
09/11/2026
"მეხუთე ელემენტში" ნინო კასრაძემ სახის მოვლასა და რუტინაზე ისაუბრა. მსახიობი ამბობს, რომ მისი კანი ბოტოქსს ვერ იკავებს, რადგან ძალიან თხელია.
ნინო კასრაძე: მე მაქვს როზაციისკენ მიდრეკილი კანი, T ზონაში და ზამთარ-ზაფხულ ვისვამ მზისგან მაღალი დამცველობით გამორჩეულ საცხს.
კორონას დროს, საფრანგეთში ცხოვრებისას, კორეულ საცხს მივაგენი, მაგრამ ჩემთვის არ იყო განკუთვნილი და შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე კანი გამიმუქდა და გარქოვანდა. ნიღაბივით იყო, გაგიჟდა დერმატოლოგი. არასწორად შერჩეულმა საცხმა კანი ასე დამიზიანა. მერე, ცხადია, დერმატოლოგიური მკურნალობით, მომიწესერიგდა.
ვიცი, მზე მავნეა ჩემთვის, ამიტომ ვიყენებ სხვადასხვა დამატენიანებელს და მაღალი SPF-ის შემცველ საცხს. თვალის ქვეშ პაჩებსაც ვიკეთებ.
საერთოდაც, თვალის ლაზერული კორექცია გავიკეთე. და სარკეში რომ ჩავიხედე და ჩემი თავი დავინახე, გული გამისკდა! მეგობრებო, მინდა გითხრათ, ძალიან ცუდად არის საქმე. ძალიან ცუდად. ჩემი სახე საჭიროებს რაღაცას.

- პროცედურებზე რა აზრის ხართ? ბოტოქსი, გელი, ინექციები...
- მე ვთვლი, რომ არ უნდა გაიკეთო. მე ჩემს თავზე ვიტყვი. მაქვს ძალიან თხელი კანი. ახალგაზრდობაში ამბობდნენ, რა ლამაზი თხელი კანი გაქვსო. ეს თხელი კანი "დამთავრდა" იმით, რომ ზემოთ რომ გაიკეთო რაღაც (ბოტოქსი), ქვემოთ ჩამოდის. ვერ იჭერს. ჩემთვის კატეგორიულად არ შეიძლება არაფრის გაკეთება, არანაირი გელის.

ახლა ბოტოქსზე გეტყვით. 15 წლის წინ, ერთ-ერთი ფილმის გადაღების წინ გავიკეთე ბოტოქსი. ორი-სამი დღე ხომ უნდა, რომ გამაგრდეს და გამოჩნდეს. მე მივედი სახლში, გავაღე კარი და ბავშვებმა და ჩემმა ქმარმა ერთად შეიცხადეს - ვაიმე, დედაო! ისეთი დაქაჩული გამომეტყველება გამიხდა.
ესე იგი ჩემთვის არ შეიძლება. ამას წინათ პროცედურა ჩავიტარე, აქვს პატარა შედეგი. მაგრამ ჩემს კანს ქირურგიული ჩარევის გარდა, ვფიქრობ, არაფერი ეშველება.
გააზიარე სტატია