საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე, სოციალურ ქსელში საკმაოდ მძიმე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის დეტალურად ხსნის, თუ რატომ მიაჩნია, რომ მისი შვილის მკვლელობა, ნია იმნაძის მხრიდან, დაკვეთა იყო.
გთავაზობთ ვრცელი პოსტის ნაწყვეტს.
"ჩემთვის ამ პოსტის დაწერა სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
მივმართავ მკვლელობის დამკვეთი ნია იმნაძის ოჯახს:
თქვენ იპოვეთ ერთი ადამიანი, ვისთანაც ერთხელ მაინც, ნებისმიერი ფორმით რამე გადაცდომა ჰქონია გიგა ავალიანს, თუნდაც ბავშვობაში უბრალო წყენა; თუ მოახერხებთ, მოისყიდეთ კიდეც! ოღონდ, უნდა დაამტკიცოს, რომ გიგას იცნობდა!
სიტყვა გამიგრძელდება, მაგრამ დეტალებს უნდა ჩავყვე.....
პირველი კურსიდან ვამზადებ მოსწავლეებს, ბოლო 8 წელია, ამზადებდნენ ჩემი შვილებიც. ყველამ იცის, რომ არც ჩვენ ვაცდენთ გაკვეთილებს და არც მოსწავლეს ვაძლევთ უმიზეზოდ გაცდენის უფლებას....
გიგას წელს ჰყავდა 56 მოსწავლე, ჯგუფში იჯდა 4-4 ბავშვი, ანუ 14 ჯგუფი!
ნია იმნაძის ჯგუფმა მეცადინეობა დაიწყო 1 სექტემბერს, იმნაძე შემოუერთდა 12 სექტემბერს. მის ჯგუფს მანამდე გაკვეთილები ჰქონდა 1; 5; 7; 8 სექტემბერს. ჯგუფს რომ არ ჩამორჩენოდა, გიგას უნდა აენაზღაურებინა ეს 4 გაკვეთილი, თუმცა, რადგან იმნაძე თავის გაკვეთილებსაც აცდენდა და აღდგენაზე რას მოვიდოდა, აღდგა მხოლოდ ერთი, 13 სექტემბერს, 18:30 სთ-ზე.
როგორც ვთქვი, იმნაძე გაკვეთილებს აცდენდა, არც საბაზისო ცოდნა ჰქონდა, არც სწავლის სურვილი, რის გამოც ჩვენ მისი გაშვება გვინდოდა და ამას დავამტკიცებ ოფიციალურად, დოკუმენტალურად!
ჯგუფის დანარჩენი 3 მოსწავლე, კატეგორიულად უარყოფს, რომ გიგას რაიმე ინტერესი გამოეჩინოს ვინმეს მიმართ. ეს, რაც საქმის მასალებშია, თორემ მე კი ვიცი ჩემი შვილი რა სპეტაკიც იყო.

26 სექტემბერს ნია იმნაძემ გააცდინა გაკვეთილი, მე დავურეკე დედას; დედას გაუკვირდა, თუმცა დიდად არ შეშფოთებულა. მე ვურჩიე, რომ ჯობდა ნიას სხვა საგანი აერჩია, ვინაიდან მათემატიკას სჭირდებოდა შრომისმოყვარეობა.
როგორც შემდეგ სოციალური გვერდებიდან გავარკვიეთ, იმნაძე იმ დროს, როცა გაკვეთილი უნდა ჰქონოდა, იყო ,,მუშტაიდში", სავარაუდოდ, იმ დროს მის გვერდით იყო მისი თვენახევრის გაცნობილი შეყვარებულიც. (იყო თუ არა შეყვარებული მასთან, ამის ანტენებით გადამოწმებას ვითხოვ 7 ნოემბრის შემდეგ!)
ალბათ, დედამ დაურეკა და კითხა რატომ არ იყო გაკვეთილზე და.....
აქ დაიწყო ყველაფერი!....
სამყარომ არ მაპატია, რომ მოსწავლე მოვიკითხე დედასთან და გარყვნილი, პირსისხლიანი მკვლელების ხელით მომიკლა ანგელოზი, სპეტაკი, ზეპატიოსანი, გაწონასწორებული, გენიოსი შვილი..." - წერს ეკა კუპატაძე ფეისბუქზე.
01/13/2026