Logo

"სანამ ცოცხალი ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვეო" - როგორ ურიგებდა საცოლეს მამას ქალიშვილი

"სანამ ცოცხალი ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვეო" - როგორ ურიგებდა საცოლეს მამას ქალიშვილი

10/09/2026

ტექსტის ზომა

არის ისტორიები, რომელიც ნოველებს ჰგავს, ან ფილმებს, მოკლემეტრაჟიანს, საფიქრალს რომ ტოვებს; რაღაც საღერღელს რომ აგიშლის. ასეთია ეს პატარა ამბავიც, რომელიც ფეისბუქზე გვანცა ყიფიანმა მამაზე დაწერა.

***

"ერთი ქალი მომეწონა.
ძალიან მომეწონა მამაჩემისთვის.
პირველად მომეწონა.
ვუთხარი:
- მამი, ესა და ეს ქალი გავიცანი აქა და აქ და უეჭველი უნდა გაიცნო, ზუსტად ვიცი, ძალიან მოგეწონება და ცოლად მოიყვან-თქო.

მას მერე, რაც დედა გარდაიცვალა, მამას არასოდეს უფიქრია ცოლის შერთვაზე, შეიძლება უფიქრია, მაგრამ სულ ასე ამბობდა:
- სხვა ქალს ვერ შემოვიყვან ოჯახში, გვანცა არ დამიჩაგროსო.

ხელი ამიქნია და არ მაინტერესებსო, მითხრა. ყველაფერი ვცადე: ერთი თვე არ ველაპარაკებოდი, ვიჩხუბე, ვიტირე, ვიყვირე, მაგრამ არაო. ვერ გავტეხე.

მერე შესასვლელი კარი გავაღე და სანამ გამომეკიდებოდა, იქედან დავუძახე:
- შენზე იცი, რას ამბობენ-მეთქი?
- რასო?
- მაგი „იმნაირია“, თორე ამდენი წელი ცოლს მოიყვანდაო.
ეგრევე მივიხურე კარი და გავიქეცი.
ვერ დამეწია.
საღამოს, „კურიერი“ რომ დასრულდა, ხმადაბლა მითხრა -ზეგ წავიდეთ და ვნახოთ ის ქალიო.

ჰო, დამავიწყდა მეთქვა - ეს ქალი სხვა ქალაქში ცხოვრობდა, მაშინ მე სტუდენტი ვიყავი და მანქანა არ მყავდა, ამიტომ დავაწექით „მარშუტკით“.
ისე ცხელოდა, თავმოყვარე ადამიანი გარეთ არ გავიდოდა. მამამ ჩაიცვა თეთრი პერანგი, შალის შარვალ-კოსტუმი, გულის ჯიბეში ჩაიცურა პატარა, კბილებდაჭყლეტილი სავარცხელი და სამი ცხვირსახოცი.
ჩავედით.
- ტაქსი გავაჩეროთ, ზური, ფეხით არ წამიყვანო ამხელა გზაზე-თქო.
- მოიცა, ჯერ საქმეები მაქვსო, ყვავილები და „ბანბანერკა“ უნდა ვიყიდოო.
- რა გოიმობაა, რა დროს „ბანბანერკაა“-მეთქი.
- მაშინ არ წამოვალო.
მაგ დროს, თან იმ ქალაქში ესე არ იყიდებოდა ყვავილები. გავედით ქალაქის მეორე ბოლოში წრიული ავტობუსით, ვიყიდეთ ჩემსიმაღლე დებილი ყვავილები როა, განტოტვილი - ეგ და „ბანბანერკა“, ოღონდ მერე კიდევ 300 მეტრი ვიარეთ გაზეთი რომ გვეშოვა, რაშიც ამ ბანბანერკას გავახვევდით, რადგან მამაჩემის აზრით, ისე მიტანა უკულტურობა იყო.
თან ნუ გავიწყდებათ, რომ ამ ქალაქში უფრო ცხელა, ვიდრე თბილისში და ისეთი დაღლილი ვარ, არც მამაჩემის ცოლი მინდა და აღარაფერი.
როგორც იქნა მივედით.
ბოლო ძალები მოვიკრიბე და... ბიცოლა-მეთქი დავუძახე.
გამოვიდა.
სანამ მოდიოდა, მამაჩემს გავხედე და მოეწონა რა, ხომ ვიცნობ ზურას...
მოვიდა, გადამკოცნა, მამაჩემი გავაცანი და მაშინ შევამჩნიე, რომ ეზოში რაღაცა ძალიან ბევრი ხალხი ირევა.
- უი, ხო მშვიდობაა-თქო?
- კიო, ჩემი ნიშნობის სუფრას ვამზადებთო, მორცხვად ჩაიღიმა.
- ვისი-მეთქი?- ვერ დავიჯერე.
- ჰო, ამ ასაკში დამაძალესო - დამიზუსტა.
თან ამ ყვავილებზე უყურებს მამაჩემს ცოტა გაკვირვებული.
- ჩვენ ჩვენების საფლავზე ჩამოვედით-მეთქი და წავალთ აბა, აღარ მოგაცდენთ, მოსასალმებლად დაგიძახეთ-მეთქი.
მოვტრიალდი და მოვდივარ, მინდა გავიქცე, მაგრამ თავი არ მაქვს. მამაჩემსაც უნდა გამომეკიდოს, მაგრამ იმასაც არ შეუძლია.
თან ვიცინით გიჟებივით, დახოცვამდე.
ეს გრძელი ყვავილები უჭირავს ხელში და მესვრის მთელი გზა, მომხვდება-გაივლის, აიღებს და თავიდან მესვრის.
ასე ვიარეთ კარგა ხანს.

კაცის იტორია


ბოლოს, უკვე სიარული რომ აღარ შემეძლო, გავჩერდი და დავუძახე:
- კაი, შევრიგდეთ ახლა, მე რა ვიცოდი თუ იმ ქალს 55 წლის ასაკში გაეხსნებოდა ბედი-მეთქი.
კარგიო, დამეთანხმა.
- შენი იმედი ჩემს მტერს ქონდეს, გვანცა, მარა ისიც ცოდვაა... ერთ რამეს გთხოვ - სანამ ცოცხალი ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვეო.
შევპირდი და შევუსრულე.
დღეს 9 წელი გავიდა, რაც მამა აღარაა.
მის სახელს არ უხდება სევდა. ალბათ, ამიტომაც გამახსენდა ეს ამბავი.



კაცის იტორია

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026