კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
შობის საღამოს გიული ჩოხელი მოვიკითხე - ქართული ჯაზის კაშკაშა ვარსკვლავი. მუსიკოსი, რომელსაც ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლას და კარიერის იქ გაგრძელებას სთხოვდნენ, მაგრამ სამშობლოდან წასვლა არც უფიქრია.
მე რომ ჯაზის შესრულება დავიწყე, აქ ფანდურს ახურებდნენო, ჩვეული, დახვეწილი იუმორით ყვება. რა არ გადაიტანა. ცხოვრებისგან ძლიერი დარტყმაც მიიღო - ერთადერთი შვილი დაკარგა... თუმცა გადარჩა და როგორც ამბობს, საკუთარ თავს თავად შემოუძახა.

"ძალიან ძლიერი, ტკივილების ამტანი აღმოვჩნდი. დეპრესია? არა, არც ვიცი, რა არის. მე მაქვს შიგნით მათრახი და რაღაც სისუსტეს რომ ვიგრძნობ, შემოვირტყამ ამ მათხრახს და ჩემს თავს ვეტყვი: აბა, გიული, წესიერად-მეთქი და ვაგრძელებ. შენი თავი არ უნდა მიუშვა" - ამბობს 90 წლის მუსიკოსი.
დღეს, შობა შინ, მარტომ გაატარა. მორწმუნე ოჯახში დაბადებულმა, თავისი ღმერთი ბავშვობაში აღმოაჩინა.
"ზმნასთან" ამბობს, რომ რწმენაში მაინც ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ განმტკიცდა...
გიული ჩოხელი: უფრო მორწმუნე, ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ გავხდი. მიყვარს შობა. თუმცა რადგან მუხლი მაწუხებს, ეკლესიაში ვერ წავედი. ვერ დავდივარ. სახლში მაქვს ხატების კუთხე და ყოველთვის ვლოცულობ. პატარა ეკლესია მაქვს გაკეთებული.
დღეს დაიბადა ჩვენი მხსნელი, გენიოსი და უშველა კაცობრიობას. მერე, ბოლოს როგორ აწამეს ეს ახალგაზრდა კაცი ამხელა "ფილოსოფოსებმა"...
საერთოდ, ჩემი ოჯახი მორწმუნე იყო. დედის ბიძა სვანეთის უბანში მდებარე წმინდა ნინოს ეკლესიის მოძღვარი იყო. ნიჭიერი ადამიანი გახლდათ. მისი ქანდაკება ტაძრის მარცხენა მხარეს დგას.
ჩემი ოჯახიდან ყველა წავიდა... მარტო ერთი ბიძაშვილი დამრჩა, ჩემზე უფროსი...

- როგორ განწყობაზე ხართ?
- ცუდი განწყობით ვარ, ქუჩაში მდგომ ახალგაზრდებს რომ ვხედავ... მათზე შემტკივა გული. ნათელი მომავალი უნდათ...
მე ძალიან ცუდი ახალგაზრდობა მქონდა, არ გვიშვებდნენ არსად, საზღვრებს გარეთ... მერე, როცა ამერიკაში მიწვევით მოვხვდი, იქ მუსიკოსები მთხოვდნენ, აქ დარჩიო. მე ვუხსნიდი, რომ მე ჩემს სამშობლოში უნდა ვიცხოვრო-მეთქი. იქაურ ებრაელებს ვეკითხებოდი, თქვენს სამშობლოში რატომ არ ჩახვედით-მეთქი? არაო, აქ გვინდა დარჩენაო.
ამერიკაში მიწვევებით ჩავდიოდი. ებრაელი მილიონერები - ჩოხელი ჩამოვიდესო, მითხოვდნენ. ჩემი სიმღერა მოსწონდათ. ხან ბრილიანტის ბეჭდებს მთავაზობდნენ და არ ვიღებდი (არ მიყვარს ძვირფასეულობა). ის ჰონორარიც კი არასდროს ამიღია, რაც მე, ჩემი დამსახურებით მეკუთვნოდა.
- მოგწყინდათ მარტოობა?
- არა, მე ხომ წიგნზე ვმუშაობ. ხუთი გამოშვებული მაქვს. ახლა პიანისტზე - ერეკლე ჯაბადარზე დავწერე. ამ წიგნით პატივი უნდა მივაგო ამ დიდ მამულიშვილს, დიდ პატრიოტს. მას აქ არავინ იცნობს. ერთი ყვავილი არ დაუდიათ მის საფლავზე. წიგნი, ალბათ, თებერვალში გამოვა.
- თებერვალში 91 წლის ხდებით. რა შინაგანი მდგომარეობა მოაქვს ამ ასაკს?
- საკვირველებაა, ამ ასაკამდე რომ მოვედი. ისე მიკვირს... გაოცება მოაქვს. არადა, ყველა წავიდა, ახლობელი აღარავინ მყავს.
რა გითხრათ?! მე ჩემი საქმე დავდე. მორჩა! თავისუფალი ვარ! მთავარია, რომ ჩემმა ხალხმა შემიყვარა.

01/07/2026