კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის თვეა. თვის დასაწყისში - 2 რიცხვში დაიბადა. დაბადებაც არის და დაბადებაც. სათიბში დედამისს მუცელი ასტკიებია და კლდეში მარტოს უმშობიარია, ჭიპლარი კი, სიპის ქვით გადაუჭრია...
"მე დავიბადე...
სოფლის ბოლოს, მღვრიე წყალში გაჩნდა ბაყაყი,
დამშრალ გუბეში თავდაყირა ეყარნენ მთები,
კანკალებდა წყლის ზედაპირი,
მზე გუბის ფსკერზე მიმოდიოდა,
ნიავს მოჰქონდა შორი სიგრილე,
სველ ქვაში მშვიდად იწვა სიჩუმე
და სოფლის თავზე თხელი ნისლი გადადიოდა."
***
ეთერ თათარაიძის და ამირან არაბულის სამივე შვილი მონათლა. ახირებული სიყვარულიც ამას ჰქვია.
ინტერნეტ გამოცემა "ზმნასთან" ფოლკლორისტი ძვირფას მეგობარს იხსენებს.

ეთერ თათარაიძე: - ამირანი ახალი გაცნობილი მყავდა და მეუბნება: ისეთი მწერალი უნდა გაგაცნო, გაგიჟდები, თან რეჟისორია და თან წერს. ძალიან მალე მთელი საქართველოსთვის ცნობილი და ძვირფასი შემოქმედი გახდებაო.
ისე აღმიწერა გოდერძი ჩოხელი, რომ ფიზიკურადაც ბუმბერაზი მეგონა. ერთ დღესაც გამოვედი უნივერსიტეტიდან, ამირანი დამხვდა გარეთ. მივდივართ და ჩაის სახლსა და პეტრიაშვილის ასახვევს შორის, მოდის გოგო-ბიჭი, ხალხისგან გამორჩევით. დაბალი ბიჭი მოდიოდა. მე "გოდერძი ჩოხელს" ველოდი… უცებ ბიჭმა დაიყვირა, ეთეროო.
ჩემს წინ საშუალო სიმაღლის ბიჭი იდგა, შავი დერმატინის ქურთუკი ეცვა. ეს დრო იყო, ოქტომბერი. მარცხენა ხელით დამჯუჯგნა, მაგრამ მარჯვენა ხელი ჯიბიდან არ ამოაქვს. მხოლოდ მარცხენა ხელს ხმარობს. ოდნავ ნასვამი ჩანს. ოდნავ გათამამებული განწყობითაა. საით მიდიხართო, გვეკითხება და აღარ ასუნთქებს ამირანს. აქეთ მე დიდი ნაცნობივით რაღაცებს მეუბნება.
უცებ მარცხენა ხელი დაირტყა თავზე, უი, როგორ დამავიწყდა, ვინ უნდა გაგაცნოო. მარჯვენა ხელის ამოძრავება დაიწყო: ისეთი მაგარი ტიპია, გაგიჟდებიო. ხელი ამოიღო და ხელში ცოცხალი ბაყაყი ეჭირა! ეს ჩემი და ამირანის საზიარო ბაყაყია, დღეს ჩემი მორიგეობაა, მე ვასეირნებ. უბრალოდ, შესცივდა და ჯიბეში ჩავისვიო.
***
მძიმე ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი. დედა მისთვის ხატივით იყო. ლელა დეიდა... მახსოვს, როგორ დაგვირეკა გოდერძიმ, დედა კვდება და ჩქარა წამოდითო. მე, ჩემი და - ლელა და ამირანი ჩავედით ფასანაურში. ვეღარ საუბრობდა ლელა დეიდა უკვე. სულ თვალწინ მიდგას სურათი - საითაც გოდერძი წავიდოდა, თვალებით დაჰყვებოდა. დედის გარდაცვალებამ გოდერძი სრულიად გაანადგურა.
წარმოუდგენელი ადამიანი იყო. არავის ჰგავდა. სიხარბე რა იყო, არ იცოდა. ძალიან გულკეთილი იყო, სხვას ჩააცმევდა, თვითონ დაგლეჯილი სამოსით შეეძლო ევლო.

***
გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა. თავის შექმნილში. მახსოვს, ერთხელ ჩემი და ამირანის თვალწინ გამოიგონა, როგორ შეუყვარდა ერთი გოგო. მონოსპექტაკლების დიდოსტატი იყო. როგორ ახერხებ ამას-მეთქი?- ვკითხე. ეს შენ გამაგებინე, როგორ წერ და როდინდელს წერ შენს ლექსებში, რა იცი, რომ ეგრე წერო? - ასე შემიბრუნა კითხვა.
***
ჩვენი სამივე შვილი გოდერძიმ მონათლა. საამისოდ სპეციალურ კურთხევას იღებდა. ერთხელ ღამით მოვიდა და ჩემს სამივე შვილს მოუტანა ჟურნალი, სადაც მისი "ცასწავალა" იყო დაბეჭდილი. სამივეს გაუკეთა წარწერა. "მინდია, შენი ნათლია მთვრალია." "ანანო, შენი ნათლიაც მთვრალია". “მარიამ, შენი ნათლია ხომ მთვრალია და მთვრალია."
***
მისთვის რამდენი სათქმელი დამიგროვდა. რამდენ რამე ვეტყოდი... მენანება, ძალზედ მენანება, რომ სამყაროს თვითონ ვეღარ ხედავს.
10/21/2025