Logo

ინტერვიუ

საოცარი ისტორია კაცისა, რომელიც 42 წელია სიმსივნესთან ერთად, ხილვებში ცხოვრობს

საოცარი ისტორია კაცისა, რომელიც 42 წელია სიმსივნესთან ერთად, ხილვებში ცხოვრობს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გოდერძი მაღლაფერიძე თავის ისტორიას საჯაროდ პირველად ჰყვება. ჩვენი რესპონდენტი უფალმა თავის ეკლიან გზაზე დააყენა, მძიმე სენთან აბრძოლა - რა არ გამოატარა. 21 წლის იყო ფიზიკურად რომ დაუძლურდა, თუმცა უფალთან ერთობამ გააძლიერა, ხილვების წყალობით კი სულ სხვა ადამიანად იქცა. მიხვდა, რომ სენი მხოლოდ ეხმარებოდა სულის წვრთნაში.

"ზმნა" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს 67 წლის იმერელ კაცთან, რომლის ორგანიზმში უფლის ნებითა და საკუთარი რწმენით, სიმსივნემ პროგრესირება შეწყვიტა და 42 წელია, გოდერძი მასთან ერთად ცხოვრობს.

გოდერძი მაღლაფერიძე: ფიზიკური უძლურების მიუხედავად ილოცეთ, უფალთან ერთობაში იყავით და სულ სხვა სიხარული მოგიცავთ. უფალთან ერთობას მოაქვს განახლება, უზომო სიხარული და მადლი.

მე ჩემ მაგალითს მოგიყვებით. სიკვდილს ბევრჯერ ვარ გადარჩენილი. გაციების გამოც არაერთხელ მოვხვედრილვარ საავადმყოფოში. მაგრამ მესამე კლასში ავარიაში მოვყევი. დაზიანებული მქონდა ნერვული სისტემა. აგონიაში მაქვს ცხოვრება გატარებული. რახან იოლად ვცივდებოდი, ანთებითი პროცესი წასულა და გადაიზარდა სიმსივნეში. მირჩიეს, სასწრაფოდ მოსკოვში გაემგზავრეო. პროფესორ კირპატოვსკისთან მოვხვდი. ორმაგ სხივებს მიკეთებდა. ვგრძნობდი, რომ ცუდად ვიყავი და დიდხანს ვერ ვიცოცხლებდი. მაშინ ექიმები პირდაპირ არ გეუბნებოდნენ, რამდენი ხნის სიცოცხლე გქონდა დარჩენილი. მომცეს საბუთები და ექვს თვეში ჩამოდი კონსულტაციაზეო, მითხრეს. მივხვდი, რაშიც იყო საქმე... მოკლედ, სამწლიანი მკურნალობის შემდეგ დავბრუნდი ქუთაისში. 21 წლის ვიყავი. თვალები ჩამიყვითლდა. მეზობელმა მკითხრა, თვალებში ყვითელი საღებავი ხომ არ გაქვს ამოსმულიო. ფეხზე ვერ ვდგებოდი, თავბრუსხვევები მქონდა, სკამს ვეყრდნობოდი. ჩამოვედი და საწოლში ჩავწექი...

ღმერთის თავიდანვე მწამდა. ბაბუა იყო მორწმუნე. რომ ხედავდნენ მე განსხვავებული დამოკიდებული მქონდა ჩვენი სარწმუნოების მიმართ, შაყირობდნენ, აბა, სად არის იესო ქრისტე, გვაჩვენეო. მე კიდევ, ბავშვობიდან რომ ვავადმყოფობდი, ეკლესიაში შევიდოდი და ღმერთს ველაპარაკებოდი, ალბათ, საჭიროა და ამიტომ ვარ ასე ცუდად-მეთქი. ერთხელ გაზეთში ვნახე წმინდა გიორგის ხატის ფოტო და მისი ისტორია, ამოვჭერი, გავამრავლე და სხვადასხვა მისამართებზე ვგზავნიდი, ქუთაისის შემოგარენში, მიტოვებულ ტაძრებში ვტოვებდი...

