საუბარს.
ამ საკითხს ექიმი-გინეკოლოგი ეკა კვირკველია გამოეხმაურა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ოჯახისა და საზოგადოების მიერ თავს მოხვეული „სირცხვილის“ განცდა ხშირად არა მოძალადეს, არამედ მსხვერპლს აკისრებდა დუმილის ტვირთს.
ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სირცხვილი არასოდეს ეკუთვნის მსხვერპლს, პასუხისმგებლობა მხოლოდ მოძალადეს ეკისრება.

"საქართველოში პედოფილიისა და გაუპატიურების შემთხვევები კი არ “მომრავლდა”, არამედ უფრო და უფრო მეტი მსხვერპლი და მათი ახლობლები წყვეტენ დუმილს, ანუ გაიზარდა მათი გამოვლინება.
წლების განმავლობაში დედები, დები, მამიდები, დეიდები და სხვა ოჯახის წევრები ხშირად ფარავდნენ მოძალადე ქმარს, მამას, ძმას, ბიძას, სიმამრს, მეზობელს, პარტნიორს სირცხვილის სახელით…
„რას იტყვის ხალხი“, „ოჯახს თავი მოეჭრება“, „ბავშვის მომავალი დაიმსხვრევა“…
სირცხვილი კი არასოდეს ეკუთვნის მსხვერპლს. სირცხვილი ეკუთვნის მოძალადეს.
საქართველოში ძალიან ბევრ ქალს გამოუცდია სექსუალური შევიწროება ან სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმა. დღეს უფრო მეტი ადამიანი ბედავს ამის შესახებ საუბარს, ვიდრე წლების წინ.
მანანა ორბელიანის სული მადლობას გიხდის ნატა ვიბლიანი…
კიდევ ბევრი ქალი და ბავშვი ამოიღებს ხმას. და ეს ნიშნავს არა იმას, რომ ძალადობა ახლა დაიწყო, არამედ იმას, რომ მოძალადეების მიერ საუკუნეების განმავლობაში შექმნილი დუმილის სისტემა ნელ-ნელა ინგრევა…
ყველა მსხვერპლი მამაცია, ვინც გაბედა სიმართლის თქმა. თქვენ არ ხართ დამნაშავე. დამნაშავე მხოლოდ მოძალადეა და ხმის ამოღებით ვერც კი წარმოგიდგენიათ თუ რამდენი ადამიანი დაიცავით მომავალში," - წერს ეკა კვირკველია.
07/30/2026