ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე მიიჩნევს, რომ სექსუალური განათლების არარსებობა ჩვენს ქვეყანაში, უამრავ პრობლემას იწვევს და მათგან ყველაზე საშიში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რაოდენობის ზრდის საშიშროებაა.
თინათინ გობაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ამ მხრივ მდგომარეობა საგანგაშოა და ამის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული იმ ადამიანის მოვალეობაა, ვისაც ბავშვებთან რაიმე ტიპის შეხება გააჩნია.
"საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სტატისტიკა შემაშფოთებელია. არ არსებობს ქვეყანაში მათი დაცვის მექანიზმი. ბედის ანაბარად არიან მიტოვებული ისინი.
ჯერ კიდევ სიტყვა “სექსუალური” იწვევს შიშს, შფოთვას. არადა სექსუალური განათლების დანერგვა არის ბავშვების დაცვის მთავარი მექანიზმი. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დიდი ნაწილი მოძალადეს იცნობს. ზოგჯერ ეს არის ახლობელი, ნათესავი, მეზობელი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი ადამიანი.
ბავშვები პირდაპირ იშვიათად ამბობენ, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლი არიან. ამის იდენტიფიცირებასაც ცოდნა და მომზადება სჭირდება. ხშირად ისინი დახმარებას ქცევით ითხოვენ. ჩვენ კი, სწორად უნდა შევძლოთ მათ ქცევაზე დაკვირვება.
გიზიარებთ ნიშნებს რასაც უნდა დავაკვირდეთ და ყურადღებით მოვეკიდოთ. ეს ნიშნები თავისთავად არ ადასტურებს სექსუალურ ძალადობას, თუმცა შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ბავშვი სერიოზულ ემოციურ ან ტრავმულ გამოცდილებას გადის და საჭიროებს ყურადღებასა და პროფესიონალურ შეფასებას.
რას უნდა დააკვირდეთ?
ქცევის მოულოდნელი ცვლილება;
ძილისა და ყოველდღიური ჩვევების ცვლილება;
სხეულთან დაკავშირებული ცვლილებები;
კონკრეტული ადამიანის ან ადგილის შიში;
ემოციური ცვლილებები;
სოციალური და სასწავლო ცვლილებები;
შეხებისა და პირადი საზღვრების ცვლილება;
ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალური ქცევა ან ცოდნა;
ხშირი აუხსნელი ფიზიკური ჩივილები;
ფრაზები, რომლებიც ყოველთვის ყურადღებას იმსახურებს;
თუ ბავშვმა ერთხელ მაინც სცადა რაღაცის მოყოლა აუცილებლად მოუსმინეთ, არ შეაწყვეტინოთ, არ დაადანაშაულოთ, არ უთხრათ, რომ ეჩვენება, მან სხვანაირად გაიგო, ან რომ იგონებს!
ამ დროს უთხარით:
„მე შენ გენდობი.“
„ეს შენი ბრალი არ არის.“
„მე დაგიცავ.“
ძალადობის პრევენცია იწყება ბევრად ადრე, როცა ბავშვს ვასწავლით, რომ მისი სხეული მას ეკუთვნის, აქვს პირადი საზღვრები, შეუძლია თქვას „არა“ არასასურველ შეხებაზე და ყოველთვის შეუძლია სანდო უფროსს მოუყვეს ის, რაც თავს ცუდად აგრძნობინებს.
როცა ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება ნაცნობ გარემოში, ასეთ დროს მასწავლებელი, აღმზრდელი, მწვრთნელი ან ნებისმიერი სანდო ზრდასრული შეიძლება აღმოჩნდეს ის ადამიანი, ვინც ბავშვის ქცევის ცვლილებას პირველად შეამჩნევს, მოუსმენს, დაიჯერებს და დახმარებას აღმოუჩენს. ამიტომ, ბავშვის დაცვა მხოლოდ ოჯახის პასუხისმგებლობა არ არის, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ვინც ბავშვთან ურთიერთობს," - ამბობს თინათინ გობაძე.
07/12/2026