ეს არ გამოგრჩეთ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია" - ამ ფრაზის და სახუმარო, უწყინარი ტყუილების გარეშე, ეს რიცხვი არ ჩაივლის.
მაინც საიდან მოდის საპირველაპრილო ხუმრობებისა და მოტყუების ტრადიცია?
რამდენად არის 1 აპრილის აღნიშვნა ქართული ტრადიცია?
ეთნოლოგები ამბობენ, რომ 1 აპრილის აღნიშვნა ქართული ტრადიცია არ არის და ისტორიულ წყაროებში ამის შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. საპირველაპრილო ხუმრობების თქმას ქართველები უფრო საბჭოთა პერიოდიდან იწყებენ.
თსუ-ის პროფესორი, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი: „საპირველაპრილოდ მსოფლიოში ტყუილის თქმის თემა ფართოდ არის გავრცელებული და ქართულ ენაში ასე გამოიხატება — „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“.
ტრადიციულ ქართულ ყოფაში, ამ ერთგვარი ტრადიციის შესახებ, ინფორმაცია არ მოგვეპოვება საბჭოთა პერიოდამდე. ზოგადად, თუ როგორ დამკვიდრდა ეს ტრადიცია მსოფლიოში, რამდენიმე ვერსია არსებობს. ფიქრობენ, რომ ძველ რომში ერთ-ერთი დღესასწაული, სწორედ ამ ტყუილის წარმოქმნისა და მასხარაობის თემას მოიცავდა. მეორე მოსაზრება არის ის, რომ ეს წესი დაამკვიდრეს ქრისტეს ჭყობელებმა, რადგან აღდგომის დღესასწაული აპრილის დასაწყისს ემთხვევა ხოლმე და საპირველაპრილო ხუმრობებს ქრისტეს აღდგომის ურწმუნობის თემას უკავშირებდნენ (მორწმუნე ადამიანებს დასცინოდნენ, ვისაც აღდგომის სჯეროდა). ჩემი აზრით, არანაირი ჰუმანური არც საწყისი და არც არსი ამ წესს არ აქვს.“
აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია „პირველ აპრილს“ „სიცრუის დღის დადგინებისა და ქრისტეს აღდგომის უარყოფის ნიშნად“ მიიჩნევს: „თითქოსდა ყველასთვის უწყინარი, სახუმარო და ლამის აუცილებელი ტყუილი, რომელიც ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს, ეს არის საპირველაპრილო ტყუილი. ამ უცნაურ ტყუილებს ჩვენშიც ბევრი ამბობს და, ამასთან, წარმოდგენაც არა აქვს, თუ საიდან იღებს დასაბამს იგი და რა მკრეხელობის თანამონაწილე ხდება ყველა, ვინც ასე იქცევა! დიახ, ეს „უწყინარი“ ჩვეულება - საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს!“ — ეწერა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
03/31/2026