ერთხელ რაღაც ძალამ ჩემთვის მათქმევინა: უფალო, მიჩვენე ყველაზე სწორი გზა, რა გზას გავყვე-მეთქი. ამის თქმა და უცებ გამოჩნდა დედისტოლა ქალის სახე, შევკრთი რაღაცნაირად, ისეთი მშვიდი და სასიამოვნო სახე ჰქონდა, არ ვიცი, ვერ დავიჩემებ - ღვთისმშობელი იყო თუ ანგელოზი და მითხრა - „სახარება!“ და გაქრა. მერე ისევ გაჩნდა და თქვა იგივე - "სახარება" და ისევ გაქრა. საათს დავხედე და დილის 5-ის 20 წუთი იქნებოდა. რაღაცამ დამქაჩა სხეულზე, წამოვჯექი და ლოცვანი ავიღე. დავიწყე კითხვა. ამ დღის შემდეგ ჩემს თავს არ ვეკუთნი. 1983 წელი იყო...

- რას გულისხმობთ, ჩემს თავს არ ვეკუთვნიო, რომ ამბობთ?

- უფლის გზას შევუდექი. მორწმუნეებთან დავამყარე კავშირი. ჯერ ისევ სუსტად ვიყავი, ვყანყალებდი. ზოგი ჩემთან მოდიოდა სტუმრად, ხან მე მივდიოდი ტაძრად. მოწამეთაში რომ მივედი, მგალობლებს გაუკვირდათ - ეკლესიაში ახალგაზრდა არავინ შემოდისო და აქ როგორ მოხვედიო. იმ დროს ახალგაზრდას მართლა იშვიათად ნახავდით ტაძარში. მე ჯვარს ვატარებდი. ჯვრის გამო შემეძლო თავი შემეკლა ვინმესთვის. მერე ჩემმა დამ ახალი აღთქმა მომიტანა. ერთ ქალს უჩუქებია მისთვის.

და ახალი აღთქმა მომივიდა სახლში! გადავშალე და პირველი, რაზეც გადაიშალა იყო იოანეს სახარების მეთხუთმეტე თავი, სადაც ქრისტე ამბობს, ვისაც მე ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს მცნებებსო. ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და ღმერთს აღთქმა დავუდე - უფალო, აწი შენს მცნებებს დავიცავ-მეთქი. მას შემდეგ, უფლის მადლით ათი მცნება არ დამირღვევია. მყავს 89 წლის მოძღვარი.

გოდერძი მაღლაფერიძე

სოფელ რიონის მონასტერში დავდივარ, მამა ნიკოლოზ პიტნავასთან. ჩემი ადრინდელი მოძღვარი გელათის მონასტრის კელიაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა, მამა იოსებ ბურჯანაძე.

- როგორ წავიდა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- პროცესი შეჩერდა და 1983 წლიდან დღემდე, სიმსივნე არის ჩემს ორგანიზმში, გამაგრებულია. ახლა 67 წლის ვარ. სამედიცინო დიაგნოზით კარგა ხნის გარდაცვლილი უნდა ვიყო, დაახლოებით 42 წლის. უფალმა ჩემი დაავადება შეაჩერა. რამდენიმე წლის წინ ახლობელმა საფრანგეთში ჩემი დიაგნოზი აჩვენა ექიმს. ეს ადამიანი ცოცხალი არ უნდა იყოსო, ექიმმა უთხრა ჩემზე. მაგრამ სასწაული მოხდა! ვინც ეს ისტორია იცის, ყველა ერთმნიშვნელოვნად აღიარებს, რომ ჩემი აქამდე ცხოვრება, სასწაულია.

გამიგონია, სიმსივნე კი არა, ყოვლის შემძლე უფალს, დამპალი ორგანიზმი აღუდგენია და ჩვილი ბავშვის სხეულივით განუახლებია.

უფალი ადამიანს ავადმყოფობას უტოვებს ორგანიზმში, თავმდაბლობა რომ შესძინოს. უძლურება მაკურნებელია. ავადმყოფობა გვეხმარება, რომ არ გავმედიდურდეთ, ამპარტავნებაში რომ არ ჩავვარდეთ.

- ოჯახი არ შეგიქმნიათ?

- არა, რახან მთელი ცხოვრება ვიავადმყოფე, ოჯახის შექმნა ვერ გავრისკე, ვეღარ გადავწყვიტე... ჩემს დასთან ერთად ვცხოვრობ.

გოდერძი მაღლაფერიძე

- ხილვებზე შეგიძლიათ მოგვიყვეთ?

- ცხადია, ყველას ვერ მოვყვები... თუ ვინმეს ჩემი ისტორია დაეხმარება და რწმენაში გააძლიერებს, ვეცდები მოვყვე...

