ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ლევან კბილაშვილის გარდაცვალებიდან სამ წელიწად ნახევარი გავიდა, თუმცა საკმარისია, მომღერლის დედამ ფეისბუქზე რამე დაწეროს, რომ მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვება და პოსტს სააგენტოებიც აქვეყნებენ.
ამას წინათ, მელიტა ფურცელაძემ დაწერა, რომ მისი მეუღლე ავადაა და მან გარდაცვლილი შვილის სულს სთხოვა: "ილოცე მამაშენისთვის, შვილო, ილოცე, რომ ფეხზე დადგეს. მაგრამ ღირს კი ჩვენი აქ ყოფნა? შენთან ერთად გვინდა ორივეს".

31 წლის მომღერლის უეცარი გარდაცვალების მიზეზი ანევრიზმა აღმოჩნდა. დაბადების დღე გადაიხადა და რამდენიმე დღეში მარადისობაში გადაინაცვლა...
რეალობას თვალს ვერც ახლა უსწორებენ ოჯახის წევრები. მომღერლის საფლავზე მისი ფოტო არ არის. დედა, ლევანთან მიმართებაში, არც სიტყვა "საფლავს" ახსენებს. "ჩემს ლევანიკოსთან მივდივარ" - ამბობს და იქ, შვილთან, საათობით დგას ყინვასა თუ სიცხეში. დედის ნუგეშად შვილის გამოგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები რჩება და ის უზარმაზარი სიყვარული, რაც დიდ ენერგიად ტრიალებს სახელის და გვარის გარშემო - ლევან კბილაშვილი...

"ზმნა" მომღერლის დედის, ქალბატონი მელიტა ფურცელაძის ინტერვიუს გთავაზობთ. მან მოგვაწოდა იმ ოთახის ფოტოები, რომელიც ლევანის გარდაცვალების შემდეგ, მის მუზეუმად იქცა...

მელიტა ფურცელაძე: ლევანის ოთახი-მუზეუმი დავასრულეთ და მოვაწყეთ - მისი ნივთებით, მუსიკალური ინტსრუმენტებით, მოსკოვიდან ჩამოტანილი თუ სახლიდან აღებული ყველა იმ საგნით, რაზეც ხელი ჰქონდა მოკიდებული, რაც მას უკავშირდება;
ყველაფერი ამ ოთახშია. მისი ნახატებიც იქ გვაქვს. ხატვა კოვიდის დროს დაიწყო. და ისეთი ნამუშევრები გამოუვიდა, თითქოს მთელი ცხოვრება ხატავდა.



აბსტრაქტულიც აქვს, სხვადასხვა თემაზე შექმნილი ნახატები, პორტრეტებიც... ხატავდა გუაშით, ზეთით.
მოსკოვში კოვიდი რომ შეხვდა, არ მითხრა. რომ ვესაუბრებოდი, სახლში ვარ, სახლში ვარო, ამბობდა, თუმცა კამერას არ რთავდა, ათას რამეს იმიზეზებდა და ავადმყოფობის დროს არ მენახებოდა. ალერგიული იყო და მედიკამენტებზე ვაფრთხილებდი, რისი მიღება არ შეიძლებოდა მისთვის. ეჭვი მქონდა, რომ კარგად არ იყო, მაგრამ თვითონ არ მეუბნებოდა. იმ დროს დაუწყია ხატვა...


დიდხანს გაუგრძელდა კოვიდი. ერთხელაც მითხრა, ვხატავო და ჩართო კამერა. ნახატი რომ მაჩვენა, გამიკვირდა... მისი ეს ნიჭი აღმოჩენა იყო ჩემთვის. იჯდა და თავისუფალ დროს ხატავდა.
ჩვენ თიანეთში აგარაკი გვაქვს და საქართველოში რომ ჩამოდიოდა, აგარაკზე ხშირად გარბოდა. სამეგობრო იქ იკრიბებოდა, რჩებოდნენ, იქ უყვარდათ ყოფნა. ბოლოს მითხრა, ეს ნახატი არ მაქვს დამთავრებული, იყოს აგარაკზე და რომ ჩამოვალ, დავამთავრებო... სახლში წამოვიღე, იქ არ გაფუჭდეს-მეთქი. ვერ დაასრულა... ვინც ნახატებს ნახულობს, უკვირთ, ასე როგორ ხატავდაო.
ყველას მოსწონს ეს ოთახი.

