Logo

რელიგია

"ექიმი აფრთხილებს, სანამ აბორტს გაიკეთებ, ეს ლექსი წაიკითხეო. ამ იავნანამ ბევრი ბავშვის სიცოცხლე იხსნა" - მამა თავმასის ემოციური ისტორია

"ექიმი აფრთხილებს, სანამ აბორტს გაიკეთებ, ეს ლექსი წაიკითხეო. ამ იავნანამ ბევრი ბავშვის სიცოცხლე იხსნა" - მამა თავმასის ემოციური ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დეკანოზი თავმას ჩოხელი ჯვრის მამის ტაძრის მღვდელმსახურია. ორი კრებულის ავტორი იავნანებით არის ცნობილი. მისი 73 ლექსიდან 62 ამღერდა, უმეტესობა დათო არჩვაძის მიერ. “იავნანების” ციკლს კი, მის შემოქმედებაში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

"მთის ხალხს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა გვიყვარს. იავნანას მხოლოდ დედები არ ასრულებენ, მამებიც მღერიან" - ამბობს მამა თავმასი.

სასულიერო პირის დაწერილ იავნანებს თავისი ადრესატები ჰყავს: შვილები, მეუღლე, დედაღვთისმშობელი…

თავად კი ყველაზე მეტად მაინც “მამის იავნანა” უყვარს და ეძვირფასება, რომელზეც ამბობს – “ვუძღვნი ჩემს შვილს, ჩემს უკურნებელ ტკივილს, ვაჟა ჩოხელს, რომელიც უფლისგან შექმნილ სამყაროს ვერ ხედავს.”

დეკანოზი შვილს დაბადების დღეს ულოცავს და ფეისბუქზე წერს:

"მე მაინც მიყვარხარ.. წუთისოფელო.

დღეს ხომ შენი დაბადების დღეა, ოცდაერთი წლის გახდი. ოცდაერთი წელია თვალებში გიყურებ და ვერ მხედავ, მაგრამ გრძნობ, როგორ უყვარხარ შენს დაღლილ მამას და შენი თბილი ხელებით მეფერები, ჩემო თბილგულა და თბილხელება ბიჭო, ოცდაერთი წელია ყოველდღე მეშინია მეტი არაფერი გაგიჭირდეს... მე შენ ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და გულში რომ ჩაგიკრავ მაშინაც მენატრები.. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ამღერებულო ტკივილო.. ჩემო მამის იავნანავ, გფარავდეს და სწყალობდეს შენს სიცოცხლეს მაღალი ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უფალს ებარებოდე ვაჟიკო ჩოხელო, შენ, ჩემი ძნელი ცხოვრების ტკივილიანო სიხარულო,
მე შენ მიყვარხარ, ჩემო შვილო"..♡

***

მამა თავმას აქვს ემოციური ლექსი – “ნუ მომკლავ, დედა”, რომელიც აბორტის საწინააღმდეგო პროპაგანდაა.

"სინანულით ვუძღვნი აბორტით მოწყვეტილ გულმოკლულ ჩვილებს და უგულო დედებს.

პოსტერი დამზადდა, რომელზედაც უფალი დასტირის აბორტით მოკლულ მუცლადმყოფ ჩვილს, მასზე ჩემი ლექსია დაბეჭდილი. ეს პოსტერი ბესო ჭყოიძემ დაამზადა (ათასი ეგზემპლარი) და სამშობიარო სახლების 80 პროცენტს მაინც გავუგზავნეთ.

ვიცი, რომ ერთ-ერთ კლინიკაში, ორსულ ქალბატონებს ექიმი ამ პოსტერისკენ გზავნის, სანამ აბორტს გაიკეთებ, ეს ლექსი წაიკითხეო. როგორც ექიმისგან ვიცი, ოთახში ცრემლიანი თვალებით და შეცვლილი აზრით ბრუნდებიან დედები. ამ ლექსმა ბევრი ბავშვი გადაარჩინა…" - ამბობს სასულიერო პირი.

პოსტერი

"ნუ მომკლავ, დედა, მინდა, ვიცოცხლო და ქართველობის ვწიო ჭაპანი,

გპირდები, ჩემით იამაყებენ ჩემთვის უცნობი მამა–პაპანი.

ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს, დედა, უტყვი ვედრებით მე ამას ვითხოვ,

მინდა, გიყვარდე, შევიგრძნო მინდა, შენი ალერსი და შენი სითბო.

იებს დაგიკრეფ აპრილის თვეში, სიფრიფანა და ლურჯთვალა იებს,

მინდა, ვიცოცხლო, შენ კი ილოცე, ნუ მაქცევ მიწად, ნუ გამაციებ.

თუ ნანობ, მინდა, რომ გაგიქარვო, სულის ტკივილი, გულის დარდები,

უფალს ვთხოვ, დედა, შეგინდოს ცოდვა უმანკო ჩვილის არდაბადების.

მე გაზაფხულზე სიმღერად მოვალ, შენი ცხოვრების ტკივილებს წავშლი,

იმ ქვეყნიდანაც დაგეხმარები, ღვთით მოვლენილი, უმანკო ბავშვი.”

ავტორი: ზმნა

03/04/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024