Logo

ჯანმრთელობა

სარეცხი საპონი, ზელიონკა, შალი წელზე - მაია ბუწაშვილი საბჭოთა მედიცინის მითებზე

სარეცხი საპონი, ზელიონკა, შალი წელზე - მაია ბუწაშვილი საბჭოთა მედიცინის მითებზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ სამედიცინო მითებზე საუბარს აგრძელებს, რომლებმაც ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან გაიდგა ფესვი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მედიცინა განვითარების ახალ საფეხურებს იპყრობს, მითები, რომლებიც ჩვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუების დროს წარმოიშვა და გავრცელდა, დღესაც აქტუალურია.
განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან, დღესაც ხშირად გაიგებთ რჩევებს, რომლებსაც თანამედროვე მედიცინასთან საერთო არაფერი აქვთ, თუმცა იმდენად ღრმადაა გამჯდარი ჩვენს წარმოდგენაში, რომ ხშირად ვერც კი გაგვირკვევია ეს ყველაფერი მითია თუ სინამდვილე.
ამჯერად ექიმი ინფექციონისტი ყურადღებას რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ მითზე ამახვილებს.

"ხშირად ვწერ ხოლმე სამედიცინო მითებზე და საბჭოთა მედიცინის გადმონაშთებზე და აი კიდევ რამდენიმე:

სარეცხის საპნით დაბანა გამონაყარის დროს

საპონი

არაერთი პაციენტი მეუბნება, რომ ამ მეთოდს იყენებს.

არავითარი სამედიცინო მტკიცებულება სარეცხის საპნის სარგებლიანობაზე ინფექციური თუ არაინფექციური გამონაყარის დროს არ არსებობს. პირიქით, აშრობს და აღიზიანებს კანს.

ძმრიანი “ნასკები” სიცხის დროს

წინდები

არც ამას მოაქვს სარგებელი, სამაგიეროდ ძმრის სუნი ისედაც სიცხით დატანჯულ ადამიანს ნერვებს უშლის და კანიც შეიძლება გააღიზიანოს. დროებით შეიძლება კანი ადგილობრივად გააგრილოს, უბრალოდ სველი რომ არის იმიტომ.

ხაჭოს აუცილებლობა ორსულისთვის

ხაჭო

ბევრ ორსულს ტანჯავენ ოჯახის წევრები (განსაკუთრებით დედამთილები) ხაჭოს დაძალებით. არადა, თუ არ უყვარს ადამიანს ეს ხაჭო, რატომ უნდა ჭამოს?

თუ მაინცდამაინც როგორც კალციუმის წყარო გვინდა, უამრავი სხვა საშუალება არსებობს, თუნდაც რძის სხვა პროდუქტები.

ადრეც ვწერდი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აღშფოთდა, ისევ გავიმეორებ, რომ “ზელიონკა” არ არის ცივილური მედიცინის ნაწილი და არავითარი სარგებელი არ აქვს. უმრავლესობა ისე იყენებს ან ურჩევს სხვას, რომ საერთოდ არ იაზრებს, რა აზრი აქვს მის გამოყენებას.

ზელიონკა

ისეთ მითებზე, როგორიცაა ანტონოვკა ვაშლი და ბროწეულის წვენი ჰემოგლობინის ასაწევად (დღეში 30-50 ცალი ბროწეული უნდა მიიღო, რომ რკინის დღე-ღამურ მოთხოვნილებას მიუახლოვდე); “ახალგათხოვილზე” წელზე შალის შემოხვევა, რომ ქალს წელი არ გაუცივდეს და სხვა უცნაურობები, ამაზე კომენტარიც არ ღირს," - წერს მაია ბუწაშვილი.

ავტორი: ზმნა

06/03/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024