მე ნაკლებად შევდივარ. არ შემიძლია...
ჩემთვის შვება იყო, მე და ჯემალი საფლავზე რომ მივდიოდით დილა-საღამოს, ყოველდღე. იქ კატეგორიული უარი ვთქვი ლევანიკოს სურათის გაკეთებაზე. ვერ წარმომედგინა იქ ლევანის სურათი რომ დამხვედროდა. სიტყვა "საფლავსაც" არ ვამბობ. ვამბობ, ლევანიკოსთან მივდივარ-მეთქი. არ მსურს რეალობას ჩავხედო თვალებში. ისე მივდივარ, რატომ - არ ვიცი.
- თქვენ გეწერათ, რომ მეუღლე ავადაა...
- საფლავზე, ყინვაში, საათობით ვიდექით... ზამთარში მარმარილოზე დგომისგან ფეხი გვეყინებოდა, მაგრამ არ მოვდიოდით. შედეგად - მეც ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და მეუღლესაც. კლინიკაში სიარულზე, ექიმთან გასინჯვაზე და მედიკამენტებზე, ორივემ კატეგორიული უარი ვთქვით. მაგრამ უარესი დაგვემართა. ვერ გავთვალეთ, რომ ჯანმრთელობის ასე შეგნებულად შერყევით, ოჯახის წევრებს პრობლემებს შევუქმნიდით. რა იქნება, არ ვიცი. იქ ჯობია ჩემ შვილთან, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ არ უნდა ჩვენი წაყვანა.
- ასეთი ძლიერი ემოციური კავშირისას, ხშირად ესიზმრებათ გარდაცვლილი...
- გუშინ დილით ვნახე. თითქოს მოსკოვიდან დამირეკა და მითხრა, რაღაც პროექტი კეთდება საქართველოშიო. არ მახსოვს, ვისზე ვუთხარი, დუეტში უნდა იმღეროს-მეთქი. ვკითხე, გინდა აქ იმღერო-მეთქი? ბოლოს სულ იმას ნატრობდა, ერთი კონცერტი გამაკეთებინა საქართველოშიო... ეს წაყვა ჯავრად და დარდად... როგორც ჩანს, ახლაც ეს უნდა...
რთულია, მაგრამ რა ვქნა? თავს ვერ იკლავ ადამიანი, მაგრამ ყოველ დღე უარესი და უარესია. ჩემთვის მძიმეა ისიც, რომ სულ აქტუალურია, ახსენებენ, წერენ, აზიარებენ მის ვიდეოებს.
ლევანიკოს ნამდვილი მეგობრები სულ ჩვენთან არიან, არ გვტოვებენ. ხომ არის, ასეთ დროს, ბოროტდებიან დედები - არავის დანახვა არ უნდებათ. მე პირიქით ვარ, ბიჭები რომ არ გამოჩნდებიან, თვალები მაწყდება მათკენ ყურებაში, ან ვურეკავ, ვკითხულობ...

ახალ ტელეფონში "ვოთსაფს" სანამ გაასწორებდნენ და ლევანის ხმოვანი შეტყობინებების გადატანის საკითხი მოგვარდებოდა, გიჟს ვგავდი. მართალია, ვერ ვუსმენ ვერც ხმოვან შეტყობინებას, ვერც ნამღერს, ხმა გათიშული მაქვს და ისე ვუყურებ ვიდეოებს, მაგრამ იმედად მაქვს ეს შეტყობინებები და ძალიან რომ გამიჭირდება, მაშინ ჩავრთავ; იქიდან მესმის: "დე, ჩავფრინდი", "დე, ჩამოვფრინდი", "ლიფტში შევედი", "დე, სახლში ვარ", "დე, დაგირეკავ..." ვერ ვუსმენ... მაგრამ იმედია, რომ მის შეტყობინებებს ვხედავ. ამ ილუზიებში ვცხოვრობ...

ერთდერთი, რასაც ჩემს თავს ვერ ვპატიობ და მუდმივ თვითგვემაში ვარ, არის ის, რომ ვერ გავიგე, რა ჭირდა. როგორ გამომეპარა! არასდროს უთქვამს, თავი მტკივაო. ეს რომ დაცდენოდა, წავიყვანდი ექიმთან. ასეთ დღეში რომ მხედავენ, შვილები მეუბნებიან - რატომ უნდა წაგვეყვანა "ემერტეს" გადასაღებად, როცა საამისოდ არაფერს უჩიოდაო. ახლა რომ ვიგებ, ვიღაცას ანევრიზმა აღმოაჩნდა და მკურნალობის შემდეგ კარგად არისო, მე გული მისკდება, იქნებ შეიძლებოდა და მეც მეშველა ჩემი შვილისთვის-მეთქი... მე ვერ გავიგე. არადა, ყველგან პატარა ბავშვით დამყვებოდა. ხელჩაკიდებულები დავდიოდით. ყველა დედას თავისი შვილი ჯანმრთელი ჰყავდეს...
მადლობა თქვენ, ჩემი შვილის გახსენებისთვის...
მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, რომ ახსოვთ ჩემი შვილი. ჩემთვის დიდი იმედია ის, რომ ასე უყვართ. კომენატრებს რომ ვკითხულობ, გული მეგლიჯება. რანაირად დასტირის ეს ხალხი, ან რანაირ კომენატრებს წერენ. ერთი უარყოფითი კომენტარი არ არის. ვინც არ იცნობდა, ისინიც თბილად იხსენებენ. უარესი მემართება, მაგრამ ასე მგონია, ამ ყველაფერს ლევანიკო კითხულობს და შემეხმიანება.
01/10/2026