ქუთაისთან ახლოს არის სოფელი ჭოლევი, სადაც ბავშვობა მაქვს გატარებული. ნათესავებთან მივდიოდი ზაფხულობით, სუფთა ჰაერზე. ერთ საღამოს, დეიდაშვილთან ერთად ვიჯექი, ხილვა რომ მქონდა. ჩემს წინ ციცინათელასავით ნათება გაჩნდა და წავიდა ოწესის მთისკენ... და ასე დაიწყო ხილვების სერია.

მერე დაკვირვებამ მიჩვენა, რომ ხილვიდან მეოთხე დღეს, ჩემში ძალა შემოვიდოდა და მანამდე თუ სუსტად ვგრძნობდი თავს, ამ ხილვის შემდეგ, ენერგიულად ავრბოდი ოწესის მთაზე, თან ხმამაღლა ვყვიროდი - უფალო, დიდება შენდა-მეთქი... მოვილოცებდი მთას და ჩამოვიდოდი ქვევით. ეს იყო ოცი წლის წინ... მსგავსი რამ რამდენიმე წელიწადი მეორდებოდა.

თავიდან ეჭვი შევიტანე, ეშმაკი ხომ არ მატყუებს და შეცდომაში ხომ არ შევყავარ-მეთქი, მაგრამ თანდათან უფალმა დამარწმუნა, რომ ეს მისგან იყო. იქ ასული ძალას ვგრძნობდი. დეიდა მაშინ ცოცხალი იყო და მითხრა, არ ახვიდე, მგლები შეგჭამსო. მგელი შემაშინებდა? უფლის მადლი რომ გადმოვიდოდა და მთაზე ასვლის სურვილი მოვიდოდა, გავრბოდი და ლოცვით ავდიოდი. დიდ მადლს ვგრძნობდი იმ მთაზე, საოცარ კურთხევას... ამის გადმოცემა რთულია.

- რა არის ოწესის მთაზე, რატომ აჰყავდით ნათებას?

- ოწესის მთის წვერზე ადრე მონასტერი ყოფილა. ახლა მისი ნანგრევებია იქ. ოწესის მთა გელათის მონატერს უყურებს. მტრის შემოსევების დროს, ოწესის მთაზე ცეცხლს აანთებდნენ და გელათში მტრის შემოსევის ამბავს ასე ანიშნებდნენ.

მამა იოსებს რომ ვუამბობდი ამ ხილვის შესახებ, ბერად აღიკვეცე მონასტერშიო, მეუბნებოდა. და მერე ოწესის მთაზე მონასტერი რომ აშენდება, წინამძღვრად დაინიშნებიო. მაგრამ ვუპასუხე, მამაო, ჩემს თავზე არ ვარ დამოკიდებული და ჩემით ვერ გადავწყვეტ-მეთქი.

სერიოზული გამოცხადება მქონდა, რომელსაც ვერ მოგიყვებით. ველოდი მის აღსრულებას. რახან არ ახდა, ჩავალაგე ტანსაცმელი და ძამას ხეობაში წავალ-მეთქი, გადავწყვიტე. მაგრამ რახან საკმარისი თანხა არ მქონდა, ჯერ გელათში ავალ-მეთქი, ჩემთვის დავიგეგმე. დავწექი, კედლისკენ ვარ გადაბრუნებული, მძინავს. ვიგრძენი, ორჯერ რაღაც ტყვიასავით მომხვდა ზურგში. გადმოვბრუნდი და ოთახში შემოვიდა სინათლე. და ისმის ხმა - აქეთ გამოდი. წავყევი და ისევ ოწესის მთასთან ამიყვანა უფალმა.

იქნებ ვინმემ თქვას, რომ ეს ყველაფერი მომეჩვენა. ახლა გეტყვით: სხვა ადამიანებსაც ჰქონდათ შემჩნეული ამ მთაზე მინიშნება იმისა, რომ უფალი ითხოვს ყურადღებას.

- მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფალმა იმიტომ არ გაგიყვანათ ამ ქვეყნიდან, რომ რაღაც მისია გაქვთ შესასრულებელი?

- ალბათ, ასეა. მისია მაქვს შესასრულებელი. და ეს მისია ოწესის მთას უკავშირდება... ამ წმინდა ადგილას, ალბათ, ტაძარი ისევ უნდა დაბრუნდეს.

ნაწინასწარმეტყველებია, ღვთის სიტყვა საქართველოდან გავაო.

მამა იოსებთან ვთქვი, ღმერთი ითხოვს მისიონერული მოძრაობის შექმნას-მეთქი. მან მითხრა, ოწესის მთაზე ისევ აშენდება ტაძარიო...

