
09/09/2026
გიორგი უშიკიშვილმა მერაბ სეფაშვილთან პოდკასტი მუსიკოსის გარდაცვლილ მეუღლეზე საუბრით დაიწყო.
ნინო ჯურხაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 5 აპრილს გარდაიცვალა.
მერაბს ამ თემაზე საუბარი საოცრად უმძიმს. მან ინტერვიუს დროს აღნიშნა კიდეც, რომ ნინოზე არ საუბრობს.

მერაბ სეფაშვილი: დიდხანს იავადმყოფა. ძალიან იწვალა. ბიჭები თავისთავად განიცდიდნენ.

ძალიან რთულია. მარტო რჩები... სახლში სიცარიელეა. შვილები და შვილიშვილები მყავს, ღმერთმა ყველა კარგად მიმყოფოს. მაგრამ ღამე რომ ზიხარ და ათას რამეზე ფიქრობ, დარდი გაწვება. ხან რაღაც არასწორი გაკეთებული გაგახსენდება და დარდი გაქვს.
საერთოდ, ვერიდები ამ საუბრებს. არ ვლაპარაკობ. არც მსიამოვნებს. ვერ ვლაპარაკობ. რთულია, არავის ვუსურვებ...

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- ნინო ჩემი მეგობრის, ზაზა მღებრიშვილის (აცხონოს უფალმა) კლასელი აღმოჩნდა. ქუჩაში დავინახე, რა მაგარი გოგოა-მეთქი, ისე მომეწონა, გავგიჟდი. და ზაზამ გაგვაცნო ერთმანეთი. მერე დავმეგობრდით.

ასე დავიწყეთ ურთიერთობა. კარგად გამოგვივიდა. რვა თვის მერე სხვა რამეში წავედით და ჩვენი შეუღლებაც ასე მოხდა...

მთელი ცხოვრება ერთად გავიარეთ. ცხოვრება რთულია. ჩემი წასვლა-წამოსვლა. ორი ბიჭი გვყავს... და 90 იანი წლები, წარმოიდგინეთ?! ნახევარზე მეტი აქ არ ვიყავი, გასტროლები მქონდა. ისედაც, კაცი მეტწილად ქუჩაშია. და ნინოს დიდი ღვაწლი აქვს შვილების აზრდაში. ნამდვილად მისი დამსახურებაა ყველაფერი.

სიმღერა "საღამომდე" მას მივუძღვენი. უკვე ჩემი მეუღლე იყო. ეს არის 1985-1986 წელი. როდესაც კონცერტი მქონდა და ნინო მუდმივად იჯდა დარბაზში, მე ვამბობდი, აი, ეს ჩემი მეუღლეა და ეს სიმღერა მას ეძღვნება-მეთქი.

გააზიარე სტატია