კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
77 წლის ასაკში პოეტი ვაჟა ხორნაული გარდაიცვალა. პოეტი ფშავში, სოფელ ზემო კაწალხევში დაიბადა. ვინც ეს სოფელი იცის, დაგვერწმუნება, რომ არაგვის ამ ულამაზეს ხეობაში დაბადებული კაცი, უთუოდ პოეტური სულის უნდა ყოფილიყო. ბუნების ენასაც ადვილად გაუგებს და ლექსადაც გადმოგვცემს. ასე იყო ვაჟა ხორნაულიც.
***
"XX-XXI საუკუნეების გენიოსი პოეტი ვაჟა ხორნაული იმიერ საქართველოში გაემგზავრა...
უკეთილშობილესი და თავმდაბალი ადამიანი თავისი სიდიადის მიუხედავად, გენიალური ვაჟა ხორნაული დაკარგა საქართველომ!
თანავუგრძნობ ოჯახს და მისი უნიკალური შემოქმედების გულშემატკივრებს!
ნათელში განისვენოს დიდი ვაჟიკას სულმა!
ვუსამძიმრებ საქართველოს,ამ,უფაქიზესი სულის კაცის წასვლას! ნათელი!" - წერენ სოციალურ ქსელში.
* * *
ქვის მსროლელი
ყელამდე ოქროშია,
ოქრომჭედელს
ენატრება ნამცეცი ოქროსი.
* * *
დერეფანში ვიღაცა დადის
და ნაბიჯების ხმაზე ეტყობა,
რომ არც მომავალში
დაინდობს დარდი…
* * *
სიცოცხლე –
გაბზარულ ხელადაში
ჩასხმული წყალივით.
* * *
დარდის ციცაბოებს
სიყვარულის
წრიაპებით დაკიდებული.
* * *
ვარსკვლავები ერთად რომ ენთებოდნენ,
ვარსკვლავები ერთად რომ ქრებოდნენ,
ვინღა იფიქრებდა,
რომ სამყარო ღმერთის შექმნილია?!
* * *
ერთი სტრიქონია
ცხოვრება მთელი:
“ველოდი. ველი.”

***
გთავაზობთ ელენე სალარიძის ინტერვიუს ამონარიდს.
ვაჟა ხორნაული: ცოტა უცნაურია, მაგრამ ჩემი ლექსები მაგიდასთან არ იქმნება. მე ბუნების წიაღში ვარ ყოველდღე. ყოველ დილით მუხიანიდან თბილისის ზღვაზე მივდივარ ფეხით... ნელი სირბილით გავდივარ 10-15, ზოგჯერ 20 კილომეტრსაც. 5 კილომეტრის გავლის შემდეგ, ხდება რაღაც სასწაული: კუნთები აკეთებენ თავის საქმეს, გონება მუშაობს თავისთვის. სამაგიეროდ, იქიდან ყოველთვის მოვდივარ ახალი სტრიქონებით, სტროფებით, ლექსებით დახუნძლული... მახსოვრობას ვენდობი. ლექსებს გონებაში „ვწერ" და მერე, შინ დაბრუნებულს გადამაქვს ფურცელზე. ხანდახან „დამკარგვია" ერთი-ორი ლექსი, მაგრამ მერე აღმიდგენია ხოლმე.
– ლოცვასა და ლექსს რა აქვს საერთო?
– ძალიან ბევრი რამ. მით უმეტეს, რაც უფრო დიდია პოეტი, მისი ლექსი მით უფრო ემსგავსება ლოცვას. ვაჟა-ფშაველა გავიხსენოთ: „ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, მძინარეც ამას ვდუდუნებ"... ამაზე კარგი ლოცვა წარმოუდგენელია.
– მოწყენის ჟამს რას კითხულობთ?
– „ვეფხისტყაოსანს"... ყოველი ახალი წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ ვკითხულობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს უძირო და უნაპირო ოკეანეა, რომლის სიღრმეებშიც ოქროს თევზებს ვერავინ დაითვლის...
- დღევანდელი ყოფითი პრობლემებიდან რა დააღწევინებს თავს პოეტს?
– პოეტს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ საუკუნეში ყოველთვის უჭირდა. პოეტი სამოთხეშიც რომ დასვათ, მას მაინც ბევრი ტკივილი ექნება! იგი მაინც განიცდის დროის გასვლას, ამინდის ცვალებადობას, სიჭაბუკის დაკარგვას, პირველი სიყვარულის გაქრობას, წუთისოფლის სიმუხთლეს... პოეტს ისევ პოეზია თუ უშველის. მორიელის ნაკბენს ისევ მორიელის შხამი შველისო... და კიდევ, სიმართლე უშველის პოეტს, ღმერთთან ყოფნა გადაარჩენს. დალხენილი პოეტი მე ვერ წარმომიდგენია. გოეთეს უზარმაზარი, უმშვენიერესი ცხოვრება ჰქონდა, მდიდარიც იყო, მაგრამ სულში რამხელა ტკივილებს ატარებდა... ილია ჭავჭავაძე გავიხსენოთ, ხომ თითქოს არაფერი აკლდა, არც ფული, არც სიმდიდრე... მაგრამ გული ჭრილობებით ჰქონდა სავსე... ქვეყნის სატკივარი სტკიოდა...
- და მაინც, რა ადგილი უჭირავს სიყვარულს თქვენს შემოქმედებაში?
– უმთავრესი და უპირველესი! იმასაც გეტყვით, რომ არ არის აუცილებელი, სიყვარული მაინცდამაინც ქალისადმი ან ღვინისადმი იყოს მიმართული... პოეტს ხომ მთელი სამყარო უყვარს და ბედნიერია, როცა შინაგანად ღმერთთან ახლოსაა და სიყვარულის ნიჭი აქვს... ჩემი რწმენით, პოეზიის ტაძარი და, საერთოდ, მთელი სამყარო სიყვარულის სანთლების გარეშე წარმოუდგენელია...
12/21/2025