არავინ ჩამითვალოს, რომ თავი რამედ წარმომიდგენია. მე საერთოდ არ მინდა გამოჩენა. ოღონდ გამოჩნდეს გზა...

თავად უფალი მოაგვარებს ყველაფერს, თავის დროზე, თავისი რჩეულების გამოყენებით... დაველოდოთ...

გოდერძი მაღლაფერიძე

- რას ურჩევთ ადამიანებს?

- უფალს თუ არ დავუჯერებთ, დავისჯებით. უფლის სიტყვა აუცილებლად სრულდება.

საქართველოზე დიდი კურთხევაა. ჩვენ ვართ აღმოსავლეთში, საიდანაც საქადაგებლად წავა სიტყვა... ანტიქრისტე ფესვებს ყველგან გაიდგამსო, ხომ არის ნაწინასწარმეტყველები, დაიწყება ქრისტიანების დევნა, მაგრამ საქართველოდან გავლენ საქადაგებლად და ამხელენ ანტიქრისტეს. უფლის ძირითადი სიტყვა ჩვენგან უნდა წავიდეს.

უფალზე ხშირად ვესაუბრები ხალხს. დიდი ქადაგი მე არ ვარ, მაგრამ ყველას მუდმივად მოვუწოდებ რწმენაში განმტკიცებისკენ და უფლის გზაზე შედგომისკენ.

დაიხსომეთ, უძლურებაში მყოფი ადამიანი უახლოვდება ქრისტეს. პავლე მოციქული "ტრაბახობდა", როცა ვარ უძლური, მაშინ ვარ ძლიერიო. როცა ვავადმყოფობთ, ქრისტეს ძალა მკვიდრობს ჩვენში.

"დიდება უფალს" იმეორეთ. არ იწუწუნოთ. მიჰყევით მის ნებას. ბრძოლები სულ მაქვს. ეგ იქნება და უნდა გავუძლოთ. არ შეშინდეთ. უფალს რომ მიენდობი, რისი უნდა შეგეშინდეს? უფლის ნებას უნდა მივყვეთ და არა ჩვენ როგორც გვინდა.

უფალს რომ მიენდობი, ის გზას აუცილებლად გამოაჩენს. პენსიაზე ვარ და მყოფნის, რაც აუცილებელია, ღმერთი მაძლევს. არ მეშინია. ხვალ რა იქნება უფალს მივანდოთ. უფალი არ გვტოვებს. გულში ლოცვაც შეგვეწირება. გაფიქრება, ორი სიტყვა - მოიხმეთ ღმერთი, დედა ღვთისმშობელი. "იესოს ლოცვა" ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ. რაც შეგიძლიათ სიკეთე აკეთეთ. დაიცავით ათი მცნება. ილოცეთ.

მამა პაისის ხილვაც მქონია, მამა გაბრიელიც გამომცხადებია... ჩემს მობილურ ტელეფონში მამა გაბრიელის ხატი გაჩნდა. ამას ვინ დაიჯერებს?

მამა გაბრიელი

ახლა ოთხი დღის წინ, ჩემი და კლინიკაში მოვათავსე, მე სახლში ვიყავი, ვახსენებდი უფალს, ვლოცულობდი და გამოჩნდა თვალი, რომელიც მე მიყურებდა. არა ამქვეყნიური თვალი იყო და უცებ სასიამოვნო აურა დადგა, ნათელი მოეფინა... საოცარი შეგრძნება წამოვიდა, სასწაული ნუგეში, მადლი... მივხვდი - ქრისტეს თვალი იყო! ახლა ველოდები, რა უნდა მოჰყვეს ამ ხილვას...

ბოლოს იმას ვიტყვი, უნდა ვეცადოთ, ვისწავლოთ ყველა გვიყვარდეს, ვაპატიოთ ყველას. განსაკუთრებით ვისაც იესო სწამს, ისინი უნდა დავაფასოთ, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვაობისა, რადგან ნახეთ, იესო ქრისტე მამის წინაშე ამისათვის ლოცულობს; იოანეს სახარების მეჩვიდმეტე თავში წერია. უფალი შერიგებისკენ მოგვიწოდებს. ეს არ ნიშნავს ეკუმენიზმურ გაერთიანებას. ხოლო უფლის მიერ შერიგება აუცილებლად მოხდება. ეს წერია მალაქია წინასწარმეტყველში და სოფონია წინასწარმეტყველის დავდებ: სოფ. 3:9 [9] რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ. უფალში გაძლიერდით. უფალმა დაგლოცოთ!

ავტორი: თამარ გონგაძე

12/29/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024